ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

1174. “შევე, ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლ-დასხმულად, ვჰკადრე: “მზეო, ბედმან შავმან ვით მიმუხთლა, ჰხედავ, რულად! ცა მობრუნდა რისხვით ჩემკე, იავარ-მყო, ამფხვრა სრულად, შემასმინეს, მეფე გითხოვს, ვარ ამისთვის გულ-მოკლულად”.

1175. “მან მითხრა: “დაო, ნუ გიკვირს, ეგე რაზომცა ძნელია! ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქმნელია. კარგი რა მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია! სხვა-და-სხვა ჭირი ჩემზედა არ-ახალია, ძველია”.

1176. “თვალთა, ვითა მარგალიტი გარდმოყარა ცრემლი ხშირი, ადგა ასე გულ-უშიშრად, ვეფხი იყო, ანუ გმირი, ლხინი ლხინად არად უჩნდა, მართ აგრევე ჭირად ჭირი. მთხოვა, გარე აჯიღითა მოიბურა ტანი, პირი.

1177. “შევე საჭურჭლეს, რომელსა ფასი არ დადებოდა, თვალ-მარგალიტი ავიღე, რაც ოდენ ამეღებოდა, თვითო და თვითო თვითოსა ქალაქსა ეფასებოდა, მივე, მას წელთა შევარტყი, შავ-გული ვისთვის კვდებოდა.

1178. “ვარქვი: “ჩემო, განღა სადმე გეხმარების ესეგვარი”. მათ მონათა ხელთა მივეც იგი პირი მზისა დარი. ცნა მეფემან, მოეგება; ჰკრეს ტაბლაკსა, გახდა ზარი; იგი მივა თავ-მოდრეკით წყნარი, არას მოუბნარი.

1179. “ზედა მოატყდა მჭვრეტელი, გახდა ზათქი და ზარები, ვერ იჭირვიდეს სარანგნი, მუნ იყო არ-სიწყნარები; იგი რა ნახა მეფემან, საროსა მსგავსი ნარები, გაკრთომით უთხრა: “ჰე, მზეო, აქა ვით მოიგვარები?”

1180. “ვით მზემან, მისნი მჭვრეტელნი შექმნნა თვალისა მფახველად; მეფემან ბრძანა: “გამხადა ნახული მე უნახველად, ღმრთისაგან კიდე ვინ-მც იყო კაცი ამისად მსახველად! მართებს ამისსა მიჯნურსა, ხელი თუ რბოდენ, ახ, ველად!”

1181. “გვერდსა დაისვა, ეუბნა ტკბილითა საუბნარითა: “მითხარო, ვინ ხარ, ვისი ხარ, მოსრული ვისთა გვარითა?” მან არა გასცა პასუხი პირითა, მზისა დარითა; თავ-მოდრეკილი დაღრეჯით ქვე ზის ცნობითა წყნარითა.

1182. “არ ისმენდა მეფისასა, რასა გინდა უბრძანებდა, სხვაგან იყო გული მისი, სხვასა რასმე იგონებდა; ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ უჩვენებდა, მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა, რასა-მცა ვინ იაზრებდა!

1183. “მეფე ბრძანებს: “რა შევიგნათ, გული ჩვენი რათ იხსნების? ამა ორთა კიდეგანთა აზრი არა არ იქმნების: ან ვისიმე მიჯნურია, საყვარელი ეგონების, მისგან კიდე არვისად სცალს, ვეღარცა ვის ეუბნების.

1184. “ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი, არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედას-ზედი; ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი, სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უც ვითა ტრედი.

1185. “ღმერთმან ქმნას, შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული, მე დავახვედრო ესე მზე, და-, მისთვის დამზადებული; მან ათქმევინოს ნუთუ რა, ჩვენცა ვცნათ გაცხადებული, მუნამდის მთვარე შუქ-კრთომით ჯდეს, მზისა მოშორვებული”.

1186. “ხელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა, გულოვანსა, უებროსა ზნედ და თვალად, შვენიერსა პირსა, ტანსა; მაშინ ლაშქარს წასრულ იყო, მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა, მამა მისთვის ამზადებდა მას, მნათობთა დასაგვანსა.

1187. “მოიღეს, ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა, მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა, დაადგეს თავსა გვირგვინი ერთობილისა ლალისა, მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა.

1188. “მეფემან ბრძანა: “მოკაზმეთ საწოლი უფლის-წულისა!” დაუდგეს ტახტი ოქროსა, წითლისა მაღრიბულისა; ადგა თვით დიდი ხელმწიფე, პატრონი სრისა სრულისა, მას ზედა დასვა იგი მზე, ლხინი მჭვრეტელთა გულისა.

1189. “უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომა მცველად კარისად; ხელმწიფე დაჯდა ნადიმად, მსგავსად მათისა გვარისად; უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზისა დარისად. სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისად.

1190. “გააგრძელეს ნადიმობა, სმა შეიქმნა მეტად გრძელი, ქალი პირ-მზე ბედსა ეტყვის: “რა ბედი მიც ჩემი მკლველი! სადაური სად მოსრულ ვარ, ვის მივჰხვდები, ვისთვის ხელი, რა ვქმნა, რა ვყო, რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი!”

1191. “კვლაცა იტყვის: “ნუ დავაჭნობ შვენებასა ვარდთა ფერსა, ვეცადო რას, ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა! სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა? რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!”

1192. “ხადუმნი უხმნა, უბრძანა: “ისმენდით, მოდით ცნობასა! მოღორებულ ხართ, დამცთარ ხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა, დამცთარა თქვენი ხელმწიფე, ჩემსა თუ ლამის სძლობასა, ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად, გლახ, იცემს, ნობასა.

1193. “არ ვარგ ვარ თქვენად დედოფლად, ჩემი გზა კიდეგანია; მაშოროს ღმერთმან მამაცი, პირად მზე, სარო ტანია! სხვასა რას მნუკევთ საქმესა? ჩემნი საქმენი სხვანია! თქვენ თანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია.