... (Q-1335), XVIII ს.

1197. ვაჭარი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა საროსა მსგავსი ნაზარდი და მთუარე დღისა შუიდისა შუენის ჯუბა და მოხუევა ძოწეულისა რიდისა მე მიხმო მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა

1198. ფატმან ხათუნს გაეხარნეს გააგება მონა ათი მოუკაზმეს ქარვანსრანი დააყენა ბარგი მათი შემოვიდა ღაწვი ვარდი ბროლ ბალახში მინა სათი მისთა მჭურეტთა დაასახეს ვეფხსა ტოტი ლომსა თათი

1199. ზარი გაჰჴდა შემოაკრბეს ქალაქისა ერნი სრულად იქით აქათ იჯაროდეს უჭურიტოთო ამას რულად ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს ზოგნი იყვნეს სულწარულად მათთა ცოლთა მოიძულვეს ქმარნი დარჩეს გაბასრულად

1200. ფატმან ცოლი უსეინის გაეგება კართა წინა მხიარულად უსალამა სიხარული დაიჩინა ერთმანერთი მოიკითხეს შევიდეს და დასხდეს შინა ფატმან ხათუნს მოსულა მისი შევითვატყე არ ეწყინა

1201. ფათმან ხათუნ თუალად მარჯვე არ ყმაწუილი მაგრა მზმელი ნაკუთად კარგი შავგრემანი პირ მსუქანი არ პირ ჴმელი მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული ღვინის მსმელი დია ედვა სასალუქო დასაბურავ ჩასაცმელი

1202. მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა ყმამან უძღუნა ძღუენი ტურფა მომღებელთა თქვეს თუ ვარგა ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს ღ~თო არ დაჰკარგა სუეს და ჭამეს დასაწოლლად ყმა გავიდა ღამით გარ გა

1203. დილასა ლარი ყველაი უჩვენა გააჴსნევინა ტურფანი სეფედ გარდასხნეს ფასიცა დაათულევინა ვაჭართა უთხრა წაიღეთ აჰკიდა გააწევინა თქვა ვითა გინდა ვაჭრობდით ნუ გამაცხადებთ მე ვინა

1204. ყმა ვაჭრულად იმოსების არ ჩაიცუამს არას მისსა ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა ზოგჯერ იყვის ფატმანისსა ერთგან სხდიან უბნობდიან საუბარსა არა მქისსა ფატტმანს ჰკლვიდა უმისობა რამინისა ვითა ვისსა

ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება და წიგნის მიწერა

1205. სჯობს სიშორე დიაცისა ვისგან ვითა დაითმობის გილიზღებს და შეგიკეთებს მიგინდობს და მოგენდობის მართ ანაზდად გიღალატებს გაჰკვეთეს რაცა დაესობის მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის

1206. ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა სიყვარული მეტის მეტი მოემატა ცეცხლებრ სწვიდა დამალვასა ეცდებოდა მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა იტყვის რა ვქნა რა მერგების აწვიმებდა ცრემლთა ღვრიდა

1207. მიღმა ვუთხრა ვაი თუ გაწყრეს შეხედვაცა დამიძუირდეს თუ არა ვთქვა ვეღარ გავსძლებ ცეცხლი უფრო გამიხშირდეს ვთქვა და მოვკვდე ანუ დავრჩე ერთი რამე გამიპირდეს მას მკურნალმან ვერა კურნოს თუ არ უთხრას რაცა სჭირდეს

1208. დაწერა წიგნი საბრალო მის ყმისა მისართუმეველი მისისა მიჯნურობისა მისთა პატიჟთა მცნეველი მისთა მსმენელთა გულისა შემძრველი შემარყეველი უსტარი შესანახავი არ ცუდად დასახეველი

წიგნი ფატმანისა ავთანდილს თანა სამიჯნურო დია შიში[თ]ა

1209. ჰე მზეო ღმერთსა ვინადგან მზედ სწადდი დასაბადებლად მით შეგვქნა მოშორებულთა ლხინად არ ჭირად მწადებლად ახლოს შემყრელთა დამწუელად მათად ცეცხლისა მადებლად მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩს დასაქადებლად

1210. შენ გტრფიალობენ მჭურეტელნი შენთვის საბრალოდ ბნდებიან ვარდი ხარ მიკუირს ბულბულნი რად არა შენზედ კრფებიან შენი შუენება ყუავილთა აჭკნობს და ჩემნიც ჭკნებიან სრულად დამწუარვარ თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან

1211. ღ~თი მყავს მოწმად ვიშიშვი თქვენსა ამისა თხრობასა მაგრა რა ვირგო დღეკრულმან სრულად გავჰყრილვარ თმობასა გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა თუ რას მეწევი მეწივე თუარა მივჰჴუდები ცნობასა

1212. მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მომივიდოდეს ვსცნობდე გინდოდე საკლავად ან ჩემი რა გაგვიდოდეს მუნამდის გავსძლო სულთა დგმა გული რაზომცა მტკიოდეს სიცოცხლე ანუ სიკუდილი გარდმიწყდეს ნეტარძი ოდეს

1213. ფატმან ხათუნ დაწერა და გაუგზავნა წიგნი მისი ყმამან ასე წაიკითხა და ვინმეა ანუ თუისი თქუა არ იცის გული ჩემი ვინ მაშიკობს ვისსა ვისი რომე მიმიჩს სამიჯნურო რათ ვამსგავსო მე მას ისი

1214. თქუა ყუავი ვარდსა რას აქნევს ანუ რა მისი ფერია მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია უმსგავსო საქმე ყველაი მოკლე და მით ოჴერია რა უთქუამს რა მოუჩმახავს რა წიგნი მოუწერია