... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

642. ლაშქართა შიგან შეიქმნა ხმა ტირილისა დიდისა ზოგთაგან ხოკა პირისა ზოგთაგან სრევა რიდისა ფრიდონ ტირს მოთქვამს ხმა მაღლად გაყრილი წლისა შვიდისა უხანობა და სიცრუვე ვა საწუთროსა ფლიდისა

643. ფრიდონ მოსთქვამს რა შეგასხათ ვერსაქებო ვერსათქმელო ხმელთა მზეო სამყაროსა მზისა ეტლთა გარდამსხმელო მოახლეთა სალხინოო სიცოცხლეო სულთა მდგმელო ცისა ეტლთა სინათლეო დამწველო და დამანთქმელო

644. რა მოგეშორვე მას აქათ სიცოცხლე მომძულვებია თუცა შენ ჩემად არა გცალს მე შენთვის მომსურვებია შენ უჩემობა ლხინად გიჩს მე დია მიმჭირვებია ოხერ სიცოცხლე უშენოდ სოფელი გამარმებია

645. ფრიდონ თქვნა ესე სიტყვანი მოთქმითა შვენიერითა გული დაიღეს დადუმდეს მივლენ არ თურე მღერითა ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს ტურფითა აერფერითა მელნისა ტბათა მიჯარვით ჰბურავს გიშრისა ჭერითა

646. ქალაქს შევიდეს მუნ დახვდა სრა მოკაზმული სრულითა სახელმწიფოთა ყოვლითა გასაგებლითა სრულითა მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყვნეს რულითა შეჰფრფინევდიან ავთანდილს გულითა სულწასრულითა

647. შევიდეს და დიდი შექმნეს ჯალაბობა არ ხალვათი იქითაქათ დიდებულნი წარიგებით ათჯერ ათი თვით ორნივე ერთგან დასხდეს ვინმცა ვით თქვა ქება მათი ბროლბალახშსა აშვენებდა ზოგან მინა ზოგან სათი

648. დასხდეს შეიქმნა პურობა გაამრავლებდეს მახალსა უმასპინძლებდეს ავთანდილს ვითა მზახალი მზახალსა მოიღებდიან ჭურჭელსა ტურფასა ახალახალსა მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა გული მიეცა გლახ ალსა

649. მას დღე სუეს ჭამეს გარდახდა ნადიმი მსმელთა დასისა გათენდა ბანეს ავთანდილ რიცხვი ძეს მუნ ატლასისა შესამოსელი შემოსეს დრაჰკნისა ბევრათასისა შეარტყეს წელთა სარტყელი დაუდებელი ფასისა

650. ყმამან დაყვნა დღენი რამე თუცა ყოვნას ვერა სთმობდა ფრიდონს თანა ნადირობას გავიდეს და თამაშობდა სწორად ჰხოცდის შორს და ახლოს თუ რას ხელსა მიაპყროდა მისი სროლა მშვილდოსანსა ყველაკასა აწბილობდა

651. ქალაქს შევიდეს ხმა გაჰხდა მუნ ზათქნი იქებოდიან ქალნი და ყმანი დაჯარვით მისად საჭვრეტლად რბოდიან იგი ნახიან დაბნდიან ჭკუითა მიჰხდებოდიან ახლოს შეყრისა უღირსთა რამცა ქნეს ისჯებოდიან

652. ყმა ფრიდონს ეტყვის გესმოდეს ჩემი აწ მონახსენები მე თქვენი გაყრა სიკვდილად მიჩს და მით თავსა ვევნები მაგრა არა მცალს დღეკრულსა ცეცხლი მე სხვაცა მედების გზა გრძელი საქმე სასწრაფო მიც დია დამეყოვნები

653. მართალ ა შენი გამყრელი თვალთათ თუ ცრემლსა ღვრიდესა დღეს წაუვალი ვერა ვარ მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა დგომა მგზავრისა ცთომაა კარგსა იქს თავსა სწვრთიდესა სადა გინახავს იგი მზე წამომყევ ზღვისა კიდესა

654. ფრიდონ უთხრა დასაშლელი ჩემგან არა არ გეთხრობის ვიცი რომე აღარა გცალს შენ ლახვარი სხვა გესობის წადი ღმერთი გიწინამძღვრებს შენი მტერი დაემხობის მაგრა თქვი თუ უშენობა ჩემგან ვითა დაითმობის

655. ამას გკადრებ არ ეგების მარტოსაგან წასლვა შენი თანა ყმათა წამოგატან იმსახურენ იახლენი აბჯარი და საგებელი ერთი ჯორი ერთი ცხენი არ წაიტან გაირჯები ღაწვივარდი ცრემლთა მდენი

656. მოასხნა ოთხნი მონანი მისანდობელნი გულითა სრული აბჯარი საკაცო ქაფითა საბარკულითა სამოცი ლიტრი წითელი აწონით არნაკლულითა ერთი ტაიჭი უებრო მით უნაგრითა სრულითა

657. ერთსა ჯორსა წვივმაგარსა საგებელი აუკიდა წავიდა და ფრიდონ შეჯდა მასთანავე გამოვიდა აწ გაყრისა მომლოდნესა ედებოდა ცეცხლი სწვიდა მოსთქვამს თუმცა მზე გვეახლა ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზრვიდა

658. ზარი მის ყმისა გაყრისა გაჰხდა მიეცნეს წუხილსა მოატყდეს მოქალაქენი ლარსა ვინ ჰყიდდა თუ ხილსა ხმა ზახილისა მათისა ჰგვანდა ჰაერთა ქუხილსა იტყოდეს მზესა მოვშორდით მო თვალნი მივსცნეთ წუხილსა

659. ქალაქი გავლეს მივიდეს პირსა დიდისა ზღვისასა მაშინ ფრიდონის ნახულსა ნასაჯდომევსა მზისასა მუნ დაადენდეს ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა ფრიდონ უამბობს ამბავსა მის მნათობისა ტყვისასა

660. აქა მათ ზანგთა მონათა მზე მოიყვანეს ნავითა კბილთეთრი ბაგებალახში სახედავითა შავითა ცხენი გავქუსლე გავაგე წაგვრა ხრმლითა და მკლავითა შორს მნახეს ადრე გამექცეს ნავი მფრინველე ჩნდა ვითა

661. მოეხვივნეს ერთმანერთსა გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი აკოცეს და გაუახლდეს მათ ორთავე მათნი წვანი გაიყარნეს გაუყრელნი ძმადფიცნი და ვითა ძმანი ფრიდონ დადგა ყმა წავიდა შემხედველთა მკვლელი ტანი