... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

1180. ცხენთა ფერხთა მოეხვია მუხლმოყრილი შეეხვეწა მოახსენა შემიბრალე მისსა ძალსა ვინცა გხვეწა ნუ დამარჩენ ნუ მაცოცხლებ და წამიღონ მკვდარი მე წა გული თქვენი სასაკუთრო ბედმან ასრე დამილეწა

1181. დაიკარგენით წაჰხვედით თქვენ წელნი მეათენია გახდეს ფრინველნი უმეფოდ არწივსა მოსტყდეს ფრთენია ამად შევმართენ საქმენი მათნი საკამათენია ადრე გამიტყდა სოფელი მართ ვითა კაბათენია

1182. შინა წავიდეს გარდახდეს ეს თურე არ ლაყაბია რამაზ ჰყავს ორთა დედათა ყელსა მანდილი აბია შეშინებული საბრალოდ დუღდა მართ ვითა ქვაბია შეგცოდე მომკალ მე ხვალემ რამცა ვინ მიასაბია

1183. ვიაჯი მომკალ მე ხვალემ ყველაი ჩემი ბრალია მერმე ხუთასი ვაზირი მყავს აქათ წაუვალია თავები დასჭერ ადინე სისხლი მართ ვითა წყალია სპა უბრალოა ნუ დაჰხოც ვტირ ამად გულმდუღარია

1184. ყოვლთა მისცეს ზენაარი მიუყარნეს მუხლნი წინა ნუ დაგვხოცო მისსა ძალსა ვინცა აგრე მოგაწყინა ტარიელ დგას დაყმუნვებით რამაზ წინა მოეფინა ღმერთი ალხენს მონანულთა არ შეუნდობს კაცი ვინა

1185. კაცი ცრემლითა შეინდობს თუ ცოდვა მის თანაც არსა ვით ნინეველი ისხემდეს თავსა მტვერსა და ნაცარსა ამით დაესხნნეს რისხვასა ზეცით მოსრულსა ნაცარსა წაღმავე წაგრეხს სოფელი კვლა მისგან უკუ ნაცარსა

1186. ბრძენმან ვინმე მოსწავლემან საკითხავი ესე ვპოვნე ესეაო მამაცისა მეტის მეტი სიგულოვნე ოდეს მტერსა მოერიო ნუღარ მოჰკლავ დაიყოვნე გინდეს სრული მამაცობა ესე სიტყვა დაიხსოვნე

1187. ტარიელ მოტკბა ღმრთისავე მსგავსად იგ წარმართულია აღარ დაგხოცო უბრძანა ძლეული შიშმან თუ ლია წაღმავე წაგრეხს საქმესა რაცა უკუღმა სთულია ნაქმარი მრუდი ყველაი აწ ჩემგან გამართულია

1188. რა ნახნა ხასნი ვაზირნი ფლასითა დამოსილნია კვლა დაიზახნა ტარიელ უფროსნი დანაკივლნია სისხლი და ცრემლი თალთაგან სდის და მიწყობით მილნია მოვიდეს ყელსა მოეჭდვნეს ვითა ძმანი და შვილნია

1189. დიდებულნი მოეხვივნეს მოუზრუნვეს მათ ცოლქმართა ქალი დაბნდა მამისათვის ტირილიცა ვერ შემართა ვარდსა რტონი შთამოსცვივდეს ზე ვერავინ წამომართა მუნა კაცთა ვერ ვხედევდი გაცინებით მოღიმართა

1190. დედოფალი გამოჭრილი მოვიდოდა მათად ნახვად უბრძანებდა რად ვინ სტირთო ესე ჰქონდა წყრომაზრახვად ღმერთმან რისხვა მოაქცია წყალობისა გამოსახვად გვმართებს რომე მადლი მივსცეთ აღარა გვცალს გლოვაახვად

1191. ტარიელ ზედა მოიჭდო მხურვალთა ცრემლთა მდენელმან იტყვის თუ ცეცხლი დამევსო ცხელი აწ დამწვა მე ნელმან დადუმდი სული დაიღე ჩემგან ამისმან მსმენელმან თქვენი სიცოცხლე მალხინა ღმერთმან ობოლთა მლხენელმან

1192. ქალმან დედასა შესტირნა ჰაი მე რა ვქნა დედაო წითელყვითლითა დაგაგდე აწ შაოსანსა გხედაო მამამან ტახტი დასცალა არა ზის მასღა ზედაო დედამან ცრემლნი მოჰხოცნაეტყვის დადუმდი ბედაო

1193. გარდაუკოცნა პირი და ბაგეთა ვარდი თხელები ვარდსა დაუტყლეჟს ბაგითა გახდა ალვისა მთხელები დარეჯანს ეტყვის რაღა ვთქვათ სიტყვები ბედით ხელები ჩვენ ყოვლთა გვმართებს ნეტარძი ათასი არერთხელები

1194. რა გარდახდა მცირე ხანი ჟამი იქმნა გარდასრულად დიდებულნი ეთაყვანნეს ერთობილნი ადგეს სრულად იგი მზენი მიეგებნეს მოეხვივნეს გულისგულად აკოცეს და მოიკითხეს თავისთავის თვითეულად

1195. ავთანდილ და ფრიდონ ჰკადრეს დედოფალსა მიმტკივნება ტარიელ თქვა დედოფალო გჭირს ამათი არამცნება ესენია მხსნელნი ჩვენნი აწ არა გვცალს გრძლად უბნება ამათგან გვაქვს ჩვენ ორთავე სიცოცხლისა მოპოვნება

1196. ადგა და ქალაქს შევიდეს თვით გარდახდეს სრასა მთასა ერთსა ბრძანებს დედოფალი მართ სიტყვასა ვითამ ათსა ღმერთმან მოსრნა მტერნი ჩვენნი ვერ დაგვცემენ ყოლ შამათსა ამად შევიქ სიხარულსა მართ გულისა საკამათსა

1197. უბრძანა გლოვა გახსენით ქოსწინწილასა ჰკარითო დიდი ზათქი და ზეიმი გავიდეს ჩვენით კარითო ნახლები თქვენი ოქროსა სარტყლითა მოიკარითო იცინოდით და იმღერდით ნუ ცრემლი აწანწკარითო

შინ მისულა ტარიელისა და [………………………………….]

1198. დედოფალმან მათ ცოლქმართა თვითო ხელი დაუჭირა ზედა ტახტსა მეფისასა ერთგან დასხმა გაუპირა მოიშორვა კაეშანი გული მდედრი აქვითკირა გლოვა ცვალა სიხარულად აღარავინ აატირა