... (H-742), XIX ს.

683. ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი რომელთაცა კვლავ უვლია. მოგვინახონ იგი მთვარე ვისთვის ჭირი არ გვაკლია. მუნამდისცა მოიჭირვე გონებამან არ დაგლია. ყოლა ჭირი არ ეგების თუცა ლხინმან არ დასძლია.

684. კაცნი ვუხმენ მასვე წამსა ესე საქმე დაიურვეთ. უბრძანა თუ ნავებითა წადით ზღვა ზღვა მოიცურვეთ. მოგვინახეთ საყვარელსა მისსა მისთვის მოასურვეთ. თავსა ჭირი უათასეთ რამც უშვიდეთ რადმცა ურვეთ.

685. აჩინნა კაცნი სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს. უბრძანა სძებნეთ ყოველგან რაცა ვის მისი გსმენოდეს. მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ პატიჟნი მორე მლხენოდეს. უმისოდ ლხინი მინახავს ამა დღისათვის მრცხვენოდეს.

686. ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საპატონოსა. მითხრა თუ მცდარ ვარ აქამდის ვერ მივხუდი გასაგონოსა. ხარ დიდი მეფე ინდოთა რა ვით ვინ მოგაწონოსა. ვინ არის კაცი რომელმან თავი არ დაგამონოსა.

687. რას ვაგრძელებდე მოვიდეს ყოვლგნით ამბისა მძებნელი. ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშრობელი. ვერა ვერ ეცნოთ ვერ იყვნეს ვერას ამბისა მბობელი. მე უფრო მდინდეს თვალთაგან კვლავ ცრემლი შეუშრობელი.

688. მე ფრიდონს ვუთხარ ესე დღე ვითა მესაზაროების. ამისად მოწმად ღმერთი მყავს სათქმელად მეუცხოების. უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების. დავხსნილ ვარ ლხინსა ყოველსა მით გული ჭირსა მოების.

689. მაშა მე მისსა ამბავსა რადგან აღარას მოველი. ვეღარ ვიქმნები გამიშვი ვარ ფარმანისა მთხოველი. ფრიდონს რა ესმა ატირდა სისხლითა მოერწყო ველი. მითხრა თუ ძმაო დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი

690. თუცა დია მოიჭირვეს ვერცა ეგრე დამიჭირეს. მისთა სპათა მუხლ მოყრილთა თავი მათი ჩემკერძ ირეს. მეხვეოდეს მაკოცებდეს ატირდეს და ამატირეს. ნუ წახვალო დაგაწამოთ სიცოცხლეა ჩვენი ვირეს.

691. ეგრე ვუთხარ თქვენი გაყრა მეცა დია მეძნელების. მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების. ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ თქვენცა დია გებრალების. ნუვინ მიშლით არ დავდგები არცა ვისგან დამეშლების.

692. მერმე ფრიდონ მოიყვანა მიძღვნა ესე ჩემი ცხენი. მითხრა ხედავ პირი მზისა თქვენ საროსა ეგეც ხენი. ვიცი მეტი არა გინდა ძღვენი რამცა გავკიცხენი. თვით ამანვე მოგაწონნეს სახედრობა სიფიცხენი.

693. ფრიდონ გამამყვა წავედით ორთავე ცრემლნი ვღვარენით. მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ ზახილით გავიყარენით. სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად არ ენით. გაზრდილ გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავნი დავადარენით.

694. ფრიდონისით წამოსრულმან წავე ძებნად კვლავ ვიარე. რომე არა არ დამირჩა ხმელთა ზედა ზღვათა გარე. მაგრა მისსა მნახავსაცა კაცსა ვერას შევეყარე. გული სრულად გამიშმაგდა თავი მხცთა დავადარე.

695. ვთქვი თუ ჩემგან აღარაა სიარული ცუდი ცურვა. ნუთუ მხეცთა სიარულმან უკუმყაროს გულსა ურვა. მონათა და ამ ასმათსა სიტყვა უთხარ შვიდი თუ რვა. ვიცი რომე დამირჯიხართ დია გმართებს ჩემი მდურვა.

696. აწ წადით და მე დამაგდეთ ეტერენით თავთა თქუენთა. ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა თვალთა ჩემთა მონადენთა. რა ესენი მოისმენდეს საუბართა ესოდენთა. მითხრეს ჰაი ჰაი რასა ბრძანებ ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა.

697. უშენოსა ნუცა ვნახავთ ნუ პატრონსა ნუ უფალსა. ნუთუ ღმერთმან არ გაგვყარნეს ცხენთა თქვენთა ნატერფალსა. თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა შვენიერსა სატურფალსა. თურე ბედი მოაღაფლებს კაცსა ეზომ არ ღაფალსა.

698. ვეღარ გავგზავნენ სიტყვანი მესმნეს მონათა ჩემთანი. მაგრა დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი. სახლად სამყოფნი მიმაჩნდის თხათა და მათ ირემთანი. გავიჭერ სრულად დავტკეპნე ქვე მინდორნი და ზე მთანი.

699. ესე ქვაბნი უკაცურნი ვჰპოვენ დევთა შეეკაფნეს. შემოვები ამოვწყვიტენ ყოლე ვერას ვერ მეხაფნეს. მათ მონანი დამიხოცეს ჯაჭუნი ავად მოექაფნეს. საწუთრომან დამაღრიჯნა ცქაფნი მისნი კვლავ მეცქაფნეს.

700. დევთა ყვირილი ზახილი ზე ცამდის აიწეოდა. მათისა ლახტის ცემითა ქვეყანა შეირყეოდა. მზე დააბნელეს მტვერითა ალვის შტო შეირხეოდა. ასნი ერთ კერძო მამიხდეს დავჰფრიწე დაიხეოდა.

701. აჰა ძმაო მაშინდიდგან აქა ვარ და აქა ვკვდები. ხელი მინდორს გავიჭრები ზოგჯერ ვსტირ და ზოგჯერ ვბნდები. ესე ქალი არ დამაგდებს არს მისთვისვე ცეცხლ ნადები. ჩემად ღონედ სიკვდილისა მეტსა არას არ ვეცდები.

702. რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს. ამად მიყვარს ტყავი მისი ჩემთვის კაბად მამინახავს. ესე ქალი შემიკერავს ზოგჯერ სულთქვამს ზოგჯერ ახავს. რადგან თავი არ მამიკლავს ხრმალი ცუდად მომიმახავს.