ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

1046. აქა მოსულითა გაყმდების კაცი თუც იყო ბერები჻ სმა გახარება თამაში ნიადაგ არს სიმღერები჻ ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად ფერები჻ ვინცა გვიცნობენ გვნატრიან იგინცა ვინა მტერები჻

1047. დიდ ვაჭარნი სარგებელსა ამისებრსა ვერ პოებენ჻ იყიდიან გაყიდიან მოიგებენ წააგებენ჻ გლახა თვე ერთ გამდიდრდების სავაჭროსა ყოვლგნით კრეფენ჻ უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ჻

1048. მე ვარ მებაღე უსენის ვაჭართა უხუცესისა჻ ესეცა გკადრო ამბავი საქმე მისისა წესისა჻ თვით ესე ბაღი მისია თქვენი სადგომი დღესისა჻ პირველ მას მართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა჻

1049. რა შემოვლენ დიდ ვაჭარნი მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან჻ უჩვენებენ რაც ჰქონდეს სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან჻ უტურფესა სეფედ დასხმენ ფასსა მუნვე დაუთვლიან჻ მათ მაშინვე ააზატებს ვითა სწადდეს და ჰყიდიან჻

1050. თქვენებრთა საბატიოთა მათ მართებს გამოსვენება჻ დამყენებელთა უბრძანებს მართებდეს ვის დაყენება჻ აწ იგი აქა არ არის რას მარგებს მისი ჴსენება჻ გამოგება და წაყვანა მას მართებს თქვენი ქენება჻

1051. ფატმან ხათუნ შინა არის საყვარელი არ თუ მქისი჻ პურად კარგი მასპინძელი ხათუნი და ცოლი მისი჻ მას ვაცნობო მოსვლა თქვენი წაგიყვანოს ვითა თვისი჻ წინა კაცსა მოგაგებებს ქალაქს შეხვალ ნათლივ დღისი჻

1052. ავთანდილ უთხრა წადიო აგრე ქენ რაცა გწადიან჻ მებაღე მირბის იხარებს ოფლი მკერდამდის ჩადიან჻ ხათუნსა უთხრა ანბავი მე ესე დამიქადიან჻ ყმა მოვა მისთა მჭვრეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან჻

1053. ვაჭარი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა჻ საროსა მზგავსი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა჻ შვენის ჯუბა და მოხვევნა ძოწეულისა რიდისა჻ მე მიჴმო მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა჻

1054. ფატმან ხათუნს გაეხარნეს გააგება მონა ათი჻ მოუკაზმეს ქარვანსრანი დააყენა ბარგი მათი჻ შემოვიდა ღაწვი ვარდი ბროლ ბალახში მინა სათი჻ მისთა მჭვრეტთა დაუსახეს ვეფხსა ტოტი ლომსა თათი჻

1055. ზარი გაჴდა შემოაკრფეს ქალაქისა ერნი სრულად჻ იქით აქათ იჯრებოდეს უჭვრიტოთო ამას სრულად჻ ზოგნი ნდომით შეფრფინვიდეს ზოგნი იყვნეს სულ წასულად჻ მათთა ცოლთა მოიძულვეს ქმარნი დარჩეს გაბასრულად჻

ავთანდილისაგან ფატმანის ალაგში მისვლა ფატმანის მიგებება და სიხარული჻

1056. ფატმან ცოლი უსენისა გაეგება კართა წინა჻ მხიარულად უსალამა სიხარული დაიჩინა჻ ერთმანერთი მოიკითხეს შევიდეს და დასხდეს შინა჻ ფატმან ხათუნს მოსულა მისი შევითვატყე არ ეწყინა჻

1057. ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე არ ყმაწვილი მაგრამ მზმელი჻ ნაკვთად კარგი შავ გრემანი პირ მსუქანი არ პირხმელი჻ მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული ღვინის მსმელი჻ დია ედვა სასალუქო დასაბურავ ჩასაცმელი჻

1058. მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა჻ ყმამან უძღუნა ძღვენი ტურფა მიმღებელთა თქვეს თუ ვარგა჻ ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს ღ~თო არ დაკარგა჻ სვეს და ჭამეს დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარ გა჻

1059. დილასა ლარი ყველაი უჩვენა გაახსნევინა჻ ტურფანი სეფედ გარდასხეს ფასიცა დაათულევინა჻ ვაჭართა უთხრეს წაიღეთ აჰკიდა გააწევინა჻ თქვა ვითა გინდა ვაჭრობდით ნუ გაამჟღავნებთ მე ვინა჻

1060. ყმა ვაჭრულად იმოსების არ ჩაიცვამს არას მისსა჻ ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა ზოგჯერ იყვის ფატმანისსა჻ ერგან სხდიან უბნობდიან საუბარსა არა მქისსა჻ ფატმანს კულიდა უმისობა რამინისა ვითა ვისსა჻

ფათმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება წიგნის მიწერა და გაგზავნა჻

1061. სჯობს სიშორე დიაცისა ვისგან ვითა დაითმობის჻ გილიზღებს და შეგიკვეთებს მიგინდობს და მოგენდობის჻ მართ ანაზდად გიღალატებს გაჰკვეთეს რაცა დაესობის჻ მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის჻

1062. ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა჻ სიყვარული მეტის მეტი მაემატა ცეცხლებრ სწვიდა჻ დამალვასა ეცდებოდა მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა჻ იტყვის რა ვქნა რა მერგების აწვიმებდა ცრემლთა ღვრიდა჻

1063. მიღმა უთხრა ვაი თუ გასწყრეს შეხედვაცა დამიძვირდეს჻ თუ არა ვთქუა გავსძლებ ცეცხლი არა უფრო გამიხშირდეს჻ ვთქუა და მოვკუდე ანუ დავრჩე ერთი რამე გამიპირდეს჻ მას მკურნალმან როგორ ჰკურნოს თუ არ უთხრას რაცა სჭირდეს჻