... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

1160. შეყარნა სპანი არაბეთს აღარა ხანსა ზმულია კაცი ოთხმოცი ათასი ყველაი დაკაზმულია კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხვარაზმულია არაბთა მეფე მათითა გაყრითა ნაღველჭმულია

1161. ერთმანერთისა გაყრილნი ქალნი ორნივე დობილნი ერთმანერთისა დადფიცნი სიტყვისა გამონდობილნი მკერდითა მკერდსა შეკრულნი ყელისა გარდაჭდობილნი ტიროდეს მათთა მჭვრეტელთა გულიმცა ესხნეს წდობილნი

1162. მთვარე ცისკრისა ვარსკვლავსა რა თანა შეესწოროსა ორნივე სწორად ნათობენ მოშორდეს მოეშოროსა არა თუ იგი მოშორდეს მართ ცამან მოაშოროსა მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან ხამს თავი იქედგოროსა

1163. მათთავე სახედ რომელსა ესენი დაუბადიან იგივე გაჰყრის სიშორე არა თუ ნებით სწადიან ვარდსა წებვენ და აპობენ ტირან და ცრემლნი ჩასდიან მათთა გამყრელთა ყოველთა სიცოცხლე არ იქადიან

1164. ნესტანდარეჯან თქვა ნეტამც ყოლე არ შეგეცნებოდი მზისა გამყრელი გაყრითა აწ ასრე არ დავდნებოდი ამბავსა სცნევდი მაცნევდი წიგნითა მეუბნებოდი ვითა მე შენთვის დამწვარვარ აგრე შენ ჩემთვის სდნებოდი

1165. თინათინ უთხრა ჰე მზეო შენთა მჭვრეტელთა ლხინებო რადმცა გაგწირე თუ ვითა გაყრასა მოვითმინებო ღმრთისაგან დღეთა თხოვისა ნაცვლად სიკვდილი ვინებო აგრემცა მივი რაზომსა მე ცრემლსა დავიდინებო

1166. კვლა აკოცეს ერთმანერთსა გაიყარნეს იგი ქალნი ქვე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყვიდნა ყოლა თვალნი იგი იჭვრეტს უკუღმავე ედებოდეს ამით ალნი რომე მწადდეს ვერ დავწერენ მე სიტყვანი ნაათალნი

1167. როსტან მათითა გაყრითა ხელთაგან უფრო ხელდების ათასჯერ იტყვის ვაგლახსა არ სულთქმა უერთხელდების ცხელი სდის წყარო ცრემლისა მართ ვითა ქვაბი ცხელდების ტარიელ არის დაღრეჯით ფიფქი ნასდების თხელდების

1168. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხვევნით და კოცებით იტყვის თუ თქვენი სიახლე მიჩს აქამდისცა ოცებით რადგან მოგშორდი დავრჩები პატიჟთა გაასოცებით შენგან მოგვეცა სიცოცხლე შენგანვე დავიხოცებით

1169. ტარიელ შეჯდა მეფისა გამყრელი გამომსალამე სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი მინდორთა სალამე მზე შენ გელმისო საომრად და თავი შენ მას ალამე უბრძანა თქვენთვის მტირალსა ყოლა რად მიჩნდეს სალა მე

1170. გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა ტარიელ ფრიდონ ავთანდილ თავითა მეტად კარგითა კაცი ორმოცი ათასი ჰყვა ცხენებითა ვარგითა მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა

1171. სამ თვე ვლეს ღმერთსა მათებრ სხვა ნურა ნუ დაჰბადოსა მოეგებნიან მტერობა ვერავინ დაიქადოსა მინდორსა შიგან სადილად გარდახდეს უდელადოსა ვითა მართებდათ პურობდეს ღვინოსა სმიდეს არ დოსა

1172. ჩემთვის ბნელქმნილო მამაო ნათელო თვალთა ჩემთაო ჩემთა რა გაცნევს ამბავსა გულისა მონაცემთაო მზეო რადღა გაქვს სინათლე რად ღა ანათობ თემთაო რად არ დაიქეც ქვეყანავ რად ღა ჰმართიხარ ზე მთაო

1173. ტარიელ მოსთქვამს გამზრდელო ჰა ჰა რა საქმე მსმენია მიკვირს თუ მზეღა რად ჰნათობს რად არა დაუჩენია მზე მოჰკვე ყოვლთა სულდგმულთა სოფელი აღარ შენია ღმერთსა მოჰმადლე შემინდევ რაცა შენ ჩემგან გწყენია

1174. მაშინ გაჴდეს ყველაკანი მტირალად და ცრემლთა მღვრელად დიდი ხანი მოიტირეს თავის თავის გაუყრელად ავთანდილ და ფრიდონ ტირან გულ სადაგად არ თუ ჭრელად მაგრა ექმნნეს სულსა მღებელ კათოლიკოს მაწყვერელად

1175. ზე ადგეს და მოახსენეს ჰე მნათობნო ცისა მზენო დასთმეთ გული დაიწყნარეთ ქენით რაცა მოგახსენო იგი ღმერთმან გაამაღლა ვითა ორბი მისნო ფრთენო აქ ყოფნა არა გვმართებს არცაღა გვცალს გლოვად ჩვენო

1176. მადლი უბრძანეს აწვივნეს ქვე დასხეს ზე ადგომილნი მუნვე დგეს იგი ვაჭარნი პირსა ფერ ჰაერ კრთომილნი გაკვირვებულნი საბრალოდ მართ ვერას ვერ მიხდომილნი ებრძანა ძმაო რა გიკვირს ჩვენ იგი ვართ წახდომილნი

1177. კვლა უბრძანებდეს გვიამბეთ ამბავი დანარჩომია მათ მოახსენეს პატრონო ჰინდოეთს დიდი ომია მოსულა ხათა ლაშქარი ქალაქსა შემოსდგომია რამაზ არს ვინმე ხელმწიფე მათად პატრონად მჯდომია

1178. ჯერთ დედოფალი ცოცხალა მკვდართაგან უფრო მკვდარია იბრძვის ლაშქარი ჰინდოთა თუც იმედგარდამწყდარია გარეთ ციხენი წაუხმან ყველაი გარდამხდარია მზეო თქვენ შუქნი მიჰფინეთ ჰაი რა ავი დარია

1179. მუნა მყოფსა ყველაკასა შეეკერა ჩვენცა შავი რამაზს წინა გამოვედით მისრულად ვთქვით ჩვენი თავი მეფე ჩვენი დიდი არის მათ ეწადა მისი ზავი გამოგვიშვა წავიდეთო არა გვიყო ყოლა ავი