... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

700. ავთანდილ უთხრა წადიო აგრე ქმენ რაცა გწადიან მებაღე მირბის იხარებს ოფლი ქვე მკრდამდის ჩასდიან ხათუნსა უთხრა ამბავი მე ესე დამიქადიან ყმა მოვა მისთა მჭვრეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან

701. ვაჭარი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა საროსა მსგავსი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა შვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა მე მიხმო მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა

702. ფატმან ხათუნს გაეხარნეს გააგება მონა ათი მოუკაზმეს ქარვანსრანი დააყენა ბარგი მათი შემოვიდა ღაწვივარდი ბროლბადახში მინასათი მისთა მჭვრეტთა დაასახეს ვეფხსა ტოტი ლომსა თათი

703. ზარი გაჰხდა შემოაკრბეს ქალაქისა ერნი სრულად იქითაქათ იჯარვოდეს უჭვრიტოთო ამას რულად ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს ზოგნი იყვნეს სულწასრულად მათთა ცოლთა მოიძულვეს ქმარნი დარჩეს გაბასრულად

704. ფატმან ცოლი უსენისი გაეგება კართა წინა მხიარულად უსალამა სიხარული დაიჩინა ერთმანერთი მოიკითხეს შევიდეს და დასხდეს შინა ფატმან ხათუნს მოსლვა მისი შევითვატყე არ ეწყინა

705. ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე არ ყმაწვილი მაგრა მზმელი ნაკვთად კარგი შავგრემანი პირმსუქანი არპირხმელი მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული ღვინისმსმელი დია ედვა სასალუქო დასაბურავჩასაცმელი

706. მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა მიმღებელთა თქვეს თუ ვარგა ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს ღმერთო არ დაჰკარგა სვეს და ჭამეს დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარ გა

707. დილასა ლარი ყველაი უჩვენა გაახსნევინა ტურფანი სეფედ გარდასხნა ფასიცა დაათვლევინა ვაჭართა უთხრა წაიღეთ აჰკიდა გააწევინა თქვა ვითა გინდა ვაჭრობდით ნუ გამაცხადებთ მე ვინა

708. ყმა ვაჭრულად იმოსების არ ჩაიცვამს არას მისსა ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა ზოგჯერ იყვის ფატმანისსა ერთგან სხდიან უბნობდიან საუბარსა არა მქისსა ფატმანს ჰკლვიდა უმისობა რამინისა ვითა ვისსა

ფატმანისან ავთანდილის გამიჯნურება

709. სჯობს სიშორე დიაცისა ვისგან ვითა დაითმობის გილიზღებს და შეგიკვეთებს მიგინდობს და მოგენდობის მართ ანასდად გიღალატებს გაჰკვეთეს რაცა დაესობის მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის

710. ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა სიყვარული მეტისმეტი მოემატა ცეცხლებრ სწვიდა დამალვასა ეცდებოდა მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა იტყვის რა ვქნა რა მერგების აწვიმებდა ცრემლთა ღვრიდა

711. მიღმა ვუთხრა ვა თუ გაწყრეს შეხედვაცა დამიძვირდეს თუ არა ვთქვა ვეღარ გავსძლებ ცეცხლი უფრო გამიხშირდეს ვთქვა და მოვკვდე ანუ დავრჩე ერთი რამე გამიპირდეს მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს თუ არ უთხრას რაცა სჭირდეს

712. დაწერა წიგნი საბრალო მის ყმისა მისართმეველი მისისა მიჯნურობისა მისთა პატიჟთა მცნეველი მისთა მსმენელთა გულისა შემძრველი შემარყეველი უსტარი შესანახავი არცუდად დასახეველი

წიგნი ფატმანისა ავთანდილსა თანა

713. ჰე მზეო ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი დასაბადებლად მით შეგქნა მოშორვებულთა ლხინად არ ჭირთა მწადებლად ახლოს შემყრელთა დამწველად მათად ცეცხლისა მადებლად მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩს დასაქადებლად

714. შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი შენთვის საბრალოდ ბნდებიან ვარდი ხარ მიკვირს ბულბულნი რად არა შენზედ კრფებიან შენი შვენება ყვავილთა აჭკნობს და ჩემნიც ჭკნებიან სრულად დამწვარვარ თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან

715. ღმერთი მყავს მოწმად ვიშიშვი თქვენსა ამისსა თხრობასა მაგრა რა ვირგო დღეკრულმან სრულად გავჰყრივარ თმობასა გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა თუ რას მეწევი მეწივე თვარა მივჰხდები ცნობასა

716. მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მომივიდოდეს ვცნობდე გინდოდე საკლავად ან ჩემი რა გავიდოდეს მუნამდის გავსძლო სულთა დგმა გული რაზომცა მტკიოდეს სიცოცხლე ანუ სიკვდილი გარდმიწყდეს ნეტარძი ოდეს

717. ფატმან ხათუნ დაწერა და გაუგზავნა წიგნი მისი ყმამან ასრე წაიკითხა და ვინმეა ანუ თვისი თქვა არ იცის გული ჩემი ვინ მაშიკობს ვისსა ვისი რომე მიმიჩნს სამიჯნურო რად ვამსგავსო მე მას ისი