... (Q-376), XIX ს.

60. კულავ ჰბრძანეს მონა თორმეტი, შევჰსხათ ჩუჱნთანა მარებლად. თორმეტი ჩუჱნდა ისრისა, მომრთმელად მოსახმარებლად. ერთია შენი შერმადინ, არს მათდა დასადარებლად. ნასროლ ნაკრავსა ჰსთუალჳდენ, უტყუვრად მიუმცდარებლად:-

61. მონადირეთა უბრძანეს, მინდორი მოიარენით. დაჰსცევით ჯოგი მრავალი, თავნი ამისთჳს არენით. ლაშქარნი სამზოდ აწჳვნეს, მოდით და მოიჯარენით. მათ სრულჰყუჱს სმა ნადიმი, მუნ ამაოდ გავიხარენით:-

62. დილასა ადრე მოვიდა, იგი ნაზარდი სოსანი. ძოწეულითა მოსილიპირად, ბროლ ბალახშოსანი. პირს ოქროს რიდე ეხვია, ჰშუჱნოდა ქარქაშოსანი. მეფესა გასვლად აწუჱვდა, მოდგა თეთრ ტაიჭოსანი:-

63. შეეკაზმა მეფე შეჯდა, ნადირობად გამოვიდეს. მრგულივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყად გარე შემოჰკროდეს. ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარჳდეს. ნაძლეჳსა მათისათჳს, ისროდეს და ერთგან ჰსრვიდეს:-

64. უბრძანა მონათ თორმეტთა, მოდით ჩუჱნთანა ვლიდითა. მშჳლდასა ფიცხელსა მოგუცემდით, ისარსა მოგუართმიდითა. ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დაჰსთუალჳდითა. დაიწყეს მოსვლა ნადირთა, ყოვლთა მინდორთა კიდითა:-

65. მოჳდა ჯოგი ნადირთა, ანგარიშ მიუწთომელი. ირემი თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლა მხტომელი. მას პატრონ ყმანი გაუხდეს, ჭურეტადმცა ჰსჯობდეს რომელი. აჰა მშჳლდი და ისარი, და მკლაჳ დაუშრომელი:-

66. ცხენთა მათთა ნატერფალნი, მზესა შუქთა წაუხმიდეს. მიჰჴოცდეს და მიესროდეს, მინდორს სისხლსა მიასხმიდეს. რა ისარნი დაელივნნისთ, მონანი ყე მიართმიდეს. მჴეცნი მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წაჰსდგმიდეს:-

67. იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს. დაჰჴოცეს და ამოსწყჳტეს, ცათა ღ~თი შეარისხეს. ველნი წითლად შეცაღებნეს, მათ რომ ნადირთ სისხლი ისხეს. ავთანდილის შემხედუჱლთა, ჰგავსო ალვაა ედემს ისხეს:-

68. იგი მინდორი დაჰლივეს, მართ მათგან განარბენია. მინდორსა იქით წყალი ჰსდის, და წყალის პირსა კლდენია. ნადირნი ტყესა შეესწრეს, სადა ვერა ჰრბის ცხენია. იგი მაშურალნი ორნივე, მოჰსწყდეს რაზომცა მჴნენია:-

69. ერთმანერთსა თუ მე გჯობო, სიცილით ეუბნებოდეს. ამხანაგობდეს ლაღობდეს, იქით და აქათ ჰსდგებოდეს. მერმე მოჳდეს მონანი, რომელნი უკან ჰყუჱბოდეს. უბრძანა ჰსთქჳთო მართალი, ჩუჱნ თქუჱნგან არ გვეთნებოდეს:-

70. მონათა ჰკადრეს მართალსა, გკადრებთ და ნუ გემცდარებით. მეფეო ყოლა ვერ ვიტყჳთ, შენსა მაგისსა დარებით. აწვეცა დაგვხოც ვერათ ჰგავ, ვერათ ვერ მოგეხმარებით. ვისგან ნაკრაჳთ გჳნახავს, მჴეცნი ვერ წაღმა წარებით:-

71. ორთაუჱ ერთგან მოკლული, ყუჱლაი ასჯერ ოცია. მაგრამ ავთანდილს ოცითა, უფროსი დაუხოცია. არ დაჰსცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყორცია. თქუჱნი მრავალი მიწითა, დასურილი წარგჳხოცია:-

72. მეფესა ესე ჰამბაჳ, უჩანს ვით მღერა ნარდისა. უხარის ეგრე სიტურფე, თჳსისა განაზარდისა. აქუს მიჯნურობა მასზედა, ვითა ბულბულსა ვარდისა. სიცილით ლაღობს მიეცა, გულით ამოსვლა დარდისა:-

73. იგი ორნივე საგრილად, გარდახდეს ძირთა ხეთასა. ლაშქართა შექნეს მოდენა, მოდგეს უმრავლეს ტევრთასა. ახლოს უდგსთ მონა თორმეტი, უმჴნესი სჴუათა მჴნეთასა. თამაშობდეს და უჭურეტდეს, წყალსა და პირთა ჴევთასა:-

ნახუა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა (3)

74. ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი წყალის პირსა. შავი ცხენი სადაჳთა, ჰყუა ლომსა და ვითა გმირსა. ჰხშირად ესხა მარგარიტი, ლაგამ აბჯარ უნაგირსა. ცრემლსა ვარდი დაერთრთჳლა, გულსა მდუღრად ანატირსა:-

75. მას ტანსა კაბა ემოსა, გარე თმა ვეფხისტყავისა. ვეფხისტყავისა ქუდივე, იყო სარქმელი თავისა. ჴელთა ნაჭედი მათრახი, ჰქონდა უმსხოსი მკლავისა. ნახეს და ნახვა მოუნდათ, უცხოსა სანახავისა:-

76. როსტევანს ცნობა მოსურდა, ჰსჭურეტს ყმასა განკვირვებული. უბრძანა მონას მიდიო, ვინარს მზებრ განათლებული. მოჳდეს ვნახოთ შეჳტკბოთ, რად არს გლახ დაჭმუნებული. რა უმძიმს რა ჰსჭირს გუაცნობოს, ჰსწამს თუ ზე დასთა კრებული:-

77. მიჳდა მონა საუბრად, მის ყრმისა გულმდუღარისად. თავ ჩამოგდებით მტირლისა, არ ჭურეტით მოლიზღარისად. მუნუჱ წჳმს წჳმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარისად. ახლოს მიჳდა მოსცალდა, სიტყჳსა თქმად აღარისად:-

78. ვერა ჰკადრა საუბარი, მონა მეტად შეუზარდა. დიდსხანს უჭურეტს გაკჳრვებით, თუცა გული გაუმაგრდა. მოახსენა გიბრძანებსო, ახლოს მიდგა დაუწყნარდა. იგი ჰსტირს და არა ესმის, მისგან გაუუმეცარდა:-