... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

818. მოახსენა საწოლს ვპოვე, ესე მისგან დანაწერი დგეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯა თმა და წვერი იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს არცა ბერი მე თუ მომკლავთ მემართლებით, სიცოცხლე მჭირს შეუფერი

819. რა ანდერძი წაიკითხეს, კვლა იტირეს დიდი ხანი მერმე ბრძანა მხიარულსა, ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და ქვრივნი სხვანი შევეწივნეთ მშვიდობისა, ნუთუ ღმერთმან მისცეს გზანი

წასვლა ავთანდილისა მეორედ გაპარვით და ტარიელის შეყრა

820. მთვარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება გაანათლებს რა იახლოს შუქი დასწვავს, გაეყრების ვერ იახლებს მაგრა ვარდსა უმზეობა, გაახმობს და ფერსა აკლებს ჩვენ ვერჭვრეტა საყვარლისა, ჭირსა ძველსა გაგვიახლებს

821. აწყა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა მივა და მიტირს გულმდუღრად, ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა წამწამ მობრუნდის იაჯდის, მისთვის მზისავე მზობასა უჭვრეტდის თვალნი ვერ მოჰხსნნის, თუ მოჰხსნნის მიჰხდის ცნობასა

822. რა მიეახლის დაბნედად, ვერ ხელ ყვის გაძრვად ენისად მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან, მსგავსად დიჯლისა დენისად ზოგჯერ დაბრუნდის იჭვრეტდის, ღონედ პატიჟთა თმენისად რა გაემართის არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად

823. თქვა ჩემო შენი შორს მყოფი, კრულია ვინცა დადუმდეს რათგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს თვალთა მტირალთა შეხედვა, შენივე სწადდეს და უნდეს სჯობს საყვარელსა მოყვარე, რაზომცა დაუზაბუნდეს

824. მე რა ვქნა შენად შეყრამდის, ანუ რას ვეჭვდე ლხენასა თავსა მოვიკლავ მე თუცა, შენგან არ ვეჭვდი წყენასა მაგრა შენ გაწყენ ჩემისა, არსიცოცოხლისა სმენასა მოდი და მივსცნე ცოცხალმან, თვალნი ცრემლისა დენასა

825. ტირს იტყვის დადვა კეშნი, ლახვარმან ჩემთვის ათმანო ჰინდოთა რაზმან ჩემად კლვად, თქვა ესე ტევრი ვთხზა თმანო თვალთა გიშერი აშვენებს, სათმან რად მომკლა სათმანო ბაგე კბილო და თვალწარბო, მომცემდი პატიჟთა თმანო

826. იტყვის ჰე მზეო ვინ ხატად, გთქვის მზიანისა ღამისად ერთარსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად ვის გმორჩილობენ ციერნი, ერთის იოტის წამისად ბედსა ნუ მიქცევ მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად

827. ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან, ფილოსოფოსნი წინანი შენ მიშველე რა ტყვექმნილსა, ჯაჭვნი მაბიან რკინანი ბროლ ბადახშისა მძებნელმან, სათნი დავჰკარგე მინანი მაშინ ვერ გავძელ სიახლე, აწ სიშორესა ვინანი

828. ამას მოთსქმიდის იწვოდის, ვითა სანთელი დნებოდის დაყოვნებისა მოშიში, ისწრაფდის იარებოდის რა შეუღამდის ვარსკვლავთა, ამოსლვა ეამებოდის მას ამსგავსებდის ილხენდის, უჭვრეტდის ეუბნებოდის

829. მთვარესა ეტყვის იფიცე, სახელი ღმერთისა შენისა შენ ხარ მომცემი მიჯნურთა, მიჯნურობისა სენისა შენ გაქვს წამალი მისისა, მოთმინებისა თმენისა მიაჯე შეყრა პირისა, შენგამო შენებრ მშვენისა

830. ღამე ალხენდის დღე სჯიდის, ელის ჩასლვასა მზისასა რა წყალი ნახის გარდიხდის, უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა მას თანა რთვიდის ნაკადსა, სისხლისა ცრემლთა ტბისასა კვლა გაემართის ისწრაფდის, წასლვასა მისვე გზისასა

831. მარტო მოსთქმიდის ტიროდის, ტანად ალვისა ხიანი მინდორს თხა მოკლის სადაცა, ადგილი დახვდის კლდიანი შეწვის ჭამის და წავიდის, პირ მზე გულმარიხიანი იტყვის დავჰყარენ ვარდნი და, აჰა მე ვაგლახ იანი

832. აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა, მე მის ყმისა ნაუბარსა მიუბნობდის რას მოთქმიდის, რას ტურფასა რაზომ გვარსა ზოგან თოვლი გაეწითლის, ვარდსა ბრჭლითა ნახოკარსა ქვაბნი ნახნა გაეხარნეს, ზე გავიდა ქვაბთა კარსა

833. რა ასმათმან დაინახა, მოეგება ცრემლი სწვთების ვით იამა სიხარულსა, მართ ვეღარას ვერ მიხვდების ყმა გარდახდა მოეხვია, აკოცებს და ეუბნების კაცი კაცსა მოელოდეს, მოსლვა დია ეამების

834. ყმა ქალსა ეტყვის პატრონი, ნეტარ სად არის და ვითა ქალი ატირდა ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა ეტყვის რა წახველ გაიჭრა, ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა აწ მისი არა არ ვიცი, არ ნახვით არ ამბავითა

835. ყმა დაჭმუნდა ვითამც რამე ჰკრეს, ლახვარი გულსა შუა ქალსა ეტყვის აჰა დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა იგი ფიცი ვით გატეხა, არ ვეცრუე ვით მეცრუა ვერ იქმოდა რად მიქადა, თუ მიქადა რად მიტყუა

836. თუ უმისოდ სოფელს ყოფა, რათგან ჩირად არ მიღირდა რად დავვიწყდი რად მივსცილდი, რად ვერ გაძლო რა მისჭირდა მან გატეხა ზენარისა, რად შემართა ვით გაპირდა მაგრა ავის ბედისაგან, ჩემი რამცა გამიკვირდა