... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

1005. მაგა თათბირსა ესე სჯობს ვქმნათ ჩემი მონახსენები გავიყოთ კაცი ას ასი რა ღამე ჩნდეს ნათენები სამთავე სამგნით მივმართოთ ფიცხლად დავსხლიტოთ ცხენები მოგვეგებვიან ვემცრობით ჩვენ ხრმალსა მივსცემთ მძლედ ნები

1006. ფიცხლად შევებნეთ შევსჯარნეთ ვერ მოგვასწრებენ კარებსა სამთაგან ერთი შევუვალთ სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა მან ერთმან შიგნით შიგანნი მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა ხელი კვლა ვჰხადოთ აბჯარსა მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა

1007. ფრიდონ უთხრა შემიგია გამიგია ვიცი მე რა მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრობენ კარსა ვერა ოდეს გიძღვენ არ ვიცოდი ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა თვარა ყოლა არ გიძღვნიდი ჩემი გითხრა სიძუნწე რა

1008. ფრიდონ ლაღი ამხაანგობს საუბართა ესოდენთა ამაზედან გაიცინნეს მათ წყლიანთა სიტყვაბრძენთა ერთმანეთსა ელაღობნეს ლაღობათა მათთა მშვენთა გარდახდეს და დაეკაზმნეს უკეთესთა შესხდეს ცხენთა

1009. კვლავ ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არ პირმკვახები დაასკვნეს იგი თათბირი ტარიას განაზრახები გაიყვეს კაცი ასასი ყველაი გმირთა სახები ცხენებსა შესხდეს აიღეს მათ მათი ჩაბალახები

1010. იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა ტარიელ შავსა ზედან ზის ტანითა მით წერწეტითა დალივნეს მტერნი ომითა ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა

1011. ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია რა ზედა წვიმდეს ღრუბელნი და მთათა აღტყდეს ღვარია მოვა და ხევთა მოგრაგნის ისმის ზათქი და ზარია მაგრა რა ზღვათა შეერთვის მაშინ ეგრეცა წყნარია

1012. თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე მიუწდომნია მაგრა ტარიას შებმანი არვისგან მოსანდომნია მზე მნათობთაცა დაჰფარავს არცაღა ნათლად ხომნია აწ იყურებდით მსმენელნო გესმნენ ფიცხელი ომნია

1013. სამთავე სამად გაიყვეს თვითომან თვითო კარები თანა ჰყვა კაცი სამასი ყველაი გმირთა დარები მას ღამით უქნეს სადარნო უცრუო ანაჩქარები გათენდა გაჩნდეს მიმართეს თავისთავ ჰქონდა ფარები

1014. პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად მათ შიგანთა ვერა უგრძნეს ვერცა დახვდეს გულ–ხმიერად გულსა შიში არა ჰქონდა ამოდ დგეს და ნებიერად მიდგეს გარე მუზარადნი დაიხურეს ჟამიერად

1015. ანაზდად ცხენი გაქუსლეს მათრახმან შექნა წრიალი რა ნახეს კარნი გაახვნეს ქალაქით გაჰხდა ზრიალი სამთავე სამგნით მიჰმართეს თავსა მით უყვეს რიალი იკრეს ნობსა და დაბდაბსა შეიქნა ბუკთა ტკრციალი

1016. მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა კრონოს წყრომით შემხედველმან მოიშორვა სიტკბო მზისა მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა ველნი მკვდართა ვერ იტევდა გადიადდა ჯარი მკვდრისა

1017. კაცსა უკრავად დაბნედდის ხმა ტარიელის ხაფისა აბჯარსა ფრეწდის გაცუდდა სიმაგრე ჯავშანქაფისა სამგნითვე კართა შესჯარნეს ჭირნი არ ნახეს კაფისა რა ქალაქს შეჰხდეს შეიქმნა სიხარკე ციხეს სწრაფისა

1018. ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთად შეიყარნეს მტერნი სრულად აეწყვიდნეს სისხლი მათნი მოეღვარნეს უყივლეს და ერთმანერთი ნახეს დიდად გაეხარნეს თქვეს ტარიელ რა იქნაო მისად ჭვრეტად თვალნი არნეს

1019. ერთმანცა არა იცოდა ვერა ცნეს ტარიერისა ციხესა კარსა მიჰმართეს რიდი არ ჰქონდა მტერისა მუნ ნახეს რიყე აბჯრისა ნალეწი ხრმალთა წვერისა ათი ათასი ნობათი უსულო მსგავსი მტვერისა

1020. ისა მცველნი ყველაი იდვა მართ ვითა სნეული ით ფერხამდი დაჭრილი აბჯარი მუნ დახეული იხისა კარნი განხმულნი კართა ნალეწი სრეული ცნეს ნაქმრად ტარიელისად თქვეს საქმე არს მისეული

1021. გზანი დახვდეს შეკაფულნი შევიდეს და გაძვრეს ხვრელსა ნახეს მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა მუზარადი მოეხადა ჰშვენის აკვრა თმისა ლელსა მკერდი მკერდსა შეეწება გარდაეჭდო ყელი ყელსა

1022. ეხვეოდეს ერთმანერთსა აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს ამას ჰგვანდეს ოდეს ერთგან მუშთარ ზუალ შეიყარნეს მზე რა ვარდსა შემოადგეს დაშვენდენ და შუქნი არნენ აქანამდის ჭირნახულთა ამას იქით გაიხარნეს

1023. მათ ერთმანერთსა აკოცეს დგანან ყელგარდაჭდობილნი კვლა შეეწებნეს ხშირხშირად ვარდნი ბაგეთათ პობილნი აწ ესენიცა გავიდეს შეკრბეს სამნივე ძმობილნი მას მზესა მისცეს სალამი წარდგეს მართ ვითა ხმობილნი

1024. მზე მოეგება პირითა ტურფითა მოცინარითა აკოცა მისთა მეშველთა ლაღმან ცნობითა წყნარითა მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყვითა მით ნარნარითა ორივე ერთგან უბნობდეს ამოთა საუბარითა