ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

1027. მუნ ავთანდილ საჭურჭლენი მათეულნი დიდნი ნახნა჻ ნავი ნავსა შეატყუბნა ქარავანსა დაუზახნა჻ უსამ ნახა მხიარულმან გაეხარნეს არ იახნა჻ კადრეს ხოტბა ქებად მისად სასახავნი დიდნი სახნა჻

1028. ავთანდილის მაქებელთა ათასიმცა ენა უნდა჻ ვერცა მათ თქვეს ნაომრობა როგორ ტურფად დაუშვენდა჻ ქარავანმან იზრიალა თქვეს უფალო მადლი შენდა჻ მზემან შუქნი შემოგვადგნა ღამე ბნელი გაგვითენდა჻

1029. მოეგებნეს აკოცებდეს თავსა პირსა ფერხთა ჴელსა჻ კადრეს ქება უსაზომო მას ტურფასა საქებელსა჻ მისი ჭვრეტა გააშმაგებს კაცსა ბრძენსა ვითა ჴელსა჻ შენგან დავრჩით ჩვენ ყველანი ფათერაკსა ეზომ ძნელსა჻

1030. ყმამან უთხრა მადლი ღ~თსა შემოქმედსა არსთა მხედსა჻ ვისგან ძალნი ზეციერნი გააგებენ აქა ქნადსა჻ იგი იქმნას ყველაკასა იდუმალსა ზოგსა ცხადსა჻ ჴამს ყოვლისა დაჯერება ბრძენი ჯერა მოწევნადსა჻

1031. ღ~თნ სულსა ეგოდენსა თქვენ გათნივა სისხლი თქვენი჻ მე გლახ რა ვარ მიწა ცუდი თავით ჩემით რამცა ვქენი჻ აწ დავჴოცენ მტერნი თქუენნი გავასრულე რაცა ვთქვენი჻ ნავი სრულად საქონლითა მამიღია ვითა ძღვენი჻

1032. ამოა კარგსა მოყმესა რა ომი გაჰმარჯვებოდეს჻ ამხანაგთათვის ეჯობნოს ვინცა მას თანა ხლებოდეს჻ მიულოცვიდენ აქებდენ მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს჻ შვენოდეს დაკოდილობა ცოტაი რამე ვნებოდეს჻

1033. იგი ნავი მეკობრეთა მას დღე ნახეს არ ახვალეს჻ მუნ დებულთა საჭურჭლეთა ამარიმცა ვით დათვალეს჻ მათსა ნავსა გარდმოიღეს ნავი სრულად გარდმოსცალეს჻ დალეწეს და ზოგი დაწვეს შეშა დრამად არ გაცვალეს჻

1034. ავთანდილს უსამ მოართვა ვაჭართა შემოთვლილობა჻ “შენგან ვართ გამაგრებულნი ჩვენ ვიცით ჩვენი ფლიდობა჻ რაცა გვაქვს იგი შენია ამას არ უნდა ცილობა჻ რასაცა მოგვცემ გვიბოძე გვიქნია აქა ყრილობა჻

1035. ყმამან შესთვალა ჰე ძმანო წეღანცა მოგისმენია჻ ღ~თსა შეესმა ნაკადი რაცა თქუენ თვალთა გდენია჻ მან დაგარჩინნა მე რა ვარ მე გლახ რა მამილხენია჻ რა გინდა მამცეთ რას ვაქნევ მე ვარ და ჩემი ცხენია჻

1036. მე თუცა რაცა მინდოდა საჭურჭლე დასადებელი჻ ჩემსაცა მქონდა ურიცხვი უსახო ლარ საგებელი჻ რას ვაქნევ თქვენსა რასგინდა ოდენ ვარ თქვენი მხლებელი჻ სხვაგან რამე მიც სხვა საქმე თავისა წასაგებელი჻

1037. აწე რაცა აქა ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი჻ რაცა ვის გინდა წაიღეთ არვისი ვიყო მლალავი჻ ერთსა ვიაჯი მიაჯეთ სააჯო არ საკრძალავი჻ საქმე რამე მიც თქუენშია თავისა დასამალავი჻

1038. ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით არ თქუენსა პატრონობასა჻ თვით თავადია ჩვენი თქვა ნუ მიჴმობთ ჭაბუკობასა჻ მე სავაჭროსა ჩავიცვამ დავიწყებ ჩუბაჩობასა჻ თქუენ შემინახეთ ნამუსი თქვენსა და ჩემსა ძმობასა჻

1039. ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს მეტად დია჻ მოვიდეს და თაყვანისცეს კადრეს ჩვენი იმედია჻ რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა იგი თქვენვე გიაჯია჻ მას ვმსახუროთ ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია჻

1040. მუნით წავიდეს იარეს არ თურე ხანსა ზმიდიან჻ მიხვდეს ტაროსსა ამოსა ნიადაგ ამოდ ვლიდიან჻ შეფრფინვიდიან ავთანდილს ქებასა შეასხმიდიან჻ მას მარგალიტსა მას ყმასა კბილთა ფერსა სძღვნიდიან჻

ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისვლისა ზღვის პირს რომ გავიდა჻

1041. ზღვა გაიარა ავთანდილ მივა ტანითა მჭევრითა჻ ნახეს ქალაქი მოცული გარე ბაღისა ტევრითა჻ გვარად უცხონი ყვავილნი ფერითა ბევრის ბევრითა჻ მის ქუეყანისა სიტურფე რა გაიგონო შენ რითა჻

1042. მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა჻ ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვა დაჯდა სკამითა჻ მოასხეს კაცნი მზიდავნი დამზადებულნი დრამითა჻ იგი ყმა ვაჭრობს თავადობს და თავს მალავს ამითა჻

1043. მოვიდა მისი მებაღე ბაღსა იახლნეს რომელსა჻ მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით პირსა ელვათა მკრთომელსა჻ ავთანდილ უხმო ეუბნა კაცსა არ სიტყვა მცთომელსა჻ ვისნი ხართ ვინ ხართ რა ჰქვიან მეფესა აქა მჯდომელსა჻

1044. წვრილად მითხარ ყველაკაი ყმა მას კაცსა ეუბნების჻ რა ლარია უფრო ძვირად ან იეფად რა იხსნების჻ ჰკადრა ვხედავ პირი შენი მზისა პირად მემეცნების჻ რაცა ვიცი მართლად გკადრებ მრუდი არა არ გემცნების჻

1045. ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა჻ თვით გულანშაროს ქალაქი სავსე ტურფითა მრავლითა჻ აქ მოდის ტურფა ყველაი ზღვა ზღვა ნავითა მავლითა჻ მელიქ სურხავი ხელმწიფობს სავსე სვითა და დავლითა჻