... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

756. ვაჭრის ცოლთა მხიარულმან უმასპინძლე ამოდ დურად სმასა ზედა უმიზეზო გავხე რამე უგემურად რა შემატყვეს გაიყარა სხდომილ იყო რაცა პურად მარტო დავრჩი სევდა რამე შემომექცა გულსა მურად

757. უკმოვახვენ სარკმელნი და შევაქცივე პირი გზასა ვიხედვიდი ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგან ზრდასა შორს ამიჩნდა ცოტა რამე მოცურვიდა შიგან ზღვასა მფრინველად ვთქვი ანუ მხეცად სხვას ვამსგავსე მემცა რასა

758. მაშორვიდა ვერად ვიცან მომეახლა იყო ნავი ორთა კაცთა ტანად შავთა თვით პირიცა ედგა შავი იქითაქათ მოსდგომოდეს ახლოს უჩნდა ოდენ თავი გამოვიდეს გამიკვირდა იგი უცხო სანახავი

759. გამოზიდეს იგი ნავი გამოიღეს ბაღსა წინა მიიხედეს მოიხედეს ვინ გვიჭვრეტსო სადა ვინა ვერა ნახეს სულიერი ვერცა რამან შეაშინა მე იდუმალ ვიხედვიდი სულღებული ვიყავ შინა

760. მით ნავიდაღმან მათ რომე გარდმოსვეს კიდობანითა აჰხადეს ქალი გარდმოჰხდა უცხოთა რამე ტანითა თავსა რიდითა შავითა ქვეშეთ მოსილი მწვანითა მზესა სიტურფით ეყოფის იყოს მისითა გვანითა

761. რა მობრუნდა ქალი ჩემკე შემოადგეს სხივნი კლდესა ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ხმელთა ზესა დავიწუხენ თვალნი ყოლა ვერ შევადგენ ვითა მზესა უკმოვიხარშ კარი ჩემგან მათი ჭვრეტა ვერა ცნესა

762. მოვიხმენ ოთხნი მონანი ჩემსა წინაშე მდგომელნი უჩვენე ხედავთ ჰინდოთა ტყვედ ჰყვანან შუქნი რომელნი ჩაეპარენით ჩაედით წყნარად ნუ ჩქარად მხლტომელნი მოგყიდონ ფასი მიეცით რისაცა იყვნენ მდომელნი

763. თუ არ მოგცენ ნუღა მისცემთ წაჰგვარეთ და დაჰხოცენით მოიყვანეთ ისი მთვარე ქმენით კარგად ეცადენით ჩემნი ყმანი ზედადაღმა ჩაეპარნეს ვითა ფრენით დაევაჭრნეს არ მოჰყიდეს შავნი ვნახენ მეტად წყენით

764. მე სარკმელთა გარდავადეგ რა შევიგენ არ მოჰყიდეს შევუზახენ დახოცენით დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს იგი ზღვასა შეასრივნეს შემოადგეს ქალსა სცვიდეს ჩავეგებე გამოვგვარე ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს

765. რა გიამბო ქება მისი რა სიტურფე რა ნაზობა ვფიცავ რომე იგი მზეა არა ჰმართებს მზესა მზობა ვინ გაიცდის შუქთა მისთა ვინმცა ვით ქნა ნახაზობა მე თუ დამწვავს აჰა მზა ვარ არღა უნდა ამას მზობა

766. ესე სიტყვა დაასრულა ფატმან იკრნა პირსა ხელნი ავთანდილსცა აეტირნეს გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი ერთმანერთი დაავიწყდა მისთვის გაჰხდეს ვითა ხელნი ღვარმან ზედათ მონადენმან გააწყალნა ფიფქნი თხელნი

767. მოიტირეს ყმამან უთხრა ნუღარ გასწყვედ გაასრულე ფატმან იტყვის მივეგებე გული მისთვის ვაერთგულე გარდვუკოცნე ყოვლი ასო თავი ამად მოვაძულე ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა შევეკვეთე გავესულე

768. ვჰკადრე მითხარ ვინ ხარ მზეო ანუ შვილი ვისთა ტომთა იმა ზანგთა სით მოჰყვანდი შენ პატრონი ცისა ხომთა მან პასუხი არა მითხრა მე სიტყვათა ესე ზომთა ასნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა მისთა მონაწთომთა

ფატმანისაგან ნესტან დარეჯანის კითხვა და მეცნიერობის შეტყობის ნდომა

769. რა მივაჭირვე კითხვითა მეტითა საუბარითა გულამოხვინჩვით ატირდა მით რამე ხმითა წყნარითა ბროლლალსა ღვარი ნარგისთა მოსდის გიშრისა ღარითა მისი მჭვრეტელი დავიწვი გავხე გულითა მკვდარითა

770. მითხრა შენ ჩემთვის დედაო ხარ უმჯობესი დედისა რას აქნევ ჩემსა ამბავსა ზღაპარი არის ყბედისა ღარიბი ვინმე შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა თუ რაცა მკითხო ძალიმცა გიგმია არსთა მხედისა

771. ვთქვი უჟამოდ არ წესია მოყვანა და მზისა ხმობა მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა ხმობა უნდა ჟამიერად სააჯოსა ყოვლსა თხრობა რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა

772. ავიყვანე იგი პირმზე ნაქები და ვერ ვთქვი უქი სურვილმან და მზემან მისმან ძლივ დავმალე მისი შუქი ჩამოვბურე მრავალკეცი სტავრა მძიმე არ სუბუქი ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს წამწამთაგან მოქრის ბუქი

773. მოვიყვანე შინა ჩემსა იგი პირმზე ტანით ალვით მოვუკაზმე სახლი ერთი შიგან დავსვი მეტად მალვით არვის უთხარ სულიერსა შევინახე ფარვით კრძალვით ერთი ზანგი ვამსახურე მე შევიდი ვნახი ხალვით

774. ვით გიანბო საკვირველი მე გლახ მისი ყოფაქცევა დღე და ღამე გაუწყვედლად ტირილი და ცრემლთა ფრქვევა შევეხვეწი დადუმდიო წამერთ ჰქონდის ჩემი თნევა აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ ჰაი ჩემთვის ვაგლახ მე ვა