ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

492. შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მდომია მაგრა აქამდის საუბრად კვლავ ჟამი არ მამხდომია ძუღან ხელქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია მანდა ყველაი მასმია რაცა შენ გარდაგხდომია

493. მართლად გითხრობ მომისმინე ესე რაცა მოგახსენე წა შეები ხატაელთა თავი კარგად გამაჩვენე გიჯობს ცუდად ნუღარა სტირ ვარდი კვლამცა რად დასტენე მზემან მეტი რაღა გიყოს აჰა ბნელი გაგითენე

494. ასმათი მეუბნებოდა უშიშრად არ მეკრძალოდა ჩემი რა გითხრა რა ვიყავ ლხინი რად დამეთვალვოდა გული მი და მო მიარდა ჰკრთებოდა და მემალოდა მით პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გამელალვოდა

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი

495. თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია პასუხად ვსწერდი მთვარეო შენმცა მზე ვით მოგერია მე ღ~თნ იგი ნუ მომცეს რაც არა შენი ფერია სიზმრად მგონია დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია

496. ასმათს უთხარ მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივხვდები ესე ჰკადრე რათგან მზეო ჩემთვის ნათლად ამოჰხდები აჰა მკვდარი გამაცოცხლე ამას იქით აღარ ვბნდები რასაცაღა სამსახურსა ვიტყვი თუღა ვერიდები

497. ასმათ მითხრა მე მიბრძანა ესე ვქნათო ესე სჯობდეს ვინცა გნახოს ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს ჩემად ნახვად მოვიდოდეს შენ ვითამცა გაშიკობდეს დაცამვედრა ამირბარსა უთხარ ასრე ნამუსობდეს

498. მეკეთა ესე თათბირი სიბრძნე გულისა მისისა მისი მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა მისისა მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა ვისგან შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა

499. ასმათს მოვართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა მან მითხრა არა არ მინდა ვარ გამაძღარი ამითა ერთი აიღო ბეჭედი მართ აწონილი დრამითა ესე კმა ნიშნად სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა

500. ქალი ადგა წამოვიდა მე ლახვართა გულსა მრიდეს ლხინმან ბნელი განმინათლა დაშრტეს ცეცხლნი რომე მწვიდეს შეველ დავჯე ნადიმადვე ჩემნი სწორნი სადა სმიდეს მხიარულმან საბოძვარი გავეც ზამი გაადიდეს

წიგნი ტაერილისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა

501. კაცი იხმო გასაგზავნლად ეუბნების უბრძანებსა უთხრა იცნობ ვინცა უწინ ჩვენთვის ხრმალნი მისცნეს ნებსა რად შესცვლიან ჭკუა ცნობა ვარდის ნაცვლად ძეძვს რად ჰკრებსა ჩვენი ბაჟი დაიკიდოს მოიღებდეს ჩვენს წინ ზღვნებსა

502. გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემაგიერი მივსწერე მეფე ჰინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი ვინცა ურჩ ექმნას იქმნების თავისა არ მადლიერი

503. ჩვენნო ძმანნო და პატრონნო თქვენგან არ გავიმწარებით ესე რა ნახოთ ბრძანება აქამცა მოიარებით თქვენ თუ არ მოხვალთ ჩვენ მოვალთ ზედა არ მოგეპარებით სჯობს რომე გვნახნე თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით

504. კაცნი გავგზავნენ მე გულსა მომეცა უფრო ლხინები დარბაზს ვიშვებდი დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის რაცა ვინები აწ ხელმქმნა რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები

505. პირველ გაჭრისა პირება მერმე დასწყნარდეს ცნობანი ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი მაგრამ დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი ზოგჯერ შემცვიან სევდათა ვთქვენი საწუთროს გმობანი

506. დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსრული ვჯე და მასვე ვიგონებდი არ მიეცა თვალთა რული წიგნი მქონდა საიმედო ამად ვიყავ მხიარული კარსა მცველმან მონა უხმო უთხრა რამე დაფარული

507. მონააო ასმათისი საწოლს ვუთხარ შემოყვანა მოეწერა გიბრძანებსო ვისი მესვა გულსა დანა ლხინმან ბნელი განმინათლა ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა წაველ მონა წავიტანე რამცა ვუთხარ ამისთანა

508. ბახჩა შევვლე არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბნარი ქალი წინა მომეგება მხიარული მოცინარი მითხრა ვაშად ამოგიღე არ გასვია გულსა ნარი მოდი ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი დაუმჭნარი

509. ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა სადა დგა კუბო შემკული ბალახშითა და ლალითა შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვამკრთალითა მე შემომხედნის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა