... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

1252. ჩვენ ამისთვის ესე მონა, გამოვგზავნეთ თქვენსა წინა ვცნათ ამბავი ქაჯეთისა, მოსრულანცა ქაჯნი შინა მანდაურთა მეომართა, ანგარიში წვრილად გვინა ვინ არიან მცველნი შენნი, ან თავადი მათი ვინა

1253. რაცა იცი მანდაური, მოგვიწერე გაამჟღავნე მერმე შენსა საყვარელსა, ნიშანი რამ გაუგზავნე შენი ყველა აქანამდის, ჭირი ლხინსა გაათავნე ღმერთსა უნდეს მოყვარენი, შესაფერნი შეგაზავნე

1254. წადი უსტარო ისწრაფე, თუ მუხლი ჰქონდეს მალები დაგნატრი მიხვალ დაგხვდების, ბროლი სათი და ლალები ბედად შენ მჯობხარ უსტარო, გნახვენ დამწველის თვალები შენს უკან ჩემი სიცოცხლე, თუ გესმის არ გებრალები

1255. ფატმან მისცა დაწერილი, მას გრძნეულსა ხელოვანსა ესე წიგნი მიართვიო, ქალსა მზისა დასაგვანსა მან გრძეულმან მოლი რამე, წამოისხა ზედა ტანსა მასვე წამსა დაიკარგა, გარდაფრინდა ბანის ბანსა

1256. წავიდა ვითა ისარი, კაცისა მშვილდფიცხელისა რა ქაჯეთს შეჰხდა ქმნილ იყო, ოდენ ბინდბანდი ბნელისა უჩინოდ შევლო სიმრავლე, მოყმისა კართა მცველისა მას მზესა ჰკადრა ამბავი, მისისა სასურველისა

1257. ციხისა კარნი დახშულნი, შევლნა მართ ვითა ღიანი შევიდა ზანგი პირშავი, თმაგრძელი ტანნაბდიანი იგი მზე დაჰკრთა ეგონა, სამოსი რამე ზიანი შეცვალა ვარდი ზაფრანად, ლაჟვარდის ფერად იანი

1258. ქაჯმან უთხრა ვინ გგონივარ, ანუ აგრე რად დაბნდები მე ვარ მონა ფატმანისა, თქვენს წინაშე ნამგზავრები ამა წიგნმან გამამართლოს, არ ტყუვილად გეუბნები მზისა შუქნი მოიცადენ, ვარდო ადრე ნუ დასჭნები

1259. პირმზე გაჰკვირდა ფატმანის, ამბითა საკვირველითა ნუშნი გააპნა შეიძრნეს, სათნი გიშრისა წნელითა მან იგი წიგნი მონამან, მისცა თავისა ხელითა იკითხავს სულთქვამს უსტარსა, ალტობს ცრემლითა ცხელითა

1260. მონასა ჰკითხა მიამბე, ვინ არის ჩემი მძებნელი ანუ ვინ მიცის ცოცხალი, მიწასა ზედა მტკეპნელი მან მოახსენა ვიკადრებ, რასაც ოდენ ვარ მცნებელი რა წამოსრულხარ მას აქეთ, შენგან ჩვენია მზე ბნელი

1261. ფატმანის გული მას აქათ, ლახვართა შენახევია მას რომე ცრემლი სდენია, ზღვათაცა შენართევია მე ერთხელ შენი ამბავი, მისთვის კვლა მიმირთმევია ღმერთსა ვიმოწმებ მას აქათ, ტირილი არ დაჰლევია

1262. აწ ვინმე მოყმე მოვიდა, შვენიერითა პირითა მან უთხრა წვრილად ყველაი, თქვენ ხართ რათაცა ჭირითა იგია შენი მძებნელი, მკლავითა ვითა გმირითა მე გამომგზავნეს დამვედრეს, სწრაფა სწრაფითა ხშირითა

1263. ქალმან უთხრა მემართლების, ყმაო შენი ნაუბარი ფატმან ჩემი არ იცოდა, ვიყავ ვისი წანაგვარი უღონიოდ არის სადმე, ჩემი ცეცხლთა მომდებარი მე მიუწერ შენცა ჰკადრე, ვარ ვითამცა გულმდუღარი

წიგნი ნესტან დარეჯანისა ფატმანისთან მიწერილი

1264. პირმზე ვჰწერს აჰა ხათუნო, დედისა მჯობო დედაო მისგან ტყვექმნილსა სოფელმან, რა მიყო ამას ხედაო მე გლახ მათ ჩემთა პატიჟთა, სხვაცა დამერთო ზედაო აწ ვნახე შენი უსტარი, მე დიდად მეიმედაო

1265. შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა, გამიადვილე ჭირები აწ აქა სრულთა ქაჯთაგან, ვარ ასრე დანამჭირები ერთსა მცავს ერთი სამეფო, ბევრჯელ ათასი გმირები ავად მომიხდა თათბირი, და ჩემი დანაპირები

1266. სხვად ამბავი აქაური, მეტი რამცა მოგიწერე ქაჯთა მეფე არ მოსრულა, არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე მაგრამ სპანი უთვალავნი, მცვენ და მათი სიალფერე რასა ჰქვიან ძებნა ჩემი, არ ეგების დაიჯერე

1267. ვინცაღა ჩემი მძებნელი, მოსრულა ცუდ მაშვრალია იჭირვის იწვის ენთების, ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია მაგრა მას ვჰნატრი უნახავს, მზე ამად არ დამზრალია უმისოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე რა დიდი ბრალია

1268. შენ ამბავი არ გიამბე, მაშინ ამად დაგიმალე ვერ იტყოდა ენა ჩემი, თავი ჭირთა გავაკრძალე გეაჯები საყვარელსა, შემახვეწე შემაბრალე ნუ წამოვა ძებნად ჩემად, მიუწერე შეცასთვალე

1269. მე რომ მჭირს კმარის ნუ მომკლავს, ამისითავე სწორითა მას მკვდარსა ვნახავ მოვკვდები, მე სიკვდილითა ორითა ვერას ვინ მარგებს დასტურად, ვიცი არ რამე ჭორითა არ დაგმორჩილდეს დამქოლე, შავისა ქვისა ყორითა

1270. გეთქვა ნიშნისა გაგზავნა, აწ ესე განამჟღავნია მისეულთავე რიდეთა, ნაკვეთი გამიგზავნია ესენი ჩემთვის მის გამო, ტურფანი სანახავნია თუცა თუ ფერად ბედისა, ჩემისა მსგავსად შავნია