... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

წასულა ავთანდილისაგან ფრიდონისასა

585. ვა სოფელო რაშიგან ხარ რას გვაბრუნვებ რა ზნე გჭირსა ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა სად წაიყვან სადაურსა სად აღუფხვრი სადათ ძირსა მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა

586. ავთანდილ მისი გაყრილი ტირს მისწვდომია ხმა ცათამდის იტყვის თუ ღვარი სისხლისა კვლაცა მდენია კვლაცა მდის აწ აგრე გაყრა ძნელია ვით მაშინ შეყრა ცათამდის კაცი არ ყველა სწორია დიდი ძეს კაცით კაცამდის

587. ველს მაშინ მჴეცნი ძღებოდეს სისხლითა მუნ ნატირითა ვერ დაივსებდა სახმილსა იწვის ცეცხლითა ხშირითა კვლა თინათინის გონება ავსებს უფრორე ჭირითა ბაგეთათ ვარდსა ანათობს ბროლი ძოწისა ძირითა

588. ვარდი ჭნებოდა ღვრებოდა ალვისა შტო ირხეოდა ბროლი და ლალი გათლილი ლაჟვარდად გარდიქცეოდა გამაგრებოდა სიკვდილსა ამისთვის არ უმხნეოდ ა იტყვის თუ ბნელი რას მიკვირს რადგან დაგაგდე მზეო და

589. მზესა ეტყვის მზეო გიტყვი თინათინის ღაწვთა დარად შენ მას გავ და იგი შენ გგავს თქვენ ანათობთ მთა და ბარად ხელსა მალხენს ნახვა შენი ამად გიჭვრეტ არ დამცთარად მაგრა ჩემი რად დააგდე გული ცივად გაუმთბარად

590. თუ ერთისა მოშორვება მზისა ზამთრის გაგვამცივნებს მე გლახ ორნი დამიყრიან გული ამად რად არ ივნებს მაგრა კლდესა არა შესწონს არაოდეს არ ატკივნებს წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს გაჰკვეთს ანუ გაასივნებს

591. იტყვის თუ ჩემი ხელ მქმნელი ღმერთო მზეა და ცად არი ვინ პირი მსგავასად პირისა შექმნა და შეაცადარი უმისოდ სულდგმულობასა გულო ვით შეაცადარი ვა სიცოცხლისა სოფელმან აროდეს არ დამცა დარი

აქა ავთანდილ ვარსკვლავთა ეუბნება თავისა ბუნებასა ზედა

592. მიმავალი ცასა შესტირს ეუბნების ეტყვის მზესა აჰა მზეო გეაჯები შენ უმძლესთა მძლეთა მძლესა ვინ მდაბალთა გაამაღლებ მეფობასა მისცემ სვესა მე ნუ გამყრი საყვარელსა ნუ შემიცვლი ღამედ დღესა

593. მო ზოჰრაო მომიმატე ცრემლი ცრემლსა ჭირი ჭირსა გული შავად შემიღებე სიბნელესა მიმეც ხშირსა შემომყარე კაეშანი ტვირთი მძიმე ვითა ვირსა მას უთხარ თუ ნუ გასწირავ შენია და შენთვის ტირსა

594. ჰე მუშთარო გეაჯები შენ მართალსა ბჭესა ღმრთულსა მო და უყავ სამართალი გაებჭობის გული გულსა ნუ ამრუდებ უმართლესსა ნუ წაიწყმედ ამით სულსა მართალი ვარ გამიკითხე რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა

595. მოდი მარიხო უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა შეცამღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი მას გააგონენ ენითა რაგვარ გასრულვარ შენ იცი გულია აღარს ლხენითა

596. მოდი ზოჰალო მაგრე რა მან დამწვა ცეცხლთა დაგითა ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა ვისმე გლახ ჩემებრსა დააგდებ გაჰხდი ცნობითა შმაგითა

597. ოთარიდო შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა მზე მაბრუნვებს არ გამიშვებს შემიყრის და მიმცემს წვასა დაჯე წერად ჭირთა ჩემთა მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსაწვრილსა ვითა თმასა

598. მო მთვარეო შემიბრალე ვილევი და შენებრ ვმჭლდები მზე გამავსებს მზევე გამლევს ზოგჯერ ვსხვდები ზოგჯერ ვწვლდები მას უამბენ სჯანი ჩემნი რა მჭირს ანუ როგორ ვბნდები მიდი უთხარ ნუ გამწირავს მისი ვარ და მისთვის ვკვდები

599. აჰა მმოწმობენ ვარსკვლავნი შვიდნივე მემოწმებიან მზე ოტარიდი მუშთარი და ზუჰულ ჩემთვის ბნდებიან მთვარე ასპიროზ მარიხი მოვლენ და მოწმად მყვებიან მას გააგონენ რანიცა ცეცხლი უშენოდ მდებიან

600. აწ გულსა ეტყვის ვითამცა გდის ცრემლი არ გაგხმობია რას გარგებს მოკლვა თავისა ეშმა ძმად თურე გძმობია მეც ვიცი ჩემსა ხელმქმნელსა თმად ყორნის ბოლო სთმობია მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ ლხინი რა დასათმობია

601. თუ დავრჩეო ესე მიჯობს სიცოცხლისა იტყვის თუსა ნუთუ მომხვდეს ნახვა მზისა ნუ ვიზახი მიწყივ უსა მიიმღერის ხმასა ტკბილსა არ დასწყვედდის ცრემლთა რუსა მისსა ხმასა თანა ხმაცა ბულბულისა ჰგვანდის ბუსა

602. რა ესმოდის მღერა ყმისა სმენად მხეცნი მოვიდიან მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან ისმენდიან გაჰკვირდიან რა ატირდის ატირდიან იმღერს ლექსთა საბრალოთა ღვარისაებრ ცრემლნი სდიან