... (S-4997), XIX ს.

20. შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი საღ~თო საღ~თოდ გასაგონი მსმენელთათვის დიდი მარგი კულავ აქაცა იამების ვინცა ისმენს კაცი ვარგი გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის შაირია ამად კარგი

21. ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა მობურთალსა მოედანი მართლად ცემა მარჯვედ ქნევა მართ აგრევე მელექსეთა ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა

22. მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა რა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა დაუწყოს ლექსმან ძვირობა არ შეამოკლოს ქართული არა ქნას სიტყუა მცირობა ჴელ მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა იხმაროს დიდი გმირობა

23. მოშაირე არა ჰქვიან თუ სადმე სთქვას ერთი ორი თავი ყოლა ნუ გონია მელექსეთა კარგთა სწორი განაღა სთქვას ერთი ორი უმსგავსო და შორი შორი მაგრა იტყვის ჩემი სჯობსო უცილობლობს ვითა ჯორი

24. მეორე ლექსი ცოტაი ნაწილი მოშაირეთა არ ძალუც სრულ ქმნა სიტყვათა გულისა გასაგმირეთა ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა დიდსა ვერ მოჰკვეთს ჴელად აქვს ჴოცა ნადირთა მცირეთა

25. მესამე ლექსი კარგი არს სანადიმოდ სამღერელად სააშიკოდ სალაღობოდ ამხანაგთა სათრეველად ჩვენ მათიცა გვიამების რაცა ოდენ სთქვან ნათელად მოშაირე არა ჰქვიან ვერას იტყვის ვინცა გრძელად

26. ჰჴამს მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმუბდეს ერთი უჩნდეს სამიჯნურო ერთსა ვისმე აშიკობდეს ყოვლსა მისთვის ჴელოვნობდეს მას აქებდეს მას ამკობდეს მისგან კიდე ნურა უნდა მისთვის ენა მუსიკობდეს

27. ჩემი აწ ცანით ყოველმან მას ვაქებ ვინცა მიქია ეს მიჩანს დიდად სახელად არ თავი გამიქიქია იგია ჩემი სიცოცხლე უწყალო ვითა ჯიქია მისი სახელი შეფრქვევით ქვემორე მითქვამს მიქია

28. ვსთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა ძნელად სათქმელი საჭირო გამოსაგები ენათა იგია საქმე საზეო მომცემი აღმა ფრენათა ვინცა ეცდების თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა

29. მას ერთსა მიჯნურობასა ჭკუიანნი ვერ მიხვდებიან ენა დაშვრების მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან ვთქვენ ხელობანი ქვენანი რომელნი ჴორცთა ხვდებიან მართ მასვე ჰბაძვენ თუ ოდეს არ სიძვენ შორით ბნდებიან

30. მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა მით რომე შმაგობს მისისა ვერ მიხვდომისა წყენითა ზოგთა აქვს საღმრთო სიახლედაშურების აღმა ფრენითა კულავ ზოგთა ქვე უც ბუნება კეკლუცთა ზედან ფრენითა

31. მიკვირს კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა ვინცა უყვარს რად აყივნებსმისთვის მკუდარსა მისთვის წყლულსა თუ არ უყვარს რად არა სძულს რად აყივნებს რაცა სძულსა ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა

32. თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს ტირილსა ემართლების სიარული მარტოობა შვენის გაჭრად დაეთვლების იგონებდეს მისგან კიდე ნურა ოდეს მოეცლების არ დააჩნდეს მიჯნურობა ჰსჯობს თუ კაცსა იახლების

33. ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების უხვი ახსნილსა დააბამს იგი თვით ების ვინ ების უხვად გასცემდი ზღვათაცა შესდის და გაედინების

34. მეფეთა შიგან სიუხვე ვით ედემს ალვა რგულია უხვსა მორჩილობს ყოველი იგინიც ვინ ორგულია სმა ჭამა დიდად შესარგი დება რა სავარგულია რასაცა გასცემ შენია რაც არა დაკარგულია

35. ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა ყურსა უპყრობდა ისმენდა წვრთასა არ მოიწყინებდა მეფე სმასა და მღერასა იქს მეტად მოილხინებდა თინათინ მზესა სწუნობდა მაგრა მზე თინათინებდა

36. მოიხმო მისი გამზრდელი ერთგული ნაერთგულევი უბრძანა ჩემი საჭურჭლე შენგან დანაბეჭდულევი მომართვი ჩემი ყველაი ჩემი ნაუფლისწულევი მოართვეს გასცა უზომო უანგარიშო ულევი

37. მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა მეფემ ბრძანა ვიქ საქმესა მამისაგან სწავლებულსა ჩემსა ნუვინ ნუ დამალავს საჭურჭლესა დადებულსა

38. უბრძანა წადით გახსენით რაცა სად საჭურჭლენია ამილახორო მოასხი რემა ჯოგი და ცხენია მოიღეს გასცა უზომო სიუხვე არ მოსწყენია ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი მართ ვითა მეკობრენია

39. ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა ვითა ნათურქალსა მას ტაიჭსა არაბულსა ქვე ნაბამსა ნასუქარსა რომე გვანდა სიუხვითა ბუქსა ზეცით ნაბუქარსა არ დაარჩენს ცარიელსა არ ყმასა და არცა ქალსა