ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

614. “მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა, მაგრა ცოტასა; გამოეგებნეს ლაშქარნი, იხმიდეს მისთვის ოტასა, პირსა იხოკდეს, გაჰყრიდეს ნახოკსა, ვით ნაფოტასა, ეხვეოდიან, ჰკოცნიდეს ხრმალსა და სალტე-კოტასა.

615. “კვლა მოვეწონე, ვეტურფე მე მისი გარდნაკიდარი; შემასხმიდიან ქებასა: “მზეო, შენ ჩვენთვის იდარი!” მივედით, ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი, ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი”.

შველა ტარიელისაგან ფრიდონისა

616. „მოჯობდა, ომი შეეძლო, ხმარება ცხენ-აბჯარისა; დავკაზმეთ ნავი, კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა; კაცი ხმდა, მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა! აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა.

617. “მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამოხურვა; ნავი წინა მომეგება, არა ვიცი, შვიდი თუ რვა. ფიცხლა ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა; ქუსლი ვჰკარ და დავუქცივე, დაიზახნეს დიაცურ ვა!

618. “კვლა სხვასა მივე, მოვჰკიდე ხელი ნავისა ბაგესა, ზღვასა დავანთქენ, დავხოცენ, ომიმცა რაღა აგესა! სხვანი გამექცეს, მიჰმართეს მათ-მათსა საქულბაგესა; ვინცა მიჭვრეტდეს, უკვირდა, მაქებდეს, არ მაძაგესა.

619. “ზღვა გავიარეთ, გავედით, შემოგვიტივეს ცხენია, კვლა შევიბენით, შეიქმნნეს ომისა სიფიცხენია. მუნ მომეწონნეს ფრიდონის სიქველე-სიმკვირცხენია: იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია.

620. “თვით ორნივე ბიძასძენი მისნი ხრმლითა ჩამოყარნა, ხელნი წმიდად გარდეკვეთნეს, იგი ასრე ასაპყარნა, მოიტანნა მხარ-დაკრულნი, ერთმან ორნი არ დაყარნა, მათნი ყმანი გაამტირლნა, მისნი ყმანი ამაყარნა.

621. “მათნი ლაშქარნი გაგვექცეს; ვეცენით, გა-ცა-ვფანტენით. ფიცხლა წავუღეთ ქალაქი, არ თავნი გავაზანტენით; ქვითა დავჰლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავანატენით. მომკალით, ლარი დავლიოთ ან აკიდებით, ან ტენით.

622. “ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დაჰსხნა. თვით ორნივე ბიძასძენი დაპყრობილნი წამოასხნა. მისთა ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა; ჩემი თქვეს, თუ: “ღმერთსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა!”

623. “მივედით, მოქალაქეთა ზარი ჩნდა, რომე ზმიდიან, აჯაბთა მქმნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან; მე და ნურადინს ყველანი ქებასა შეგვასხმიდიან, გვითხრობდეს: “მკლავთა თქვენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან!”

624. “ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთ-მეფობით, თვით თავსა მათსა — მონად და ჩემსა — ყველასა სეფობით; დაღრეჯით ვიყავ, ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდსა მკრეფობით, ჩემი ვერ ცნიან ამბავი, მუნ იყო არ-იეფობით”.

ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა

625. დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობად გამოვედით, ზღვასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავედით; ფრიდონ მითხრა: “გითხრობ რასმე: — ვთამაშობდით, ცხენსა ვსხედით, ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით”.

626. “მე ვჰკითხევდი, ფრიდონ მეტყვის მართ ამბავსა ესოდენსა: “დღე ერთ მწადდა ნადირობა, შევჯე ამა ჩემსა ცხენსა, — ზღვათა შიგან იხვსა ჰგავს და ხმელთა ზედა შავარდენსა, — აქა ვდეგ და თვალს ვუგებდი ქორსა, იქით განაფრენსა.

627. “ზოგჯერ ზღვითკე მივიხედნი, წავსდგომოდი ამა გორსა; ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე, თუცა შორსა. ეგრე ფიცხლა სიარული არას ძალ-უც მისსა სწორსა, ვერად ვიცან, გონებასა გავეკვირვე ამა ორსა:

628. “ვთქვი: რა არის, რას ვამსგავსო? მფრინველია, ანუ მხეცი.” ნავი იყო, გარ ეაფრა სამოსელი მრავალ-კეცი; წინა კაცნი მოზიდვიდეს; თვალი ამად დავაცეცი, მთვარე უჯდა კიდობანსა, ცა მეშვიდე მასცა ვეცი.

629. “ამოძვრეს ორნი მონანი, შავნი მართ ვითა ფისანი. ქალი გარდმოსვეს, სისხონი ვნახენ მისისა თმისანი. მას რომე ელვა ჰკრთებოდა, ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი! მან გაანათლა ქვეყანა, გაცუდდეს შუქნი მზისანი!

630. “სიხარულმან ამაჩქარა, ამათრთოლა, და-ცა-მლეწა, იგი ვარდი შემიყვარდა, რომე თოვლსა არ ეხეწა; დავაპირე შეტევება, ვთქვი: “წავიდე მათკე მე, წა-, ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა!”

631. “ცხენი გავქუსლე, იქმოდეს შამბი ხმასა და ხრიალსა, ვეღარ მივესწარ, გამესწრნეს, რაზომცა ვსცემდი წრტიალსა. ზღვის პირსა მივე, შევხედენ, ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა, გაშორვებოდეს, წამსლვოდეს, ამისთვის დავეწვი ალსა”.