... (H-742), XIX ს.

645. მულღაზანზარის ქალაქი ახლოს მე მაქვსო რომელი. ნურადინ ფრიდონ სახელად მძეს მეფე ვარ მუნა მჯდომელი. ესე სამზღარი ჩემია სადა ხართ გარდამხდომელი. ცოტა მაქვს მაგრამ ყოველგან სიკეთე მიუთხრობელი.

646. მამის ძმა და მამა ჩემი პაპმან ჩემმან გაგყვნა ოდეს. ზღვასა შიგან კუნძულია ჩემად წილად მას იტყოდეს. თვით ბიძასა ჩემსა მიხვდა ვისთა შვილთა აწ დამკოდეს. მათკენ დარჩა სანადირო არ მივსცემდი მამერჩოდეს.

647. დღეს გამოველ ნადირობას ზღვისა პირსა ვინადირე. მუნა გასვლა მამდომოდა მით მრეკალი არ ვახშირე. სპათა ვუთხარ მამიცადეთ მოვიდოდე მეცა ვირე. ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე.

648. ნავითა გამოველ სღვისაგან შტო რამე გამოვიდოდა. არა მოვკრეფდი გამყოფთა ვსთქვი ჩემთა რად დავრიდო და. დამეძაბუნდეს სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა. ვნადირობდი და ვიზახდი ხმა ჩემი არ უდიოდა.

649. მართლად იჯავრეს წუნობა მათი თუ ესე ხამდა ვითა. გამამაპარნეს ლაშქარნი გზანი შემიკრეს ნავითა. თვით ბიძას ძენი ჩემნიცა შესხდეს მათითა თავითა. ჩემთა გაუხდეს ლაშქართა ომად მათითა მკლავითა.

650. მათი მესმა დავინახე ზახილი და ხმალთა ელვა. ნავი ვსთხოვე მენავეთა მით ვიყივლე მე ერთხელ ვა. ზღვასა შეველ მომეგება მეომარი ვითა ღელვა. სწადდა მაგრა ვეღარა ქნეს ჩემი ზედა წამოქელვა.

651. კვლავ სხვანი დიდნი ლაშქარნი უკანა მამეწეოდეს. იქით და აქათ მამიხდეს ერთგნით ვერ მამერეოდეს. არ მამწუროდეს წინანი ზურგით მესროდეს მე ოდეს. ხმალსა მივენდევ გამიტყდა ისარნი დამელეოდეს.

652. მომეჯარნეს ვეღარა ვჰქენ ნავით ცხენი გარდვიხტუნვე. ზღვა ზღვა ცურვით წამოუველ ჩემი მჭვრეტნი გავაცბუნვე. თანა მყოლი ყველაკანი დამიხოცნეს დარჩა მუნვე. ვინცა მდევდა ვერ შემამხვდა მიუბრუნდი მივაბრუნვე.

653. აწ იგი იქნას რაცაღა ენებოს ღმერთისა წადილსა. ვეჭვ ჩემი სისხლი არ შერჩეს ძალი შესწევდეს ქადილსა. ოხრად გაუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა. უხმობ ყვავთა და ყორანთა მათ ზედა ვაქნევ ხადილსა.

654. ამა ყმამან შემიკვეთა გული მისკენ მიმიბრუნდა. მოვახსენე აჩქარება შენგან ყოლა არა უნდა. მეცა თანა წამოგყვები დაიხოცნენ იგი მუნ და. ჩვენ ორთავე მეომართა გაღანამცა შეგვიძრწუნდა.

655. ესეცა ვუთხარ ამბავი ჩემი არ გაგეგონების. უფრორე წყნარად გიამბობ ნუთუ ჟამი ჩვენ გვექონების. მან მითხრა ლხინი საჩემო მაგას რა შეეწონების. დღეთ სიკვდილადმდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების.

656. მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა მაგრა ცოტასა. გამოეგებნეს ლაშქარნი ისხემდეს მისთვის ოტასა. პირსა იხოკდეს გაჰყრიდეს ნახოკსა ვით ნაფოტასა. ეხვეოდიან ჰკოცნიან ხრმალსა და სალტე კოტასა.

657. კვლავ მოვეწონე ვეტურფე მე მისი გარდნაკიდარი. შემასხემდიან ქებასა მზეო ხარ ჩვენთვის იდარი. მივედით ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი. ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი.

შველა ტარიელისაგან ფრიდონისა და გამარჯვება მათგან მათს მეომრთა ზედა.

658. მოსჯობდა ომი შეეძლო ხმარება ცხენ აბჯარისა. ავჰკაზმეთ ნავი კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა. კაცი ჰხმდა მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა იაჯა რისა. აწ გითხრა ომი მოყმისა მებრძოლთა დამსაჯარისა.

659. მათი მესმა დაპირება ჩაბალახთა ჩამობურვა. ნავი წინა მამეგება არა ვიცი იყო თუ რვა. ფიცხლა ზედა შევეჯახე მათ დაიწყეს ამოდ ცურვა. ქუსლი ვჰკარ და დავუქცივე დაიძახნეს დიაცურ ვა.

660. კვლავ სხვასა მიველ მოვჰკიდე ხელი ნავისა ბაგესა. ზღვასა დავანთქე დავხოცე ომიმცა რაღა აგესა. სხვანი გამექცეს მიმართეს მათ მათსა საქულბაგესა. ვინცა მიჭვრეტდის უკვირდა მაქებდეს არ მაძაგესა.

661. ზღვა გავიარეთ გავედით შემოგვიტივეს ცხენია. კვლავ შევიბენით შეიქნა ომისა სიმარცხენია. მუნ მამეწონეს ფრიდონის სიქველე სიფიცხენია. იბრძვის ლომი და პირად მზე იგი ალვისაც ხენია.

662. თვით ორნივე ბიძა ძენი მისნი ხლმითა ჩამოყარნა. ხელნი წმიდად გარდმეკვეთნეს იგი ასრე ასაპყარნა. მოიყვანა მხარ დაკრულნი ერთმან ორნი არ დაყარნა. მათნი ყმანი გაამტირნა მისნი ყმანი ამაყარნა.

663. მათი ლაშქარნი გაგვექცნეს ვეცენით გაცავფანტენით. ფიცხლად წაუღეთ ქალაქი არ თავნი გავაზანტენით. ქვითა დავლეწეთ წვივები ჩვენ იგი გავანატენით. მამკალით ლარი დალიოთ ან აკიდებით ან ტენით.