ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

1082. ესე თქვა და კაცმან წვერთა მოიზიდნა გავლნა კარნი჻ ფატმან შექნა თავის ცემა ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი჻ ცრემლთა მისთა შეეყარნეს წყაროსებრნი ისმნეს წკარნი჻ თქვა დამქოლეთ მოდით ქვითა მამადეგით მამაკარნი჻

1083. მოთქვამს მოვკალ ჰაი ქმარი ამოვწყვიტენ წვრილნი შვილნი჻ იავარ ვყავ საქონელნი უსახონი თვალნი თლილნი჻ გავეყარე საყვარელთა ვა გამზრდელნი ვაი გაზრდილნი჻ ბოლოდ ვექმენ თავსა ჩემსა სიტყვანია ჩემნი წბილნი჻

1084. ამას ყველასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნვებული჻ უბრძანა რა გჭირს რას იტყვი რასთვის ხარ აგრე ვებული჻ რას დაგექადა იგი ყმა რა ნახა შენგან კლებული჻ დადუმდი მითხარ ვინ იყო ანუ რად საქმედ რებული჻

1085. დიაცმან უთხრა ჰე ლომო ხელი ვარ ცრემლთა დენითა჻ ნურას ნუ მკითხავ ამბავსა ვერცა რას გითხრობ ენითა჻ დავჴოცენ შვილნი ჴელითა მით ვარ აღარას ლხენითა჻ თავი მოვიკალ უთმინოდ სიყვარულითა შენითა჻

1086. ესე გვარი დია მიხვდეს სიტყვა მცდარსა ენამეტსა჻ ხოშიადის ვერ დამალავს უჭკუოსა შმაგსა რეტსა჻ ვაგლახითა მეწივენით გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა჻ მკურნალმანცა ვერა კურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა჻

1087. ორისაგან ერთი ქენით ამის მეტსა ნუღარ ლამით჻ მოვითაკლავ იმა კაცსა წადი მოკალ მალვით ღამით჻ მე და სრულად სახლი ჩემი დახოცასა დაგვხსენ ამით჻ მოხვალ გითხრობ ყველაკასა მოვითმითხარ ცრემლთა ლამით჻

1088. თვარა ღამითვე ტვირთები შენი წაიღე ვირითა჻ დააგდე ჩემი მიდამო სრულად მიკრიფე მირითა჻ ვეჭ რომე ჩემთა ცოდვათა შენცა აგავსონ ჭირითა჻ თუ დარბაზს მივა იგი ყმა შვილთა დამაჭმევს პირითა჻

1089. რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა ბუნება ზიარსა჻ ადგა და ლახტი აიღო რა ტურფა რამე მჴნე არსა჻ ამა საქმისა ვერ ცნობა თქვა ჩემი სიძუნტე არსა჻ ნუ ეჭვ სულ დგმულსა მისებრსა სხვა არცა მისებრი არსა჻

1090. ფატმანს უთხრა კაცი მომეც მასწავლელად წინამძღვარად჻ გზასა მართლად წამიყვანოს თვარა მეშვლად მინდა არად჻ იმა კაცსა ვერა ვხედავ მეომრად და ჩემად დარად჻ რაცა უყო მოგახსენებ მამიცადე იყავ წყნარად჻

1091. მას მისცა მონა დიაცმან წინამძღურად წაცამყვანებლად჻ კულავე შეჰყივლა ვინათგან ცეცხლია ცხელი ანელად჻ თუ მოვითაკლა იგი ყმა ჩემად გულისა მფხანელად჻ ბეჭედი ჩემი აცვია მას გვედრებ მოსატანელად჻

1092. ავთანდილ გავლო ქალაქი მით უებროთა ტანითა჻ ზღვის პირსა სახლი ნაგები დგა ქვითა წითელ მწვანითა჻ ქვეშეთკენ სრითა ტურფითა კულავ ზედათ ბანის ბანითა჻ დიდროვანითა ტურფითა მრავლითა თანის თანითა჻

1093. მუნ მიყავს პირმზე ავთანდილ მას მისსა წინამძღომელსა჻ ჴმა მდაბლად კადრებს ისია სრა მისი ეძებ რომელსა჻ უჩვენებს ეტყვის ხედაო ბანსაზედა ქვე მდგომელსა჻ იქი წევს ძილად იცოდი ანუ ქვე პოვებ მჯდომელსა჻

1094. კარსა წინა დარაჯანი ორნი უწვეს მას გლახ ყმასა჻ ყმა გავიდა გაეპარა დააგდებდეს ვირე ჴმასა჻ თითო ჴელი ყელსა მიყო მუნვე მისცა სულთა ხდასა჻ თავი თავსა შეუტაკა გაურია ტვინი თმასა჻

აქა ავთანდილისაგან ჩაჩნაგირისა და ორის მისის დარაჯათ დახოცა ჻

1095. იგი ყმა საწოლს მარტო წვა გულითა ჯავრიანითა჻ ჴელ სისხლიანი ავთანდილ შედგა ტანითა ჯანითა჻ ვერღა აესწრა იდუმალ მოკლა ვერცა თუ ვცანითა჻ ჴელი მოკიდა მიწასა დაასკვნა დაკლა დანითა჻

1096. მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა მჴეცი და ვითა ზარია჻ ბეჭდითურთ თითი მოკუეთა ქუესკნელთ მიწათა გარია჻ ზღვათაკენ სარკმლთა გასტყორცა ზღვისა ქვიშათა გარია჻ მისთვის არცა სად სამარე არცა სათხარად ბარია჻

1097. ჴმა მათისა დახოცისა არ გაისმა არსით არა჻ წამოვიდა ვარდი ტკბილი რასამცა ვით გაემწარა჻ ესე მიკვირს სისხლი მისი ასრე ვითა მოიპარა჻ რომე წეღან წამოევლო გზა იგივე წაიარა჻

1098. რა ფატმანისსა შევიდა ლომი მზე მოყმე წყლიანი჻ უბრძანა მოვკალ მან ყმამან დღე ვეღარ ნახოს მზიანი჻ თვით მონა შენი მოწმად მყავს ფიცი აფიცე ღ~თიანი჻ აჰა თითი და ბეჭედი და დანა მაქვს მე სისხლიანი჻

1099. აწ მითხარ თუ რას იტყოდი რას გაშმაგდი ისრე რეტად჻ რას გექადდა ისი კაცი მესწრაფების მეტის მეტად჻ ფათმან ფერჴთა მოეხვია არა ღირს ვარ პირსა ჭვრეტად჻ გამიმრთელდა გული წყლული ახლა დავჯე ცეცხლთა შრეტად჻

1100. მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით჻ ლომო ქებანი შენიმცა ჩვენ ვითა ვადიადენით჻ ვინათგან სისხლთა იმისთა დაღვრანი დავიქადენით჻ თავთაგან გითხრობ ყველასა თქვენ სმენად დაემზადენით჻