ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

740. ჰხამსცა, კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დაჰრიდნეს, ოდეს სიტყვა უმეცრული უმეცარად დაიყბედნეს?! მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭედნეს! შენ თუ მოგკლა, სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს.”

741. კვლავ უბრძანა: თუმცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი, თავმან ჩემმან, თავსა მოგკვეთ, არად უნდა ამას ცილი, წა, უკუდეგ! აი, შმაგი, უმეცარი, შლეგი, წბილი! შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე, მისგან ქმნილი!”

742. დადრკა, სკამნი შემოსტყორცნა, ჰკრნა კედელსა, შეალეწნა; დააცდუნა, მაგრა მისთვის აალმასნა, არ აძეწნა: “ვით მიამბე წასლვა მისი, ვინ ალვისა მორჩი ხე წნა!” ვეზირისა ცრემლმან ცხელმან ღაწვნი თეთრნი აახეწნა.

743. ვეზირმან, გლახ, გამოჰრიდნა, მართ ვეღარას ვერ იძრწივნებს; გამოძრწა და გამომელდა, გულსა წყლულსა მოიმტკივნებს; შეის ხასობს, გაის ქუშობს, ენა ასრე მოაყივნებს, მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომელ კაცი თავსა ივნებს.

744. სთქვა: ”ცოდვათა ჩემთა მზგავსი ღმერთმან მეტი რა მიჩვენოს? რად მოვღორდი, რად დავბნელდი, ნეტარ ვინღა გამითენოს! ვინცა კაცმან კადნიერად პატრონსა რა მოახსენოს, ჩემნი დღენი მასმცა ადგან, რაძი ვითა გაისვენოს!”

745. ვეზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა! ავთანდილს უთხრა დაღრეჯით, პირითა გამქუშავითა! “მადლი რა გკადრო, არ ვიცი, გავხასდი მე მაშა ვითა: ვაჲ, კარგი თავი უებრო დავკარგე, დავაშავითა!”

746. ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს, თუცა ცრემლსა ვერ იწურვებს: – მიკვირს, რად სცალს საწყლიანოდ, რად არ გულსა შეიურვებს! – “ვინ არ მისცემს ქადებულსა მოურავსა მოიმდურვებს; თქმულა: ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დააურვებს.”

747. ვით გამხადა, რა მიბრძანა, – არ ეგების ჩემგან თხრობა – რა სიავე, რა სირეგვნე, რა შლუობა, რა შმაგობა! მე თვით კაცად აღარ ვარგვარ, აღარა მიც თავსა ცნობა; ესე მიკვირს, რად არ მომკლა, მისცა თურე ღმერთმან თმობა.

748. მეცა ვიცოდი, რაცა ვქმენ, ცთომით არ წამკიდებია; ვიაზრე, გამიწყრებოდა, ჭმუნვა მით გამდიდებია; განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დაჰრიდებია! შენთვის სიკვდილი ლხინად მჩანს, ჭირი არ გამცუდებია“.

749. ყმამან უთხრა: ”აღარ-წასლვა არ ეგების ჩემგან აროს; იადონი მაშინ მოკვდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს, ჰხამს, უძებნოს ცვარი წყლისა, მისთვის თავი ყოვლგან აროს; ვერ უპოვოს, რა ჰქმნას, ანუ გული რითა დაიწყნაროს!

750. უმისოდ მყოფი ვერ გავძლებ ჯდომასა, ვერცა წოლასა, მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ, მათთანა სრბოლასა; ასრე გასულსა რად მნუკევს მისთა მებრძოლთა ბრძოლასა? სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.

751. მოვახსენებ ერთხელ კვლაცა, აწ რაზომცა მეფე სწყრების, ნუთუ გაბრჭოს, გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების; არ გამიშვებს, გავიპარვი, რა იმედი გარდაწყდების, მე თუ მოვკვდე, ჩემი კერძი სოფელიმცა გარდიფხვრების.

752. მოიუბნეს, ვეზირმან ქმნნა ჭამა-სმანი მათნი ფერნი; უმასპინძლა, ძღვენნი უძღვნა შვენიერსა შვენიერნი; მისნი მყოლნი ავეავსნა მოყმენი თუ უნდა ბერნი; გაიყარნეს, ყმა წავიდა, სახლად ჩადგეს მზისა წვერნი.

753. შესთვალა თუ: “რაცა გმართებს, ვით მოგცე და ვით გაქონო, ვალთა შენთა გარდასახდლად რა ნაცვალი მოვიგონო? თუღა დავრჩე, შენთვის მოვკვდე, თავი ჩემი დაგამონო; სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო, შეგიწონო.”

754. მე ვითა ვთქვა უებრობა, სიკეთე და ქება მისი! კაცი იყო საქმისაცა შესაფერი, შესატყვისი; ასრე უნდა სამსახური, გაჰვიდოდეს ვისცა ვისი; ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.

XX შერმადინის საუბარი ავთანდილისგან ოდეს გაიპარა

755. შერმადინს ეტყვის, უბრძანებს პირ-მზე, ნათელთა მფენელი: “ესე დღე არის იმედი, ჩემის გულისა მლხენელი, შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი;” მქებრად ამბისა მათისა ჰხამს მკითხავი და მსმენელი.

756. იტყვის: “როსტენ არ გამიშვა, არცა სიტყვა მომისმინა; მან არ იცის, რათა ვინა და სულ-დგმული ვისგან ვინა: უმისომცა ნუ ცოცხალვარ ნუცა გარე, ნუცა შინა! რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა!

757. თუცა მისი არ გაწირვა, ჩემგან მტკიცობს, არ სათუობს, – ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს – გული, მისი უნახავი, ტირს და სულ-ჰთქვამს, ვაებს, უობს, კაცსა არას არ იახლებს, ჰკრთების, კუშტობს, ვაშობს, უშობს.

758. სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა: პირველ ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ-მოთმენა, მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ-მოწყენა, გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა.