... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

794. უსენ მოვიდა ხელმწიფე დაჰხვდა ნადიმად მჯდომელი უსენ არიფი მეფისა მეფეა მისი მდომელი წინა მიისვა შეიძღვნა ძღვენი მიართვა რომელი აწ ნახეთ მთრვალი ვაჭარი ცქაფი უწრფელი რომელი

795. რა მეფემან უსენს წინა სვა მრავალი დოსტაქანი კვლა შესვეს და კვლა აივსნეს სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი დაავიწყდეს იგი ფიცნი რა მუსაფნი რა მაქანი მართლად თქმულა არა ჰმართებს ყვავსა ვარდი ვირსა რქანი

796. უთხრა დიდმან ჴელმწიფემან უჭკუოსა უსენ მთრვალსა დია მიკვირს საძღვნოდ ჩვენად სით მოიღებ ამა თვალსა მარგალიტსა დიდროანსა უსახოსა ჰპოვებ ლალსა ვერ გარდვიხდი თავმან ჩემმან ძღვენთა შენთა ნაათალსა

797. თაყვანი სცა უსენ ჰკადრა ჰე მაღალო ხელმწიფეო ზეცით შუქთა მომფენელო მარჩენელო არსთა მზეო რაცა სხვა მაქვს ვისი არის ოქრო თუნდა საჭურჭლეო დედის მუცლით რა გამომყვა მბოძებია თქვენგან მეო

798. ამას გკადრებ თავმან თქვენმან არა გმართებს მადლი ძღვნისა სხვა რამე მითქს სასძლო თქვენი შესართავი თქვენის ძისა მას უცილოდ დამიმადლებთ ოდეს ნახოთ მსგავსი მზისა მაშინ მეტად გაამრავლოთ თქვენ ბრძანება ნეტარძისა

799. რას ვაგრძელებდე გატეხა ფიცი სიმტკიცე სჯულისა უამბო პოვნა ქალისა მჭვრეტთაგან მზედ სახულისა მეფესა მეტად ეამა მიეცა ლხინი გულისა უბრძანა დარბაზს მოყვანა სრულქმნა უსენის თქმულისა

800. მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე მუნამდის არ მიკვნესია შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია თანა ჰყვა მონა სამოცი ვით ხელმწიფეთა წესია მოვიდეს დია გავჰკვირდი ვთქვი რამე საქმე ზეზია

801. მისალამეს ფატმან მითხრეს ბრძანებაა ღმრთისა სწორთა დღეს რომელი უსენ შესძღვნა ქალი მსგავსი მზეთა ორთა აწ მოგვგვარე წავიყვანოთ ვლა არ გვინდა გზათა შორთა ესე მესმა დამტყდეს ცანი რისხვა ღმრთისა ეცა გორთა

802. მე გაკვირვებით კვლა ვკითხე რა ქალი გინდა რომელი მათ მითხრეს უსენ შემოსძღვნა პირი ელვათა მკრთომელი არას მარგებდა დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი ავთრთოლდი ავდეგ ვეღარა ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი

803. შევე ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლდასხმულად ვჰკადრე მზეო ბედმან შავმან ვით მიმუხთლა ხედავ რულად ცა მობრუნდა რისხვით ჩემკე იავარმყო ამფხვრა სრულად შემასმინეს მეფე გითხოვს ვარ ამისთვის გულმოკლულად

804. მან მითხრა დაო ნუ გიკვირს ეგე რაზომცა ძნელია ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქნელია კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს ავი რა საკვირველია სხვადასხვა ჭირი ჩემზედა არახალია ძველია

805. თვალთათ ვითა მარგალიტი გარდმოყარა ცრემლი ხშირი ადგა ასე გულუშიშრად ვეფხი იყო ანუ გმირი ლხინი ლხინად არად უჩნდა მართ აგრევე ჭირად ჭირი მთხოვა გარე აჯიღითა მოიბურა ტანი პირი

806. შევე საჭურჭლეს რომელსა ფასი არ დაედებოდა თვალმარგალიტი ავიღე რაც ოდენ ამეღებოდა თვითო და თვითო თვითოსა ქალაქსა ეფასებოდა მიველ მას წელთა შევარტყი შავგული ვისთვის კვდებოდა

807. ვარქვი ჩემო განღა სადმე გეხმარების ესე გვარი მათ მონათა ხელთა მივეც იგი პირი მზისა დასადარი ცნა მეფემან მოეგება ჰკრეს ტაბლაკსა გაჰხდა ზარი იგი მივა თავმოდრეკით წყნარი არის მოუბარი

808. ზედა მოატყდა მჭვრეტელი გაჰხდა ზათქი და ზარები ვერ იჭირვებდეს სრაანგნი მუნ იყო არ სიწყნარები იგი რა ნახა მეფემან საროსა მსგავსი ნარები გაკრთომით უთხრა ჰე მზეო აქა ვით მოიგვარები

809. მეფემან ბრძანა მოჰკაზმეთ საწოლი უფლისწულისა დაუდგეს ტახტი ოქროსა წითლისა მაღრიბულისა ადგა თვით დიდი ხელმწიფე პატრონი სრისა სრულისა მას ზედა დასვა იგი მზე ლხინი მჭვრეტელთა გულისა

810. უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომლად მცველად კარისად ხელმწიფე დაჯდა ნადიმად მსგავსად მათისა გვარისად უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზის დარისად სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისად

811. გააგრძელეს ნადიმობა სმა შეიქმნა მეტად გრძელი ქალი პირმზე ბედსა ეტყვის რა ბედი მიც ჩემი მკლველი სადაური სად მოსულ ვარ ვის მივჰხვდები ვისთვის ხელი რა ვქნა რა ვყო რა მერგების სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი

812. კვლაცა იტყვის ნუ დავაჭნობ შვენებასა ვარდთა ფერსა ვეცადო რას ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა რა მისჭირდეს მაშინ უნდან გონებანი გონიერსა

813. ხადუმნი უხმნა უბრძანა ისმინეთ მოდით ცნობასა მოღორებულხართ დამცდარხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა დამცდარა თქვენი ხელმწიფე ჩემსა თუ ჰლამის ჰსძლობასა ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად გლახ იცემს ნობასა