... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

1101. ფრიდონს უთხრა ვალი თქვენი ჩემგან ძნელად გარდიხდების მაგრა თქმულა კარგის მქნელი კაცი ბოლოდ არ წახდების აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძეს და ან იდების შენი იყოს ყველაკაი შენ წაიღე ვითა გხვდების

1102. ფრიდონ მდაბლად თაყვანი სცაჰკადრა მადლი მეტისმეტი მე მეფეო რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს ვინმცა იყო ვითა კეტი ჩემი ლხინი მუნამდის ა ვირე ვიყო შენი მჭვრეტი

1103. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად სახლსა მისსა მისაღებლად მის ყველასა საჭურჭლისად აწ მუნითგან გაემართნეს არაბეთით მივლად გზისად ავთანდილ ა გალეული შესაყრელად მთვარე მზისად

1104. მიჰხვდეს არაბთა საზღვარსა რა ვლეს მრავალნი ხანები დახვდა სოფლები ციხები ხშირხშირად თანისთანები მუნ შიგან მყოფსა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები ავთანდილისთვის ყველაი ცრემლითა არს ნაბანები

1105. ავთანდილ იცნეს გაისმა ხმა მათგან სიხარულისა დაიწყეს ყოვლგნით ლაშქართა ქნა მათკენ სიარულისა თაყვანის სცემდა სიმრავლე სპისა პირ მხიარულისა ქალი ნახიან შვენება თქვიან არს მზისა სრულისა

1106. ტარიელ კაცი გაგზავნა წინაშე როსტან მეფესა შესთვალა გკადრებ მეფეო სურვილთა სიიეფესა მე მოვალ მეფე ჰინდოთა დარბაზსა თქვენსა სეფესა გიჩვენებ ვარდსა კოკობსა უფრჭვნელსა მოუკრეფესა

1107. მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა ცდა შეპყრობისა ავი ჰქენ შემოტეობა ცხენისა მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა დავხოცე მონა მრავალი მსახურნი სრისა თქვენისა

1108. აწ ამად მოვალ წინაშე დავყარენ ჩემნი გზანია შემინდოთ რაცა შეგცოდე ჰქმნნეთ გაწყრომისა კმანია ძღვენი არა მაქვს გვმოწმობენ ფრიდონ და მისნი ყმანია ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ მე თქვენთვის მომიტანია

1109. რა მიუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა ვით გაეხარნეს ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა თინათინს ღაწვთა ემატა ელვა შუქისა სამისა ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბწამწამისა

1110. ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა ხმა მაშინ თქართქარებისა ლაშქარნი რბოდეს მი და მო ქმნა სწადდა მათკე რებისა დაიწყეს მოსხმა ცხენისა მოღება უნაგრებისა შესხდა სიმრავლე მოყმისა მკლავფიცხელ გულმაგრებისა

1111. მეფე შეჯდა გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი ვისცა ესმის მოვიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი ყველაკაი ღმერთსა ჰმადლობს გაამაღლეს მათნი ხმანი თქვეს ბოროტსა უმყოფოო კეთილნია შენთვის მზანი

1112. რა ერთმანერთი აუჩნდა მიგებულმოსაგებავთა ავთანდილ ეტყვის ტარიელს სიტყვათა დანაზებავთა აგერა ხედავთ მინდორთა მტვერითა შენაღებავთა ამად მედების სახმილი გულსა ეცხელა ებავთა

1113. ისია ჩემი გამზრდელი და თქვენდა მოგებებულა იქი ვერ მივალ მრცხვენიან გულსა სახმილი დებულა ჩემად არაკად სულდგმული კაცი არ გაწბილებულა რასაცა მიზამთ თქვენ იცით ფრიდონ თქვენდავე ხლებულა

1114. ტარიელ უთხრა კარგსა იქ შენ პატრონისა კრძალვასა აწ დადეგ იქი ნუ მიხვალ იქმცა უჩემოდ ხალვასა მე მივალ უთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა ვეჭვ ღმრთითა ადრე შეგყარო მზესა მას ტანად ალვასა

1115. აწ ამას გკადრებთ ორნივე ხვეწნით და შემუდარებით ავთანდილ დამდვა წამალი მისგან თავისა დარებით დაჰვიწყდეს რომე პატიჟნი სჭირდეს ჩვენთავე დარებით არ გაწყენ გრძელი ამბავი არს ჩვენგან მიუმხვდარებით

1116. თქვენთა უყუართ ერთმანერთი ქალი მას და იგი ქალსა მით ვიგონებ საბრალოსა მტირალსა და ფერნამკრთალსა მუხლმოყრილი გეაჯები ნუღარ აწვევ იმათ ალსა რომე მისცე ქალი თქვენი მკლავმაგარსა გულფიქალსა

1117. ამისმეტსა არას გკადრებ არ მოკლესა არცა გრძელსა ამოიღო ხელმანდილი მოინასკვა ზედან ყელსა ადგა მუხლნი მიუყარნა იაჯების ვითა მზრდელსა გაუკვირდა ყოვლსა კაცსა მის ამბისა მომსმენელსა

1118. რა ტარიელ მუხლმოყრილი ნახა მეფე შეუზარდა შორს უკუდგა თაყვანის სცა ქვე მიწამდის დაუვარდა მოახსენა ხელმწიფეო ლხინი ყოვლი გამიქარდა თქვენმან აგრე სიმდაბლემან ნახვა თქვენი ჩამადარდა

1119. ვით ეგების რაცა გწადდეს რომე კაცი არ მოგთმინდეს ანუ მშურდეს ქალი ჩემი საკლავად და ტყვედცა გინდეს გებრძანამცა სახლით თქვენით ცრემლი არცა მაშინ მდინდეს სხვა მისებრი ვერა პოვოს ცათამდისცა გაცაფრინდეს

1120. მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვჰპოვებ ვერა თვით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც აქვს და მას ეფერა ვარდი ახლად იფურჭვნების მე ყვავილი დამებერა რამცა ვჰკადრე შეცილება რასაც ოდენ იგი ჯერა