... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

1044. ტარელ ფათმანს უბრძანა მე თავი შენი მიდია დავ გული შენი ჩემზედა გარდაუხდელი დიდია აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია მომიცემია წაიღე არ კიდე მომიყიდია

1045. ფათმან ხათუნ თაყვანის სცა ჰკადრებს მადლსა მეტის მეტსა მემეფეო შენი ნახვა მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა რა მოგშორდე რა ვიქნები მე დამაგდებ ვითა რეტსა ახ ნეტარძი მოახლეთა ვაგლახ თქვენსა ვერა მჭვრეტსა

1046. ზღვათა მეფესა ეტყყვიან ორნივე შუქთა მაფენი კბილნი ბროლნი და ბაგენი სადაფთა მოსადაფენი უთქვენოდ მყოფსა არ გვინდან ნიშაგნი საჩანგდაფენი მაგრა გაგვიშვენ წავიდეთ ჟამია ვართ მოსწრაფენი

1047. შენ იყავ ჩვენი მშობელი და ჩვენი საესავიო მაგრა ამასცა ვიაჯით გვიბოძო ერთი ნავიო მეფემან ბრძანა არა მშურს სამიწოდ თქვენად თავიო რათგან ისწრაფი რა გკადრო წა გიწინამძღვრდეს მკლავიო

1048. მეფემან ნავიხომალდი მოჰკაზმა ზღვისა კიდესა გამოემართა ტარიელ გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა თავსა იცემდეს იგლეჯდეს თმაწვერსა გაიყრიდესა ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა

ტარიელისაგან ფრიდონისას მისვლა ნესტან დარეჯანითურთ

1049. გამოვლნეს ზღვანი სამთავე ერთგან ძმად შენაფიცართა კვლა ამტკიცებდეს სიტყვათა მათ პირველ დანამტკიცართა ჰშვენის მღერა და სიცილი მათ მისთა არუიცართა ბაგეთათ შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა

1050. მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად კვლა ფრიდონის თავადთასა ნაომართა მათთა მთხრობლად მანდა მოვა მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად ჩვენ დამზრალნი აქანამდის აწ გავხედით დაუზრობლად

1051. იგი მზე შესვეს კუბოსა იარეს გზა ზღვის პირისა მიყმაწვილობდეს უხარის მათ გარდახდომა ჭირისა მივიდეს სადა ქვეყანა იყო ნურადინ გმირისა მოეგებნიან ისმოდის ხმა სიმღერისა ხშირისა

1052. მუნ მიეგებნეს ყოველნი ფრიდონის დიდებულები ასმათი სავსე ლხინითა ვის აღარ აჩნდა წყლულები ნესტანდარიჯს ზედ მოეჭდო რომე ვერ გაჰყრის ცულები აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები

1053. ნესტანდარეჯან ეხვევის პირსა აკოცებს პირითა უბრძანა ჩემო ვაგლახ მე შენცა აგავსე ჭირითა აწ ღმერთმან მოგვცა წყალობა ვცან მისი არსიძვირით ა მე გულსა შენსა ეზომსა არ ვიცი გარდვიხდი რითა

1054. ასმათ ჰკადრა მადლი ღმერთსა ვარდნი ვნახენ არდაზრულნი ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩს ოდეს გნახენ მხიარულნი სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონყმანი მოყვარულნი

1055. დიდებულთა თაყვანის სცეს მოახსენეს დიდი ქება რომე ღმერთმან გაგვახარნა კურთხეულა მისი ღმრთება ჩვენ გვიჩვენნა პირი თქვენი აღარა გვწვავს ცეცხლთა დება წყლულსა მისგან დაკოდილსა მასვე ძალუც განკურნება

1056. მოვიდეს და პირი ხელსა დასდვეს აგრე გარდაჰკოცნეს მეფე ეტყვისძმათა თქვენთა თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს იგი შვებას საუკუნოს ცხადად პოვეს არ იოცნეს ერთსა მიხვდეს საზიაროდ დიდებანი იასოცნეს

1057. თუცა მე მათი დახოცა მტკივის და სატკივარია მაგრა მათ მიჰხვდა უკვდავი მუნ დიდი საჩუქვარია ესე თქვა ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია ნარგისთათ იბრძვის ბორიო ვარდსა ზრავს იანვარია

1058. მუნ ატირდეს ყველაკანი რა ტირილად იგი ნახეს რაცა ვისცა დაჰკლებოდა მათ ტირილით სულთქმით ახეს დადუმდეს და მოახსენეს რათგან ბრძენთა მზეებრ გსახეს თქვენთა მჭვრეტთა მღერა ჰმართებს რასათვისმცა ივაგლახეს

1059. ვინ ღირსა თქვენგან ეგზომსა ტირილსა შეჭირვებასა თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს მიწათა ზედა რებასა კვლა ფრიდონ ჰკადრა მეფესა ნუ რად იქმ გამწარებასა ღმერთიმცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა

1060. ავთანდილცა მიუმტკივნა იტყვის დიდსა სიმძიმილსა მათ შეასხეს ქება უთხრეს მივსცნეთ თავნი აწ ღიმილსა რათგან მიხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა აღარა ვსტირთ სატირალსა აღარ დავსდებთ თვალთა მილსა

1061. მივიდეს სადა ქალაქი დიდი მულღაზანზარია სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა გახდა ზათქი და ზარია დაბდაბისა და ქოსისა ხმა ტურფად შენათხზარია მოატყდეს მოქალაქენი დააგდეს მუნ ბაზარია

1062. შუკათა მოდგნეს ვაჭარნი ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია შორს უარებდეს სარანგნი ხელთა აქვ მათ აბჯარია მოიჯრებოდეს ჯალაბნი სარანგთა დამსაჯარია მათად საჭვრეტლად მიშვება მუნ მათგან ნააჯარია