ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

568. შუბნი ვსთხოვენ ხელი ჩავჰყავ მუზარადის დასარქმელად საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად ერთსა წავსწვდი უტევანსა წავგრძელდი და წაველ გრძელად მათ ურიცხვთა რაზმი ეწყო წყნარად დგეს და აუშლელად

569. ახლოს მიველ შემომხედნეს შმაგიაო ესე თქვესა მუნ მივმართე მკლავმაგარმან სად უფროსნი ჯარი დგესა კაცს შევეც ცხენი დავეც მართ ორნივე მიჰხდეს მზესა შუბი გატყდა ხელი ჩავჰყავ ვაქებ ხრმალო ვინცა გლესა

570. შიგან ასრე გავერივე გნოლის ჯოგსა ვითა ქორი კაცი კაცსა შემოვსტყორცე ცხენკაცისა დავდგი გორი კაცი ჩემგან შენატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი ერთობ სრულად ამოვწყვიტე წინა კერძი რაზმი ორი

571. ერთობილნი მომეხვივნეს მგრგვლივ შეიქნა ომი დიდი ვჰკრი რასაცა ვერ დამიდგნის სისხლსა მჩქეფრსა ამოღვრიდი ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი სითაც ვიყვი გამექციან მათ შეჰქნია ჩემი რიდი

572. საღამო ჟამ დაიზახნა ქედით მათმან დარაჯამან ნუღარა სდგათ წაედითო კვლა მოგვხედნა რისხვით ცამან მოვა მტვერი საშინელი შეგვაშინნა ამად ამან ნუთუ სრულად ამოგვწყვიდნეს უთვალავმან ბევრმან სპამან

573. ჩემნი ლაშქარნი რომელნი წამომეტანნეს მე არა რა ეცნა წამოსულიყვნეს ღამე წამორთვით ეარა ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა ე არა გამოსჩნდეს სცემდეს ტაბლაკსა ბუკმან ხმა გააზეარა

574. იგი ნახეს გასაქცევლად გაემართნეს შევჰკივლენით ველნი ჩვენგან ნაომარნი ომითავე გარდავლენით რამაზ მეფე ჩამოვაგდე ერთმანერთსა გავეხრმლენით მისნი სპანი ყველაკანი დავიპყრენით არ მოვჰკვლენით

575. უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა დაუწყეს პყრობა ჩამოყრა შეშინებულთა ძლეულთა ძილისა მიხვდა ნაცვალი ძილმკრთალთა ღამეთეულთა ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა მართ ვითა სნეულთა

576. მას ადგილსა ნაომარსა გარდავხედით მოსვენებად ხელსა რხმლითა დავეკოდე წყლულად მაჩნდა არ ნაღებად ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად ვერ იტყვიან ვერ მიმხვდარნი ქებასაცა მოხსენებად

577. ერთსა კაცსა ეყოფოდეს დიდებანი რომე მჭირდეს ზოგთა შორით დამლოციან ზოგნი კოცნად გამიპირდეს რომელთაცა გავეზარდე დიდებულნი ამიტირდეს ჩემგან ხრმლითა განაკვეთნი ნახეს მეტად გაუკვირდეს

578. გავგზავნენ ყოვლგნით ლაშქარნი ალაფი ავაღებინე ერთობ სავსენი მოვიდეს თავიცა ვაალაღებინე სისხლთა მებრძოლთა სისხლითა მინდორი შევაღებინე არ ვბრძოლე კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე

579. რამაზს ვარქვი შემიგნია საქმე შენი სამუხთალე აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე სიმაგრეთა ნუ ამაგრებ ყველა ხელთა მომათვალე თვარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთვალე

580. რამაზ მითხრა აღარაა ამის მეტი ჩემი ღონე ერთი ჩემი დიდებული მომეც ზედა მაბატონე ციხოანთა გაუგზავნო საუბარი გამიგონე ხელთა მოგცემ ყველაკასა გაღანამცა შენ გაქონე

581. მივეც ერთი დიდებული თანა სპანი წავატანენ ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ ხელთა მომცეს სიმაგრენი ომნი ასრე შევანანენ საჭურჭლენი სიმრავლითა რასმცა ვითა დავაგვანენ

582. მაშინღა შეველ ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვეს დაუმალავად ქვეყანა ჩავსხი უბრძანე იყვენით თქვენ უკრძალავად მზემან არ დაგვწნა იცოდით დაგყარენ გაუგვალავად

583. საჭურჭლენი გარდავნახენ თავის თავის კიდის კიდე უცხო ფერთა საჭურჭლეთა დავშვრები თუ მოვსთვალვიდე ერთგან ვნახე საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე თუმცა ნახენ სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე

584. ვერა შევიგენ რა იყო ანუ ნაქმარი რაულად ვისცა უჩვენი უკვირდის ღმრთისაგან თქვის სასწაულად არცა ლარულად ჰგებოდა მას ქსელი არ ორხაულად სიმტკიცე ჰგვანდა ნაჭედსა ვჰთქვი ცეცხლთა შენართაულად

585. იგი საძღვნოდ მისად დავდევ ვისი შუქი მანათობდა მეფისათვის დავარჩივე საარმაღნოდ რაცა სჯობდა ჯორაქლემი ათჯერ ასი ყველაკაი წვივმაგრობდა ატვირთული გავუგზავნე ამბავსაცა კარგსა ცნობდა

წიგნი ტარიელისი ჰინდოთ მეფის წინაშე ოდეს გაიმარჯვა

586. წიგნი დავსწერე მეფეო სვემცაა თქვენი სვიანად მე ხატაელთა მიმუხტლეს თუცა მათ ეცა ზიანად ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად მეფე შევიპყარ მოგივალ მე ალაფიანტყვიანად