... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

აქა წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონს გაყრა და ნესტან დარეჯანის საძებრად წასვლა

662. ყმა მიმავალი მიუბნობს მსგავსი მთვარისა სრულისა არს თინათინის გონება მისად სალხენად გულისა იტყვის მოგშორდი სიცრუვე ვა საწუთროსა კრულისა შენ გაქვს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა

663. რად სიცხე გულსა ნიადაგ მწვავს გმირსა სამს ალებისა რად გული კლდისა ტინისა შემქმნია სამ სალებისა არ შეუძლია ლახვარსა დაჩენა სამსა ლებისა შენ ხარ მიზეზი სოფლისა ასრე გასამსალებისა

664. ავთანდილ მარტო ზღვის პირსა მივა ოთხითა მონითა წამალსა ტარიელისსა ეძებს ყოვლითა ღონითა დღისით და ღამით მტირალი იღვრების ცრემლთა ფონითა ჩალად უჩს ყოვლი ქვეყანა მისვე ჩალისა წონითა

665. სადაცა ნახნის ეუბნის მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი ჰკითხის მის მზისა ამბავი დღენი ვლნა გაასებულნი ქედსა გარდადგეს აქლემნი აუჩნდეს ლარკიდებულნი მოქარავნენი ზღვის პირსა დაყრით დგეს შეჭირვებულნი

666. მუნ ქარავანი ურიცხვი მოსდგმოდა ზღვისა კიდესა შეიჭირვებდეს ჭმუნვიდეს ვერცა დგეს ვერცა ვლიდესა ყმამან სალამი უბრძანა ქებასა შეასხმიდესა ჰკითხეს თუ ვაჭარნო ვინ ხართ – მათ საუბარი ჰკიდესა

667. უსამ იყო ქარავნისა უხუცესი კაცი ბრძენი მოახსენა ხოტბა სრული დალოცა და უქნა ზნენი ჰკადრეს ხმელთა სიცოცხლეო შენ ამოჰხვე ჩვენი მლხენი ჩამოჰხე და მოგახსენოთ ამბავი და საქმე ჩვენი

668. გარდაჴდა ჰკადრეს ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი მაჰმადის სჯულის მჭირავნი აროდეს გვისმან მაჭარნი ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გარდმონაჭარნი საქონელსრულნი მდიდარნი არ ლარნი გვაქვან ნაჭარნი

669. ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულოდ მდებარე ვუშველეთ ენა მოეცა სიტყვისა გამომგებარე ვჰკითხეთ თუ ვინ ხარ ღარიბო რასა საქმისა მძებარე გვითხრა თუ შეხვალთ დაგხოცენ კიდე ცოცხალვარ მე ბარე

670. თქვა ქარავანი ეგვიპტით გამოვემართეთ ერითა ზღვასა შევედით ტვირთულნი ლარითა მრავალფერითა მუნ მეკობრეთა დაგვხოცეს ძელით სახნისის წვერითა ყველაი წახდა არ ვიცი აქა მოსრულვარ მე რითა

671. ლომო და მზეო ესეა მიზეზი აქა დგომისა დაბრუნვებითა გვეცემის ზიანი არსაზომისა შევიდეთ ვა თუ დაგვხოცნენ ძალი არა გვაქვს ომისა ვერცა ვდგათ ვერცა წასრულვართ ღონე წაგვსლვია რჩომისა

672. მათ ლაშქართა გულუშიშრად ასრე ჰხოცდა ვითა თხასა ზოგი ნავსა შეანარცხის ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა ერთმანერთსა შემოსტყორცის რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან მალვენ ხმასა

673. გაუმარჯვდა ომი მათი ვითა სწადდა მისსა გულსა ზოგთა ჰკადრეს ზენაარი ნუ დაგვხოცო შენსა სჯულსა არ დახოცნა დაიმონნა დარჩომოდა რაცა წყლულსა მართლად იტყვის მოციქული შიში შეიქს სიყვარულსა

674. კაცო ძალსა ნუ იქადი ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრვალი არას გარგებს ძლიერება თუ არ შეგწევს ღრმთისა ძალი დიდთა ხეთა მოერევის მცირე დასწვავს ნაბერწკალი ღმერთი გფარავს სწორად გაჰკვეთს შეშა ვის ჰკრა თუნდა ხრმალი

675. მუნ ავთანდილ საჭურჭლენი მათეულნი დიდნი ნახნა ნავი ნავსა შეატყუბნა ქარავანსა დაუზახნა უსამ ნახა მხიარულმან გაეხარნეს არ იახნა ჰკადრა ხოტბა ქებად მისად სასახავნი დიდნი სახნა

676. ავთანდილის მაქებელად ათასიმცა ენა უნდა ვერცა მათ თქვეს ნაომრობა როგორ ტურფად დაუშვენდა ქარავანმან იზრიალა თქვეს უფალო მადლი შენდა მზემან შუქნი შემოგვადგნა ღამე ბნელი გაგვითენდა

677. მოეგებნეს აკოცებდეს თავსა პირსა ფერხთა ხელსა ჰკადრეს ქება უსაზომო მას ტურფასა საქებელსა მისი ჭვრეტა გააშმაგებს კაცსა ბრძენსა ვითა ხელსა შენგან დავრჩით ჩვენ ყველანი ფათერაკსა ეზომ ძნელსა

678. ყმამან უთხრა მადლი ღმერთსა შემოქმედსა არსთა მხადსა ვისცა ძალნი ზეციერნი განაგებენ აქა ქნადსა იგი იქმან ყველაკასა იდუმალსა ზოგსა ცხადსა ხამს ყოვლისა დაჯერება ბრძენი სჯერა მოწევნადსა

679. ღმერთმან სულსა ეგოდენსა თქვენ გათნივა სისხლი თქვენი მე გლახ რა ვარ მიწა ცუდი თავით ჩემით რამცა ვქენი აწ დავხოცენ მტერნი თქვენნი გავასრულე რაცა ვთქვენი ნავი სრულად საქონლითა მიმიღია ვითა ძღვენი

680. ამოა კარგსა მოყმესა რა ომი გამარჯვებოდეს ამხანაგთაგან ეჯობნოს ვინცა მას თანა ჰხლებოდეს მიულოცვიდენ აქებდენ მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს ჰშვენოდეს დაკოდილობა ცოტაი რამე ვნებოდეს