ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

1064. დაწერა წიგნი საბრალო მის ყმისა მისართმეველი჻ მისისა მიჯნურობისა მისთა პატიჟთა მცნეველი჻ მისთა მსმენელთა გულისა შემძრველი შემარხეველი჻ უსტარი შესანახავი არ ცუდად დასახეველი჻

წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნუროდ მიწერილი჻

1065. ჱე მზეო ღ~თსა ვინადგან მზედ სწადდი დასაბადებლად჻ მით შენგან მოშორვებულთა ლხინად არ ჭირთა მწადებლად჻ ახლოს შემყრელთა დამწველად მათგან ცეცხლისა მადებლად჻ მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩანს დასაქადებლად჻

1066. შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი შენთვის საბრალოდ ბნდებიან჻ ვარდი ხარ მიკვირს ბულბულნი რად არა შენზედ კრფებიან჻ შენი შვენება ყოველთა აჭკნობს და ჩემნიც ჭკნებიან჻ სრულად დამწვარვარ თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან჻

1067. ღ~თი მყავს მოწმად ვიშიშვი თქვენსა ამისა თხრობასა჻ მაგრა რა ვირგო დღე კრულმან სრულად გავყრილვარ თმობასა჻ გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა჻ თუ რას მეწევი მეწივე თვარა ნუ მივხვდები ცნობასა჻

1068. მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მამივიდოდეს჻ ვსცნობდე გინდოდე საკლავად ან ჩემი რა გაგივიდოდეს჻ მუნამდის გავსძლო სულთა დგმა გული რაზომცა მტკიოდეს჻ სიცოცხლე ანუ სიკუდილი გარდმიწყდეს ნეტარძი ოდეს჻

1069. ფატმან ხათუნ დასწერა და გაუგზავნა წიგნი ყმისა჻ ყმამან ასრე წაიკითხა და ვინმეა ანუ თვისი჻ თქუა არ იცის გული ჩემი ვინ მაშიკობს ვისსა ვისი჻ რომე მიმიჩნს სამიჯნურო რად ვამსგავსო მე მას ისი჻

1070. თქუა ყვავი ვარდსა რას აქნევს ანუ რა მისი ფერია჻ მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია჻ უმზგავსო საქმე ყოველი მოკლეა მით ოჴერია჻ რა უთქვამს რა მოუჩმახავს რა წიგნი მოუწერია჻

1071. ესეგვარი საძრახავი დაუძრახა გულსა შინა჻ მერმე იტყვის ჩემგან კიდე ჩემი შემწე არავინა჻ რასათვისცა გამოჭრილვარ მისი ძებნა რადგან მინა჻ რათაცა ვით ვპოვებ მას ვიქ გულმან სხვამცა რა ისმინა჻

1072. ისი დიაცი აქა ზის მნახავი კაცთა მრავალთა჻ მოსადგურე და მოყუარე მგზავრთა ყოველგნით მავალთა჻ მივყუე მიამბობს ყოველასა რაზომცა ცეცხლი მწვავს ალთა჻ ნუთუ რა მარგოს მე მისი გარდახდა ჩემი ვსცნა ვალთა჻

1073. თქუა დიაცსა ვინცა უყვარს გაექსუის და მისცემს გულსა჻ აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლად კრულსა჻ რაცა იცის გაუცხადებს ხვაშიადსა უთხრობს სრულსა჻ მიჯობს მივყუე განღა სადმე ვსცნობ საქმესა დაფარულსა჻

1074. კულავ იტყვის ვერვინ ვერას იქს თუ ეტლი არ მოსთმინდების჻ მით რაცა მინდა არა მაქუს რაცა მაქვს არ მამინდების჻ ბინდის გვარია სოფელი ესე თურ ამად ბინდების჻ კოკასა შიგან რაცა დგას იგივე წარმოსდინდების჻

წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი჻

1075. მოგეწერა წავიკითხე შენი წიგნი ჩემი ქება჻ შენ მამასწარ თვარე შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება჻ შენცა გინდა მეცა მინდა გაუწყედლად შენი ხლება჻ შეყრა არის პირიანი ორთავეა რადგან ნება჻

1076. ფატმანისსა ვერ გიამბობ მოემატა რა სიამე჻ მიუწერა კმარის რაცა უშენომან ცრემლი ვლამე჻ აწ ვიქმნები თავის წინა აქა მპოვე მარტო სამე჻ მამისწრაფე შეყრა შენი რა შეღამდეს მოდი ღამე჻

1077. მას ღამითვე საწვეველი რა მიართვეს წიგნი ყმასა჻ შეღამდა და წაცავიდა სხვა ემთხვია მონა გზასა჻ ამას ღამე ნუ მოხვალო ვერა მპოვებ შენთვის მზასა჻ მას ეწყინა არ დაბრუნდა თქვა თუ გავსო ეგე რასა჻

1078. წვეული აღარ დაბრუნდა კვლავ ზევე უკუწვევითა჻ ფატმან ზის წყენით შევიდა ავთანდილ მარტო ხე ვითა჻ დიაცსა წყენა შეატყო ნახა შესლვითა შევითა჻ ვერ დაიჩინა შიშითა და მისითავე თნევითა჻

1079. ერდგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა ლაღობა წყლიანი჻ შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი ტან ნაკვთიანი჻ შემოვლო ახლოს შემოყვა მონა ჴმალ დარაკიანი჻ დაკრთა რა ნახა ავთანდილ გავსო თუ გზაა კლდიანი჻

1080. ფატმან რა ნახა შეშინდა ძრწის და მიეცა ძრწოლასა჻ მან გაკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობა წოლასა჻ უთხრა არ გიშლი დიაცო ფერთა მი და მო კრთომასა჻ გამითენდების განანებ მაგა მოყმისა ყოლასა჻

1081. გამკიცხე ბოზო დიაცო და დამდევ გასათრეველად჻ მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად჻ ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დასაჭმეველად჻ დავმალო წვერთა ფუ მიყავ ხელიღა ვრბოდე მე ველად჻