... (S-4997), XIX ს.

1315. რა ერთმანერთი აუჩნდა მისაგებ მოსაგებავი ავთანდილ ეტყვის ტარიელს სიტყვათა დანაზებავთა აიგერა ხედავთ მინდორთა მტვერითა შენაღებავთა ამად მედების სახმილი გულსა ეცხება ებავთა

1316. ისია ჩემი გამზრდელი და თქუენდა მოგებებულა იქი ვერ მივალ მრცხვენიან გულსა სახმილი დებულა ჩემად არაკად სულდგმული კაცი არ გაწბილებულა რასაცა მიზამთ თქუენ იცით ფრიდონ თქუენადვე ხლებულა

1317. ტარიელ უთხრა კარგსა იქ შენ პატრონისა კრძალვასა აწ დადეგ იქი ნუ მოხვალ იქმცა უჩემოდ ხალვასა მე მივალ უთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა ვეჭვ ღ~თითა ადრე შეგყარო მზესა მას ტანად ალვასა

1318. მუნ დადგა ლომი ავთანდილ დაიდგა მცირე კარავი ნესტან დარეჯან მუნვე დგას იგია მჭვრეტთა მზარავი მისთა წამწამთა ნიავი ქრის ვითა ქარი არავი წავიდა მეფე ინდოთა მისრული მიუპარავი

1319. ტარიელცა თაყვანისცა მივა კოცნად სასალამოდ მეფე ყელსა აკოცებდა მართ ბაგისა დასაამოდ გაკვირვებით ეუბნების არის მისგან სათამამოდ შენ მზე ხარო შენი გაყრა არის დღისა და საღამოდ

1320. გაეკვირვა მეფე მისსა თვალადობა სიტურფესა პირსა უჭვრეტს გაკვირვებით უქებს მკლავთა სიალფესა კულავ ფრიდონცა უსალამა თაყუანისცა მან მეფესა მას მეფესა ავთანდილის ნახვისათვის მოსწრაფესა

1321. მეფე ტარიას ქებასა დაჰკრთების დაეღონების ტარიელ ეტყვის მეფეო აწ გული შენ გემონების მიკვირს თუ ეგრე სიკეთე თქვენ ჩემი რად გეგონების რადგან ავთანდილ შენია სხვა რად ვინ მოგეწონების

1322. ნუ გიკვირს მისი ვერ ნახვა და დაყოვნება ხანისა მოდი და დავსხდეთ მეფეო ამოა კორდი მწვანისა გკადრო მიზეზი მისისა თქუენს წინა ვერ მოტანისა ვიაჯი რასმე მე მართებს მოთხოვა აწ ფარმანისა

1323. დასხდეს მეფენი მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა ტარიელს პირსა ციმციმი ათქს უნათლესი ბაზმისა ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა ყოფა ქცევისა და ზმისა დაუწყო თხრობა მეფესა სიტყჳსა ბრძნად ნაკაზმისა

1324. მეფეო თავი მემცრობის მე მისად მოსახსენებლად მაგრა მოსრული თქუენს წინა ვარ შემამხვეწლად მქენებლად თვით იგი იაჯს რომელი ჩანს მზეებრ შუქთა მფენელად ვინ არის ჩემად სინათლედ და ჩემად გამათენებლად

1325. აწ ამას გკადრებთ ორნივე ხვეწით და შემუდარებით ავთანდილ დამდვა წამალი მისგან თავისა დარებით დავიწყდეს რომე პატიჟნი სჭირდეს ჩვენთავე დარებით არ გაწყენ გრძელი ამბავი არს ჩვენგან მიუმხვდარებით

1326. თქვენთა უყვარს ერთმანერთი ქალი მას და იგი ქალსა მით ვიგონებ საბრალოსა მტირალსა და ფერ ნამკრთალსა მუხლ მოყრილი გიაჯები ნუღარ აწვევ იმათ ალსა რომე მისცე ქალი თქვენი მკლავ მაგარსა გულ ფიქალსა

1327. ამის მეტსა არას გკადრებ არ მოკლესა არცა გრძელსა ამოიღო ჴელმანდილი მოინასკვა ზედან ყელსა ადგა მუხლნი დაუყარნა იაჯების ვითა მზრდელსა გაუკვირდა ყოვლსა კაცსა მის ამბისა მამსმენელსა

1328. რა ტარიელ მუხლ მოყრილი ნახა მეფე შეუზარდა შორს უკუდგა თაყუანისცა ქუე მიწამდის დაუარდა მოახსენა ჴელმწიფეო ლხინი ყოვლი გამიქარდა თქუენმან აგრე სიმდაბლემან ნახვა თქუენი ჩამადარდა

1329. ვით ეგების რაცა გწადდეს რომე კაცი არ მოგთმინდეს ანუ მშურდეს ქალი ჩემი საკუდავად და ტყუედცა გინდეს გებრძანამცა სახლით თქხენით ცრემლი არცა მაშინ გდინდეს სხვა მისებრი ვერა ჰპოვოს ცათამდისცა გაცაფრინდეს

1330. მე სიძესა ავთანდილის უკეთესა ვჰპოებ ვერა თვით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც აქვს და მას ეფერა ვარდი ახლად იფურჩნების მე ყვავილი დამებერა რამცა ვჰკადრე შეცილება რასაც ოდენ იგი ჯერა

1331. თუ შეგერთო ერთი მონა თქვენთვის არცა მაშინ მშურდა ვინმცა გკადრა შეცილება უშმაგომცა ვით მოგმდურდა თუ ავთანდილ არ მიყვარდა აგრე მისთვის რად მამსურდა დია ღ~თო წინაშე ვარ ესე ჩემგან დადასტურდა

1332. რა ტარიელ მეფისაგან ესე სიტყუა მოისმინა დადრკა მდაბლად ეთაყვანა პირსა ზედან დაეფინა კვლავ მეფემან თაყუანისცა წამორევლო წადგა წინა ერთმანერთი მოემადლეს მათ ერთსაცა არ ეწყინა

1333. ფრიდონ შეჯდა ავთანდილის მახარობლად გაექანა ესდენ დიდი სიხარული გაეხარნეს მასცა განა წავიდა და წამოუძღვა მოიყუანა მოჰყვა თანა მაგრა ირცხვის მეფისაგან შუქი ბნელად მოევანა

1334. მეფე ადგა მოეგება ყმა გარდახდა რა მივიდა ჴელთა ჰქონდა ჴელმანდილი პირსა იმით იფარვიდა მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა ქუშდებოდა ვარდსა ზრვიდა მაგრა მისსა შვენებასა რამცა ვითა დაჰფარვიდა