... (S-1727), 1837 წ.

1154. რა მეფემან უსენს წინა: სვა მრავალი დოსტაქანი჻ კვლავ შესვეს და კვლავ აივსნეს: სხვა ფარჩა და სხვა ჭიქანი჻ დაავიწყდა იგი ფიცნი: რა მუსაფნი რა მაქანი჻ მართლად თქმულა არა მართებს: ყვავსა ვარდი ვირსა რქანი჻

1155. უთხრა დიდმან ჴელმწიფემან: უჭკუოსა უსენს მთვრალსა჻ დია მიკვირს საძღვნოდ ჩვენად: სით მოიღებ ამა თვალსა჻ მარგალიტსა დიდროანსა: უმზგავსოსა ვპოვებ ლალსა჻ ვერ გარდვიხდი თავმან ჩემან: ძღვენთა შენთა ნაათალსა჻

1156. თაყვანი სცა უსენ ჰკადრა: ჰე მაღალო ჴელმწიფეო჻ ზეცით შუქთა მამფენელო: მარჩენელო არსთა მზეო჻ რაცა სხვა მაქვს ვისი არის: ოქრო გინდა საჭურჭლეო჻ დედის მუცლით რა გამამყვა: მბოძებია თქვენგან მეო჻

1157. ამას გკადრებ თავმან თქვენმან: არა გმართებს მადლი ძღვნისა჻ სხვა რამე მყავს სასძლო თქვენი: შესართავი თქვენის ძისა჻ მას უცილოდ დამიმადლებთ: ოდეს ნახოთ მზგავსი მზისა჻ მაშინ მეტად გაამრავლოთ: თქვენ ბრძანება ნეტარძისა჻

1158. რას ვაგრძელებდე გატეხა: ფიცი სიმტკიცე სჯულისა჻ უამბო პოვნა ქალისა: მჭვრეტთაგან მზედ სახულისა჻ მეფესა მეტად იამა: მიეცა ლხინი გულისა჻ უბრძანა დარბაზს მოყვანა: სრულ ქნა უსენის თქმულისა჻

1159. მე აქა ჩემსა ამოდ ვჯექ: მუნამდის არ მიკვნესია჻ შემოდგა კარსა მეფისა: მონათა უხუცესია჻ თანა ჰყვა მონა სამოცი: ვით ჴელმწიფეთა ესია჻ მოვიდეს დია გავჰკვირდი: ვთქვი რამე საქმე ზესია჻

1160. მისალამეს ფატმან მითხრეს: ბრძანებაა მზისა სწორთა჻ დღეს რომელი უსენ შესძღვნა: ქალი მსგავსი მზეთა ორთა჻ აწ მამგვარე წავიყვანო: ვლა არ გვინდა გზათა შორთა჻ ესე მესმა და დამტყდეს: ცანი რისხვით ეცა გორთა჻

1161. მე გაკვირვებით კვლავ ვჰკითხე: რა ქალი გინდა რომელი჻ მათ მითხრეს უსენ შემოსძღვნა: პირი ელვათა მკრთომელი჻ არას მარგებდა დაესკვნა: დღე ჩემი სულთა მხდომელი჻ ავთრთოლდი ავდეგ ვეღარა: ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი჻

1162. შეველ ვნახე იგი ტურფა: მტირალად და ცრემლ დასხმულად჻ ვჰკადრე მზეო ბედმან შავმან: ვით მიმუხთლა ხედავ სრულად჻ ცა მობრუნდა რისხვით ჩემკენ: იავარმყო ამფხვრა სრულად჻ შემასმინეს მეფე გითხოვს: ვარ ამისთვის გულ მოკლულად჻

1163. მან მითხრა დაო ნუ გიკვირს: ეგე რაზომცა ძნელია჻ ბედი უბედო ჩემზედა: მიწყივ ავისა მქნელია჻ სხვადასხვა ჭირი ჩემზედა: არ ახალია ძველია჻ კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს: ავი რა საკვირველია჻

1164. თვალთათ ვითა მარგალიტი: გარდმოყარა ცრემლი ხშირი჻ ადგა ასრე გულ უშიშრად: ვეფხი იყო ანუ გმირი჻ ლხინი ლხინად არად უჩნდა: მართ აგრევე ჭირად ჭირი჻ მთხოვა გარე აჯაღითა: მოიბურა ტანი პირი჻

1165. შეველ საჭურჭლეს რომელსა: ფასი არ დაედებოდა჻ თვალ მარგალიტი ავიღე: რაც ოდენ ამეღებოდა჻ თვითო და თვითო თვითოსა: ქალაქსა ეფასებოდა჻ მივე მას წელთა შევარტყი: შავ გული ვისთვის კვდებოდა჻

1166. ვარქვი ჩემო განღა სადმე: გეხმარების ესე გვარი჻ მათ მონათა ჴელთა მივეც: იგი ტურფა მზისა დარი჻ ცნა მეფემან მოეგება: ჰკრეს ტაბლაკსა გახდა ზარი჻ იგი მივა თავ მოდრეკით: წყნარი არას მოუბარი჻

1167. ზედა მოატყდა მჭვრეტელი: გაჰჴდა ზათქი და ზარები჻ ვერ იჭირვიდეს სარაგნი: მუნ იყო არ სიწყნარები჻ იგი რა ნახა მეფემან: საროსა მსგავსი ნარები჻ გაკრთომით უთხრა ჱე მზეო: აქა ვით მოიგვარები჻

1168. ვით მზემან მისნი მჭვრეტელნი: შექნა თვალისა მფახველად჻ მეფემან ბრძანა გამხადა: ნახული მე უნახველად჻ ღ~თისაგან კიდე ვიცნმ იყო: კაცი ამისად მსახველად჻ მართებს ამისთა მიჯნურსა: ჴელნი თუ რბოდეს ახ ველად჻

1169. გვერდსა დაისვა ეუბნა: ტკბილითა საუბარითა჻ მითხარო ვინ ხარ ვისი ხარ: მოსრული ვისთა გვარითა჻ მან არა გასცა პასუხი: პირითა მზისა დარითა჻ თავ მოდრეკილი დაღრეჯით: ქვე ზის ცნობითა წყნარითა჻

1170. არ ისმენდა მეფისასა: რასა გინდა უბრძანებდა჻ სხვაგან იყო გული მისი: სხვასა რასმე იგონებდა჻ ვარდი ერთგან შეეწება: მარგალიტსა არ აჩენდა჻ მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა: რასამცა ვინ იაზრებდა჻

1171. მეფე ბრძანებს რა შევიგნათ: გული ჩვენი რათ იხსნების჻ ამ ორთა კიდეგანთა: აზრი არა არ იქმნების჻ ან ვისიმე მიჯნურია: სიყუარული ეგონების჻ მისგან კიდე არვისად სცალს: ვეღარცავის ეუბნების჻

1172. ანუ არის ბრძენი ვინმე: მაღალი და მაღლად მხედი჻ არცა ლხინი ლხინად უჩანს: არცა ჭირი ზედა ხედი჻ ვით ზღაპარი ასრე ესმის: უბედობა თუნდა ბედი჻ სხვაგან არის სხვაგან ფრინავს: გონება უც ვითა ტრედი჻

1173. ღ~თნ ქნას შინა მოვიდეს: ძე ჩემი გამარჯვებული჻ მე დავახვედრო ისი მზე: და მისთვის დამზადებული჻ მან ათქმევინოს ნუთუ რა: ჩვენცა ვსცნათ გაცხადებული჻ მუნამდის მთვარე შუქ კრთომით: ჯდეს მზისა მოშორვებული჻