... (H-302), 1803 წ.

99. მით ერთითა მათრაჴითა, თავი ასრე გარდაჰფრიწა, ვითა მკუდარი უსულო ჰქმნა, ვითა მიწა დაამიწა, მისი რასმე მკადრებელი, სისხლ დადენით გააბიწა, თუალთა წინა წაგვივიდა, ლაღი კუშტი ამაყი წა-

100. აღარ დაბრუნდა წავიდა, წყნარად და აუჩქარებლად, აგერა მივა ნახეო, იგი მზეებრ და მთუარებლად, შორს უჩუჱნებდეს ავთანდილს, მტირალნი გაუხარებლად, ოდენ ჰსჩნდა შავი ტაიჭი, მისი მის მზისა მარებლად-

101. აჰა მიჰხუდა ავთანდილსა, ღაწვთა ცრემლით არ დათოვნა, რადგან ცუდად არ წაუხდა, მას ეზომი გარეთ ყოვნა, კაცსა მიჰხუდეს საწადელი, რას ეძებდეს მისი პოვნა, მაშინ მისგან აღარა ჴამს, გარდასრულთა ჭირთა ჴსოვნა-

102. უთხრა თუ ძმანო ვარ ვინმე, ღარიბი უადგილოსა, მე იმა ყმისა საძებრად, მოვშორდი საგაზრდილოსა, აწ თქუენგან მივხუდი საქმესა, ყოლა არ საადვილოსა, ღ~თიმცა ნურას ნუღარ იქმს, თქუჱნსა დასაღრეჯილოსა-

103. ვითა მე მივხუდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა, აგრემცა ღ~თი ნურას იქს, ძმისა თქუენისა ვნებასა, უჩვენა მისი სადგომი, მიდითო იქს ნება ნებასა, ჩრდილსა გარდასვით მაშურალნი, მიეცით მოსვენებასა-

104. ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა, ვითა გავაზი გაფრინდა, მართ გაშვებული ხეზითა, ან მთვარე მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა, დაივსო ცეცხლი შემწველი, მისითა მან მიზეზითა-

105. მიეწურა იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს, საუბარმან უმეცარმან, შმაგი უფრო გააშმაგოს, ჰხამს თუ კაცმან გონიერმან, ძნელი საქმე გამოაგოს, არ სიწყნარე გონებისა, მოიძულოს მოიძაგოს-

106. რადგან ისი არის სადმე, უცნობოდ და ისრე რეტად, რომე კაცსა არ მიუშვებს, საუბრად და მისად ჭურეტად, მივეწევი შევიყრებით, ერთმანერთის ცემა ჟლეტად, ანუ მამკლავ ანუ მოვჰკლავ, დავიკარგეთ მეტის მეტად-

107. ავთანდილ იტყვის ეზომი, ჭირნიმცა რად ვაცუდენი, რაცაღა არის არა არს, თუმცა არ ედგნეს ბუდენი, სადაცა მივა მივიდეს, რამცა მოვლიდეს ზღუდენი, მუნითგან ვჰძებნნე ღონენი, ჩემნი არ დასამრუდენი-

108. წინა უკანა იარეს, ორნი დღენი და ღამენი, დღისით და ღამით მაშურალნი, არ შეჭამადთა მჭამელნი, არსადა ხანი არ დაჰყუჱეს, არცაღა თუალისა წამენი, მათ თუალთა ცრემლნი სდიოდა, მინდორთა მოსალამენი-

109. დღისით ჰვლეს და საღამო ჟამ, გამოუჩნდეს დიდნი კლდენი, კლდეთა შიგან ქუაბნი იყვნეს, პირსა წყალი ჩანადენი, წყლისა პირსა არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი, ხე დიდრონი თუალ უწთომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი-

110. მან ყმამან ქვაბსა მიჰმართა, განვლნა წყალნი და კლდენია, ავთანდილ ცხენსა გარდახდა, მონახა დიდნი ხენია, მას ზედა ჭურეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია, მუნით უმზერდა იგი ყმა, მივა ცრემლ მინადენია-

111. რა ტყენი განვლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა, ქუაბისა კარსა გამოდგა, ქალი ჯუბითა შავითა, ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღუათაცა შესართავითა, იგი ყმა ცხენსა გარდახდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა-

112. ყმამან უთხრა დაო ასმათ, ხიდნი ზღუასა ჩაგვიცვივდეს, ვეღარ მივჰხუდით ჟამიერად, ჩვენ ვისიცა ცეცხლნი გვწვიდეს, ესე ჰსთქუა და მკერდსა ჴელნი, იკრნა ცრემლნი გარდმოსწვიმდეს, ქალი შებნდა მოეხვია, ერთმანერთსა სისხლი სწმიდეს-

113. იგი ტევრი გაეხშირა, დანაგლეჯსა მათსა თმასა, ერთმანერთსა ეხვეოდეს, ყმა ქალსა და ქალი ყმასა, იზახდიან მოსთქმიდიან, მოსცემდიან კლდენი ჴმასა, ავთანდილ ჰჭურეტს გაკვირვებით, მათსა ეგრე ქცევა ქნასა-

114. სული დაიღეს მან ქალმან, დასთმო გულისა წყლულობა, ქუაბს შეიყუანა ტაიჭი, მოჰჴადა აკაზმულობა, მას ყმასა შეჰხსნა შეიღო, აბჯრისა წელ მორტყმულობა, შინა შევიდეს მას დღესა, გარდაჴდა გამოსლილობა-

115. ავთანდილს უკვირს ამბავი, ისი თუ ვსცნაო მე რითა, გათენდა ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა, შავსა აუდვა ლაგამი, ჰსწმენდდა რიდისა წვერითა, შეკაზმა მოაქუს აბჯარი, წყნარად არ რამე ჩხერითა-

116. მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არას აჯდა, ქალი ტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლეჯდა, ერთმანერთსა მოეხვივნეს, აკოცა და ცხენსა შეჯდა, ასმათ აგრე დაღრეჯილი, კულავ უფრორე დაიღრიჯდა-

117. ავთანდილ ახლოს კულავ ნახა, სახე მისივე კაცისა, ულვაშ აშლილი წვერ გამო, ნუთუ მზეაო ჰსჰსთქუა ცისა, ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა, ასრე უჩნს მოკულა ლომისა, მართ ვითა ლომსა ვაცისა-

118. მასუჱ გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეეარა, შამბი გავლო გაეშორა, თავი მინდორს გააგარა, ავთანდილ სჭურეტს გაკვირვებით, მალვით ჴესა მოეფარა, ჰსთქუა თუ ღთ~ნ ესე საქმე, მეტად კარგად მამიგვარა-