... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

1025. ტარიელსცა უსალამეს მას ალვისა მორჩსა ვით ხეს მიულოცეს გამარჯვება ერთმანერთი მოკითხეს არა სჭირდა არ ინანეს რომ აბჯარი არ გაითხეს თავნი მათნი გაალომნეს მათნი მბრძოლნი იშვლეს ითხეს

1026. სამასისა კაცისაგან ასსამოცი შეჰყოლოდა ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა მაგრა ცალკერძ უხაროდა მონახეს და არ აცოცხლეს რაცა მბრძოლი დარჩომოდა რომე პოვნეს საჭურჭლენი აწმცა თვალვა ვით ითქმოდა

1027. მოკრიფეს ჯორი აქლემი რაცა ვით პოვეს მალები სამიათასსა აჰკიდეს მარგალიტი და თვალები თვალი ყველაი დათლილი იაგუნდი და ლალები იგი მზე შესვეს კუბოსა არს მათგან განაკრძალები

1028. სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცველია წამოიყვანეს იგი მზე მათიღა წაგვრა ძნელია ზღვათა ქალაქსა დაჰმართეს თუცა გზა მუნით გრძელია თქვეს ფატმან ვნახოთ მუქაფა გვაც მისი გარდუხდელია

ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისულა

1029. ზღვათა მეფესა წინაშე გაგზავნა მახარობელი შესთვალა მოვალ ტარიელ მტერთა მძლე მოსრვით მსპობელი ქაჯეთით მომყავს ჩემი მზე ჩემი ლახვართა მსობელი მწადიან გნახნე პატივით ვითა მამა და მშობელი

1030. აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია მეფეო კარგი ყველაი მე თქვენგან წამკიდებია ფატმანს უხსნია ჩემი მზე სდედებია და სდებია მისად მუქაფად რა გიძღვნა მძულს ცუდი ნაქადებია

1031. მოდი გვნახენ გავიარდეთ ქვეყანასა შენსა ვირე სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღვნი ჩემგან შეიწირე კაცნი შენნი შეაყენენ ციხე მაგრად დაიჭირე მე ვისწრაფი ვერა გნახავ შენ წამოდი ჩემ კერძ ირე

1032. თქვენ უბრძანეთ ჩემმაგიერ უსენს ქმარსა ფატმანისსა გამოგზავნოს ეამების ნახვა მისი ხსნილსა მისსა მისგან კიდე ინატრიდა ჭვრეტასამცა სხვადღა ვისსა ვინ მზესაცა უნათლეა ასრე ვითა ბროლი ფისსა

1033. რა კაცი ტარიელისა ესტუმრა ზღვათა მფლობელსა – წესია გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთომელსა მისცა მადლი და დიდება ღმერთსა მართლისა მბრჭობელსა მაშინვე შეჯდა არ უნდა მისლვა სხვასაღა მხმობელსა

1034. ბარგი აჰკიდა გააგო ქმნა ქორწილისა მათისა მას მოაქვს რიცხვი ტურფათა არს სიდიადე სათისა ფატმან ჰყავს თანა იარა სავალი დღისა ათისა უხარის ნახვა ლომისა და მზისა ხმელთა მნათისა

1035. შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღვათასა გარდახდეს მდაბლად აკოცეს გარესწყდეს ჯარსა სპათასა შეასხეს ქება ტარიელს მან მადლი გაუათასა ქალი რა ნახეს სტრფიალობს შუქსა მას ბროლბაკმათასა

1036. ფათმან ხათუნს მისსა მჭვრეტსა ედებოდა ცეცხლი ნელი მოეხვია გარდუკოცნა ხელი ფერხი პირი ყელი იტყვის ღმერთო რა გმსახურო გამინათლდა რათგან ბნელი ვცან სიმოკლე ბოროტისა კეთილია მისი გრძელი

1037. ქალი ფათმანს ეხვეოდა ტკბილად იტყვის არგამწყრალი ღმერთმან გული განმინათლა გახეთქილი გაცამწკრალი აწ აგრე ვარ გავსებული წინას ვიყავ ვითა მცხრალი მზემან შუქნი შემომადგნა ვარდივით ვჩან არდამზრალი

1038. ზღვათა მეფე გარდაიჴდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა ქაჯეთიცა დაუმადლა არ გაუშვა დღესა შვიდსა უხვად გასცემს საბოძვარსა საჭურჭლესა ანაკიდსა პერპერასა დაპანტულსა ზედა ცვეთდეს ვითა ხიდსა

1039. მუნ იდვის გორი ლარისა სტავრისა და ატლასისა ტარიელს უძღვნა გვირგვინი ვერ დანადები ფასისა იაგუნდისა მრთელისა ყვითლისა მეტად ხასისა კვლა ერთი ტახტი ოქროსი წითლისა მართ ხალასისა

1040. ნესტანდარეჯანს ყაბაჩა უძღვნა შემკული თვალითა იაგუნდითა წითლითა ბადახჩითა და ლალითა დასხდეს ორნივე ქალყმანი პირითა ელვამკრთალითა მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა

1041. ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა უსაზომო დიდი ძღვენი ძვირფასისა უნაგირი უკეთესი თვითო ცხენი თითო კაბა თვალიანი უცხო ფერთა შუქთა მფენი მოახსენეს მადლი რა ვთქვათ სვიანმცაა დავლა თქვენი

1042. ტარიელ მადლსა გარდიხდის ტურფა სიტყვითა ენითა დიდად ვიამე მეფეო პირველ ნახვითა თქვენითა მერმე აგვავსენ მრავლითა უცხოთა ტურფა ძღვენითა ვიცი შორიშორ არჩავლა ჩვენ თქვენი კარგად ვქმენითა

1043. ზღვათა მეფე მოახსენებს ხელმწიფეო ლომო ქველო მოახლეთა სიცოცხლეო ვერ მჭვრეტელთა შორით მკლველო მსგავსი თქვენი რამცა მეძღვნა შვენიერო სანახველო რა მოგშორდე რა მერგების საჭვრეტელად სასურველო