ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

548. სამ დღე ვიარე მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა კვლავ ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა ებრძანა მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა რა შეგეყარო მაშინ სცნა შენ ძღვნობა ამისთანისა

549. კვლაცა ეთქვა მართალია აზომ ჩემი მონახსენი მე თვით წინა მოგეგებვი მესწრაფების ნახვა შენი მოვახსენე დია ღ~თო ბრძანება ვქენ მეცა თქვენი ტკბილად ვნახეთ ერთმანერთი ვიყვნეთ ვითა მამაძენი

550. მუნით წასული ჩამოვხე ტევრისა რასმე კიდესა კვლავ მოციქულნი მოვიდეს სალამად არ დამრიდესა წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა შენსა ნახვასა მეფენი თქვეს მართლად ინატრიდესა

551. კვლაცა ეცნა მოციქულთა მოსლვა წინა გაეგება გარდაჰხდეს და თაყვანისცეს სხვაგნით სხვათა ჰკადრეს ქება კაცმან ვითმცა ეშგიშალოს რაცა გინდეს თქვენი ნება რად გვიწყრებით შეუცოდვრად ეგე საქმე ვით ეგება

552. გაგვეხრდეს ესე თქმანი ვიხარეთ და ვინადირეთ ქორითა და ავაზითა უცხო სულნი დავიჭირეთ მხეცნი მოვსრენ მახვილითა ჩვენნი მბრძოლნი ავატირეთ ვლაღობდით და ვთამაშობდით სწრაფად მოსლვა დავაპირეთ

553. მითხრეს მეფე მოგახსენებს მეცა შენ კერძ ვიარები სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები მოციქულნი დავაყენენ ხარგა დავდგი არ მზირები მეტად ამოდ უალერსე ერთგან დაწვნეს ვით მაყრები

554. კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურმე არ წახდების ერთი კაცი უკმორესწყდა მოდგა მალვით მეუბნების დიდი მაცო თქვენი ვალი ჩემგან ძნელად გარდიხდების გაწირვა და დავიწყება ჩემგან თქვენი არ იქნების

555. მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი თქვენი მესმა საღალატო საცნობელად გამოვარდი მკვდარი მიმძიმ სანახავად ტანი მჭევრი პირი ვარდი ყველასავე მოგახსენებ გამიგონე დამიწყნარდი

556. შემიგნია იგი კაცი შენთვის კარგსა არ არჩევენ მოციქულთა მოგზავნილთა საღალატოდ შეგიჩვევენ ილათითა მიგიყვანენ უკან სპათა მოგაწევენ სასიკვდილოდ მონდომიხარ აგრე ფიცხლად მით გაწვევენ

557. რომე ცუდად არ მოღორდე ისი კაცნი გღალატობენ ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ კვლა სხვაგან გითქს სამი ბევრი ასრე ფიცხლად მით გიხმობენ აწვე თავსა არ ეწევი ფათერაკსა შეგასწრობენ

558. მეფე ცოტათ მოგეგებვის ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან მალვით ჩაიცმენ აბჯარსა მიენდო მით გეთნევიან კვამლსა შეიქმენ ლაშქარნი ყოველგნით მოგეხვევიან რა ერთსა გცემდენ ათასნი ეგრეცა მოგერევიან

559. მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიხდიდია რომე არ მოვკვდე შემოგზღო შენ ამას ინატრიდია აწ ამხანაგთა არ გიგრძნან წადი მათთანა მიდია თუ დაგივიწყო უთუოდ მემცა ვარ განაკიდია

560. არვის გავენდევ სულდგმულსა დავმალე ვითა ჭორია რაცა იქნების იქნების ყოვლი თათბირი სწორია მაგრა სპათაკენ გავგზავნე კაცი თუ გზაცა შორია შევსთვალე ფიცხლად წამოდით მოგრაგნეთ მთა და გორია

561. მე დილასა მოციქულთა სიტყვა ტკბილი შევუთვალე რამაზს ჰკადრეთ მოგეგებვი მოდი მოვალ მეცა მალე ნახევარ დღე სხვა ვიარე ჭირსა თავი არ ვაკრძალე განგებაა დღესცა მომკლავს ქვემცა სადა დავიმალე

562. ქედსა რასმე გარდავადეგ მინდორს მტვერი დავინახე ვთქვი თუ მოვა რამაზ მეფე ჩემთვის უდგამს თუცა მახე ჩემიც გაკვეთს ხორცსა მათსა ხრმალი ბასრი შუბი ვახე მაშინ უთხარ სპათა ჩემთა სახე დიდი დაუსახე

563. ვჰთქვი თუ ძმანო ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან ვინცა მოკვდეს მეფეთათვის სულნი მათნი ზეცას რბიან აწ შევებნეთ ხატაელთა ხრმალნი ცუდად რას გვაბიან

564. უბრძანე ჩაცმა აბჯრისა ლაღმან სიტყვითა ხაფითა დავეკაზმენით საომრად ჯაჭუ ჯავშანითა ქაფითა რაზმი დავაწყევ მივმართე წაველ დიდითა სწრაფითა მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ხრმალმან დაფითა

565. მივეახლენით შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარცმულობა კაცი მოვიდა მომართვა მეფისა მოციქულობა ეთქვა თუ ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არ ორგულობა აბჯრითა გხედავთ შეგქვნია აწ ამად გულნაკლულობა

566. შევსთვალე თუ მეცა ვიცი რაცა ჩემთვის გაგიგია თქვენ რასაცა სთათბირობდით არ იქმნების არ იგია ბრძანეთ მოდით შემებენით ვითა წესი და რიგია მეცა თქვენად დასახოცლად ხელი ხრმალსა დამიგია

567. რა მივიდა მოციქული კვლავცა რადღა გამოგზავნეს კვამლი შექნეს ლაშქართათვის დამალული გაამჟღავნეს სამალავით გამოვიდეს თავნი ორგნით აქარავნეს შექმნეს რაზმი მრავალკეცი თუცა ღ~თო ვერა მავნეს