... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

681. იგი ნავი მეკობრეთა მას დღე ნახეს არ ახვალეს მუნ დებულთა საჭურჭლეთა ამარიმცა ვით დათვალეს მათსა ნავსა გარდმოიღეს ნავი სრულად გარდმოსცალეს დალეწეს და ზოგი დაწვეს შეშა დრამად არ გაცვალეს

682. ავთანდილს უსამ მოართვა ვაჭართა შემოთვლილობა შენგან ვართ გამაგრებულნი ჩვენ ვიცით ჩვენი ფლიდობა რაცა გვაქვ იგი შენია ამას არ უნდა ცილობა რასაცა მოგვცემ გვიბოძე გვიქნია აქა ყრილობა

683. ყმამან შესთვალა ჰე ძმანო წეღანცა მოგისმენია ღმერთსა შეესმა ნაკადი რაცა თქვენ თვალთა გდენია მან დაგარჩინნა მე რა ვარ მე გლახ რა მომილხენია რა გინდა მომცეთ რას ვაქნევ მე ვარ და ჩემი ცხენია

684. მე თუმცა რამცა მინდოდა საჭურჭლე დასადებელი ჩემსაცა მქონდა ურიცხვი უსახო ლარსაგებელი რას ვაქნევ თქვენსა რად მინდა ოდენ ვარ თანამხლებელი სხვაგან რამე მიც სხვა საქმე თავისა წასაგებელი

685. აწ რაცა აქა ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი რაცა ვის გინდა წაიღეთ არვისი ვიყო მლალავი ერთსა ვიაჯი მიაჯეთ სააჯო არსაკრძალავი საქმე რამე მიც თქვენშიგა თავისა დასამალავი

686. ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით არ თქვენსა პატრონობასა თვით თავადია ჩვენი თქო ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა მე სავაჭროსა ჩავიცვამ დავიწყებ ჩუბაჩობასა თქვენ შემინახეთ ნამუსი თქვენსა და ჩემსა ძმობასა

687. ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს მეტად დია მოვიდეს და თაყვანის სცეს ჰკადრეს ჩვენი იმედია რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა იგი თქვენვე გიაჯია მას ვმსახუროთ ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია

688. მუნით წავიდეს იარეს არ თურე ხანსა ზმიდიან მიხვდეს ტაროსსა ამოსა ნიადაგ ამოდ ვლიდიან შეჰფრფინვიდიან ავთანდილს ქებასა შეასხმიდიან მას მარგალიტსა მას ყმასა კბილთავე ფერსა სძღვნიდიან

ამბავი ავთანდილისა გულანშაროს მისულისა

689. ზღვა გაიარა ავთანდილ მივა ტანითა მჭევრითა ნახეს მოცული ქალაქი გარე ბაღისა ტევრითა გვარად უცხონი ყვავილნი ფერითა ბევრის ბევრითა მის ქვეყანისა სიტურფე რა გაგაგონო ენითა

690. მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვნა დაჯდა სკამითა მოასხნეს კაცნი მზიდავნი დამიზდებულნი დრამითა იგი ყმა ვაჭრობს თავადობს და თავსა მალავს ამითა

691. მოვიდა მისი მებაღე ბაღსა იახლნეს რომელსა მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით პირსა ელვათა მკრთომელსა ავთანდილ უხმო ეუბნა კაცსა არ სიტყვა მცთომელსა ვისნი ხართ ვინ ხართ რა ჰქვიან მეფესა აქა მჯდომელსა

692. წვრილად მითხარ ყველაკაი ყმა მას კაცსა ეუბნების რა ლარია უფრო ძვირად ან იეფად რა იხსნების ჰკადრა ვხედავ პირსა თქვენსა მზისა პირად მე მეცნების რაცა ვიცი მართლად გკადრებ მრუდი არა არ გემცნების

693. ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა თვით გულანშაროს ქალაქი სავსე ტურფითა მრავლითა აქ მოდის ტურფა ყველაი ნავითა ზღვაზღვა მავლითა მელიქ სურხავი ხელმწიფობს სრული სვითა და დავლითა

694. აქა მოსლვითა გაყმდების კაციცა იყო ბერები სმა გახარება თამაში ნიადაგ სიმღერაები ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერადფერები ვინცა გვიცნობენ გვნატრიან იგიცა ვინ ა მტერები

695. დიდვაჭარნი სარგებელსა ამისებრსა ვერ ჰპოებენ იყიდიან გაჰყიდიან მოიგებენ წააგებენ გლახა თვე ერთ გამდიდრდების სავაჭროსა ყოვლგნით ჰკრებენ უქონელნი წელიწადსა საქონელსა დაიდებენ

696. მე ვარ მებაღე უსენის ვაჭართა უხუცესისა ესეცა გკადრო ამბავი საქმე მისისა წესისა თვით ესე ბაღი მისია სადგომი თქვენი დღესისა პირველ მას ჰმართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა

697. რა შემოვლენ დიდვაჭარნი მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან უჩვენებენ რაცა ჰქონდეს სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან უტურფესსა სეფედ დასხმენ ფასსა მუნვე დაუთვლიან მათ მაშინვე ააზატებს ვითა სწადდეს დაჰყიდიან

698. თქვენებრთა საბატიოთა მას ჰმართებს გამოსვენება დამყენებელთა უბრძანებს მართებდეს ვის დაყენება აწ იგი აქა არ არის რას მარგებს მისი ხსენება გამოგება და წაყვანა მას ჰმართებს თქვენი ქენება

699. ფატმან ხათუნ შინა არის ხათუნი და ცოლი მისი პურად კარგი მასპინძელი საყვარელი არ თუ მქისი მას ვაცნობო მოსლვა თქვენი წაგიყვანოს ვითა თვისი წინა კაცსა მოგაგებებს ქალაქს შეხვალ ნათლივ დღისი