... (S-1727), 1837 წ.

1272. ქალმან უთხრა მემართლების: ყმაო შენი ნაუბარი჻ ფატმან ჩემი რა იცოდა: ვიყავ ვისი წანაგვარი჻ უღონიოდ არის სადმე: ჩემი ცეცხლთა მამდებარი჻ მე მიუწერ შენცა ჰკადრე: ვარ ვითამცა გულ მდუღარი჻

წიგნი ნესტან დარეჯანისა ფატმანთან მიწერილი჻

1273. პირმზე ვსწერ აჰა ხათუნო: დედისა მჯობო დედაო჻ მისგან ტყვე ქმნილსა სოფელმან: რა მიყო ამას ხედაო჻ მე გლახ მათ ჩემთა პატიჯთა: სხვაცა დამერთო ზედაო჻ აწ ვნახე შენი უსტარი: მე დიდად მეიმედაო჻

1274. შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა: გამიადვილე ჭირები჻ აწ ასრე სრულთა ქაჯთაგან: ვარ ასრე დანამჭირები჻ ერთსა მცავს ერთი სამეფო: ბევრჯელ ათასი გმირები჻ ავად მამიხდა თათბირი: და ჩემი დანაპირები჻

1275. სხვა ამბავი აქაური: მეტი რამცა მოგიწერე჻ ქაჯთა მეფე არ მოსულა: არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე჻ მაგრამ სპანი უთვალავნი: მცვენ და მათი სიალფერე჻ რასა ჰქვიან ძებნა ჩემი: არ ეგების დაიჯერე჻

1276. ვინცაღა ჩემი მძებნელი: მოსრულა ცუდ მაშვრალია჻ იჭირვის იწვის ენთების: ჩემი ჰსწვავს ცეცხლებრ ალია჻ მაგრა მას ვნატრი უნახავს: მზე ამად არ დამზრალია჻ უმისოდ ჩემი სიცოცხლე: ვაჲ მე რა დიდი ბრალია჻

1277. შენ ამბავი არ გიამბე: მაშინ ამად დაგიმალე჻ ვერ იტყოდა ენა ჩემი: თავი ჭირთა გავაკრძალე჻ გეხვეწები საყვარელსა: შემახვეწე შემაბრალე჻ ნუ წამოვა ძებნად ჩემად: მიუწერე შეცასთვალე჻

1278. მე რომ მჭირს კმარის ნუ მამკლავს: ამისითავე სწორითა჻ მას მკვდარსა ვნახავ მოვჰკვდები: მე სიკვდილითა ორითა჻ ვერას ვინ მარგებს დასტურად: ვიცი არ რამე ჭორითა჻ არ დაგმორჩილდეს დამქოლე: შავისა ქვითა ყორითა჻

1279. გეთქვა ნიშნისა გაგზავნა: აწ ესე განამჟღავნია჻ მისეულთავე რიდეთა: ნაკვეთი გამიგზავნია჻ ესენი ჩემთვის მის გამო: ტურფანი სანახავნია჻ თუცა თუ ფერად ბედისა: ჩემისა მგზავსად შავნია჻

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი჻

1280. აწ საყვარელსა მიუწერ: გულ ამოსკვნილი მტირალი჻ მისმანვე ცრემლმან დაუვსის: ვის ედებოდა ვის ალი჻ დაწერა წიგნიმსმენელთა: გულისა გასაგმირალი჻ ვარდი გააპის გამოჩნდის: მუნ ბროლი გამომჭვირვალი჻

1281. ჱე ჩემო ესე უსტარი: არს ჩემგან მონაღვაწები჻ ტანი კალმად მაქუს კალამი: ნაღველთა ამონაწები჻ მე გული შენი ქაღალდად: გულსავე ჩემსა ვაწები჻ გულო შავ გულო დაბმულხარ: ნუ აეხსნები აწ ები჻

1282. ხედავცა ჩემო სოფელი: რათა საქმეთა მქნელია჻ რაზომცა ნათობს სინათლე: ჩემთვის ეგრეცა ბნელია჻ ბრძენნი იცნობენ სწუნობენ: მით მათგან საწუნელია჻ უშენოდ ჩემი სიცოცხლე: ვაჲ მე რა დიდი ძნელია჻

1283. ხედავ ჩემო ვით გაგვყარნა: სოფელმან და ჟამმან კრულმან჻ ვეღარ გნახე საყვარელ: მხიარული მხიარულმან჻ ნეტარ რა ჰქნას უშენომან: გულმან შენგან დალახრულმან჻ გაგიცხადა დამალული: გონებამან დაფარულმან჻

1284. შენმან მზემან აქანამდის: შენ ცოცხალ არ მეგონე჻ ჩემი მეთქვა გარდასრულდა: სიცოცხლე და ყოვლი ღონე჻ აწ რა მესმა შემოქმედი: ვადიდე და ღ~თსა ვმონე჻ ჩემი ყველა აქანამდის: ჭირი ლხინსა შევაწონე჻

1285. შენი სიცოცხლე მეყოფის: ჩემად იმედად გულისად჻ გულისა ერთობ წყლულისა: და ასრე დადაგულისად჻ მომიგონებდი გახსოვდე: მე შენთვის დაკარგული სად჻ ვზი მზრდელი სიყვარულისა: მის ჩემგან დანერგულისად჻

1286. სხვად ჩემო ჩემი ამბავი: ჩემგან არ მოგეწერების჻ ენა დაშვრების მოსმენით: არვისგან დაიჯერების჻ ფატმან წამგვარა გრძნეულთა: ღ~თიმცა მის ეტერების჻ აწ კვლავ ქმნა იგი სოფელმან: რაცა მას შეეფერების჻

1287. აწ სოფელმან უარესი: ჭირი ჭირსა მომისართა჻ არ დასჯერდა ბედი ჩემი: მას პატიჟთა მრავალ გვართა჻ კვლაცა მიმცა შესაპყრობლად: ქაჯთა ძნელად საომართა჻ ბედმან გვიყო ყველაკაი: ჩემო რაცა დაგვემართა჻

1288. ციხეს ვზი ეგზომ მაღალსა: თვალნი ძლივ გარდასწვდებიან჻ გზა გვირაბითა შემოვა: ცველნი მაზედა დგებიან჻ დღისით და ღამით მოყმენი: ნობათსა არ დასცდებიან჻ მათთა შემბმელთა დაჰჴოცენ: მართ ცეცხლად მოედებიან჻

1289. ნუთუ ესენი გეგონენ: სხვათა მებრძოლთა წესითა჻ ნუცა მე მამკლავ ჭირითა: ამისგან უარესითა჻ შენ მკვდარსა გნახავ დავიწვი: ვითა აბედი კვესითა჻ მოგშორდი დამთმე გულითა: კლდისაგანც უმაგრესითა჻