ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

1213. ვაჲ, საწუთროო, სიცრუით თავი სატანას ადარე! შენი ვერავინ ვერა ცნას, შენი სიმუხთლე სად არე; პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ, სად არე? მით ვხედავ, ბოლოდ სოფელსა ოხრად ჩანს ყოვლი, სად არე!

1214. ფატმან იტყვის: “მომეშორვა მზე, მნათობი სრულად ხმელთა, სიცოცხლე და სულ-დგმულობა, მონაგები ჩემთა ხელთა; მას უკანით გაუწყვედლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა, ვერ გავახმი წყარო ცრემლთა, თვალთა ჩემთა გადმომღვრელთა.

1215. “სახლნი და შვილნი მომძულდეს, ვჯდი უგულოთა გულითა, მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმეძინის ლულითა; უსენ, გამტეხი ფიცისა, მიჩს უსჯულოთა სჯულითა, ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა.

1216. “დღესა ერთსა, საღამო-ჟამ, — ჩასლვა იყო ოდენ მზისა — წავდეგ წინა დარიჩათა, კარი მიჩნდა ხანაგისა; ვიგონებდი, სევდა მკლვიდა მისისავე გონებისა, ვთქვი: “კრულია ზენაარი ყოვლისა - მცა მამაცისა”.

1217. “მოვიდა სითმე ღარიბი, მონა მოყვსითა სამითა, მონა მონურად მოსილი, სხვანი მგზავრულად ხამითა; სასმელ-საჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა, სმიდეს, ჭამდეს და უბნობდეს, სხდეს მხიარულნი ამითა.

1218. “მე ვუყურებდი, ვუჭვრეტდი; თქვეს: “ამოდ გავიხარენით, მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით, არცა არა ვიცით, ვინ ვინ ვართ, ანუ სით მოვიარენით, ხამს, ერთმანერთსა ამბავი ჩვენიცა ვუთხართ ბარ ენით”.

1219. “მათ სხვათა მათი ამბავი თქვეს, ვითა მგზავრთა წესია; მონამან უთხრა: “ჰე, ძმანო, განგება რამე ზესია: მე მარგალიტსა მოგიმკი, თქვენ ქვრიმი დაგითესია, ჩემი ამბავი ამბავთა მაგათგან უკეთესია.

1220. “მე ვარო მონა მეფისა მაღლისა, ქაჯთა მფლობლისა; მათ მიხვდა ცემა სენისა, მათისა დამამხობლისა: მოგვიკვდა შემწე ქვრივისა, შემწყნარებელი ობლისა, აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის, უკეთესი მშობლისა.

1221. “დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა ლოდია, ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია; მას უსხენ წვრილნი ძმის-წულნი: როსან და ერთი როდია, აწ იგი ქაჯეთს მორჭმული ქვე ზის, ხელმწიფე სწოდია.

1222. “გვესმა ამბავი, ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა, შეიჭირვებდეს ვაზირნი, დაშალეს ქმნა ხალვათისა, ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა, ხმელთა მნათისა? როშაქ მონაა, თავადი მონისა ბევრის ათისა.

1223. “როშაქ ბრძანა: ”მო-ცა-ვინ-მკლას, მე ტირილსა არ დავჰხვდები. მინდორს წავალ, ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები, შინა მოვალ შოვებული, ადრე ზედა მოვესწრები, მეფე დისა დატირებად წავიდოდეს, წა-ცა-ვჰყვები”.

1224. “ გვითხრა მისთა ხელისათა: “წავალ, თან წამომყევით!” წაგვიტანა მონა ასი, ყველაკაი მისგან რჩევით. დღისით, მზისით ვმეკობრობდით, ღამეთაცა ვიყვნით თევით; დია ვლეწეთ ქარავანი, ლარი ჩვენკე გარდმოვდევით.

1225. “მინდორ-მინდორ მოვდიოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა, დიდნი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა; ვთქვით, თუ: მზეა ნუთუ ზეცით ჩამოჭრილი ზედა ხმელსა! დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა.

1226. “ზოგთა ვთქვით: არის ცისკარი; ზოგთა ვთქვით: არის მთვარეო; მას დარაზმულთა მივჰმართეთ, ახლოს- მცა ვნახეთ ბარეო! შორს მოვუარეთ, მივედით, შემოვადეგით გარეო; მით ნათლიდაღმა გამოხდა ხმა, ჩვენი მოუბარეო.

1227. “გვითხრა: “ვინ ხართ ცხენოსანნო? თქვენ სახელნი თქვენნი თქვენით: გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ, მერიდენით!”. ესე გვესმა, მოვადეგით, ალყად გარე მოვერტყენით, პირ-მზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით.

1228. “ვუჭვრიტეთ პირსა მნათობსა, ელვათა მაელვარებსა; მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა; ძვირ-ძვირად გვეუბნებოდა სიტყვასა რასმე წყნარებსა, კბილთაგან შუქი შეადგა ზედან გიშრისა სარებსა.

1229. “კვლა ვეუბენით მას მზესა ტკბილ-მოუბრითა ენითა. არ მონა იყო, ტყუოდა, ჩვენ ესე შევიგენითა; როშაქ შეატყო ქალობა, გვერდსა წაუდგა ცხენითა, აღარ გავუშვით, დაჭირვა ვჰკადრეთ ხელითა ჩვენითა.

1230. “კვლა ვჰკითხეთ: “გვითხარ მართალი საქმე შენ მზებრ ნათელისა, ვისი ხარ, ვინ ხარ, სით მოხვალ მანათობელი ბნელისა?” მან არა გვითხრა, გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა. რა საბრალოა გავსილი მთვარე, ჩანთქმული გველისა!

1231. “არცა რა ცხადი ამბავი, არცა რა დასამალავი, არა არ გვითხრა, ვინ იყო, ან ვისგან ნამუხთალავი; ქუშ-ქუშად გვეუბნებოდა, კუშტი, თავისა მკრძალავი, ვითა ასპიტი, მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი.

1232. “როშაქ გვიბრძანა: “ნუ ჰკითხავთ, აწ თურე არ-სათქმელია, ამისი საქმე უცხოა, საამბობლადცა ძნელია; ბედი მეფისა ჩვენისა არსთაგან სანატრელია, მით რომე ღმერთი მას მისცემს, რაც უფრო საკვირველია.