... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

1213. მივემოწმენით თათბირნი, არ კიდე გავაკიდენით დავბრუნდით ქაჯეთს მივჰმართეთ, მას წინა მოვეკიდენით არცა რა ვჰკადრეთ ხელდახელ, არცა თუ წავეკიდენით იგი ტირს ღაწვსა გულმდუღრად, ჩაჰრცხის ცრემლისა კი დენით

1214. მე როშაქს ვჰკადრე გამიშვი, კვლა ადრე თქვენი მხლებელი აწ გულანშაროს ქალაქსა, ვარ საქმის რასმე მდებელი მან გამომიშვა აქ სადმე, ლარი მიც წასაღებელი თანა წავიტან წაცავალ, მე მათი ზედამსწრებელი

1215. მათ კაცთა დიდად იამა, ესე ამბავი მონისა მე გავიგონე შერემშრა, ნაკადი ცრემლთა ფონისა მენიშნა ყოვლი ნიშანი, ვიცან ჩემისა ღონისა ცოტაი ლხინი მომეცა, მსგავსი დრამისა წონისა

1216. მოვიყვანე იგი მონა, ახლოს დავსვი ჩემსა წინა ვჰკითხე მითხარ რას იტყოდი, გაგონება მეცა მინა მან იგივე კვლა მიამბო, რაცა მუნით მომესმინა მან ამბავმან გამაცოცხლა, სულმობრძავი დამარჩინა

1217. მე ორნი შავნი მონანი, მყვანან სავსენი გრძნებითა უჩინოდ წავლენ წამოვლენ, მათითა ხელოვნებითა მოვასხენ ქაჯეთს გავგზავნენ, ვარქვი თუ ნუ დასდგებითა მაცნობეთ მისი ამბავი, თქვენითა მოქმედებითა

1218. სამ დღე მოვიდეს მიამბეს, ფიცხლა ებიჯა გზისადა მიუგვრიაო მეფისა, ზღვას იქით წამავლისადა ვერვის შეუდგმან საჭვრეტად, თვალნი მართ ვითა მზისადა ქვე დაუწინდავს საცოლედ, როსან ცოტასა ყმისადა

1219. როსანს შევრთოთო დულარდუხტს, მეფესა უბრძანებია ჯერ ქორწინებად არა მცალს, აწ გული ცეცხლნადებია შემოვიქცევი შევისძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია ციხეს დაუსვამს ხადუმი, ერთაი უახლებია

1220. ყოვლი მცოდნელი გრძნებისა, მას თანა წაუტანია მით რომე გზაა საჭირო, მტერნი საომრად მზანია ქვე დაუყრია მოყმები, ვინც უფრო გულოვანია დაეყოვნების წასრულა, ჯერთო ცოტაი ხანია

1221. ქაჯთა ქალაქი აქამდის, მტერთაგან უბრძოლველია ქალაქსა შიგან მაგარი, კლდე მაღალი და გრძელია მას კლდესა შუა გვირაბი, ასაძრომელი ხვრელია მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწველია

1222. გვირაბის კარსა ნიადაგ, მოყმე სცავს არ პირნასები ათი ათასი ჭაბუკი, დგას ყველაკაი ხასები ქალაქის კართა სამთავე, სამათასსამათასები გულო გაგსაჯა სოფელმან, არ ვიცი და გლახ რას ები

1223. ესე ამბავი ავთანდილ, პირმზემან მაგარვადამან რა მოისმინა იამა, სხვად არა გაუცხადა მან შესწირა ღმერთსა მადლობა, ტურფამან დანაბადამან ამბავი ჩემი სალხინო, მითხარო ვისმანღა დამან

1224. ფატმანს უთხრა საყვარელო, კმა ხარ ჩემთვის სასურველად მე ამბავი სანატრელი, მომასმინე არ პირბნელად მაგრა საქმე ქაჯეთისა, გამაგონე უფრო მრთელად ქაჯნი ყველა უხორცოა, რამან შექმნა ხორციელად

1225. მის ქალისა სიბრალული, ამანთებს და მიდებს ალსა მაგრა ქაჯნი უხორცონი, რას აქნევენ მიკვირს ქალსა ფატმან უთხრა მომისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა არ ქაჯნია კაცნიაო, მინდობიან კლდესა სალსა

1226. ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთად კრებულნი კაცნი გრძნებისა მცოდნენი, ზედა გახელოვნებულნი ყოველთა კაცთა მავნენი, იგი ვერვისგან ვნებულნი მათნი შემბმელნი წამოვლენ, დამბრმალნი დაწბილებულნი

1227. იქმენ რასმე საკვირველსა, მტერსა თვალსა დაუბრმობენ ქართა აღსძვრენ საშინელთა, ნავსა ზღვაზღვა დაამხობენ ვითა ხმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ სწადდეს დღესა ბნელად იქმენ, სწადდეს ბნელსა ანათობენ

1228. ამისთვის ქაჯად უხმობენ, გარეშემონი ყველანი თვარა იგიცა კაცნია, ჩვენებრვე ხორციელანი ავთანდილ მადლი უბრძანა, ცეცხლნი დამივსენ ცხელანი დიდად მიამნეს ამბავნი, სიტყვანი აწინდელანი

1229. გულითა ღმერთსა ადიდებს, ავთანდილ ცრემლთა მდენელი თქვა ღმერთო გმადლობ რომელი, ხარ ჭირთა მომალხენელი ყოფილი მყოფი უფქმელი, ყურთაგან მოუსმენელი წყალობა თქვენი იჩქითად, არს ჩვენი გარ მომფენელი

1230. მის ამბისა ცნობისათვის, ცრემლით ღმერთსა ადიდებდა ფატმან ეჭვდა თავისათვის, ამად ცეცხლსა კვლა იდებდა ყმა ნამუსსა ინახევდა, სიყვარულსა იფერებდა ფატმან ყელსა ეხვეოდა, პირსა მზესა აკოცებდა

1231. მას ღამით ფატმან იამა, ავთანდილ თანა წოლითა ყმა უნდო გვარად ეხვევის, ყელსა ყელითა ბროლითა ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა გული მხეცქმნილი გასჭრია, მხეცთავე თანა რბოლითა

1232. ავთანდილ მალვით ცრემლსა სწვიმს, სდის ზღვათა შესართავისად შიგან მელნისა მორევსა, ცურავს გიშრისა ნავი სად იტყვის თუ მნახეთ მიჯნურნო, იგი ვინ ვარდი ა ვისად უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი, ბულბული მსგავსად ყვავისად