... (H-742), XIX ს.

432. ქედსა რასმე გარდავადეგ მინდორს მტვერი დავინახე. ვსთქვი თუ მოვა რამაზ მეფე ჩემთვის უდგამს თუცა მახე. ჩემი განჰკვეთს ხორცსა მათსა ხრმალი ბასრი შუბი ახე. მაშინ ვუთხარ სპათა ჩემთა სახე დიდი დაუსახე.

433. ვსთქვი თუ ძმანო ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან. მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან. ვინმცა მოკვდეს მეფეთათვის სულნი მათნი ზეცას რბიან. აწ შევებნეთ ხატაელთა ხრმალნი ცუდად რას გვაბიან

434. უბრძანე ჩაცმა აბჯრისა ლაღმან სიტყვითა ხაფითა. დავეკაზმენით საომრად ჯაჭვ ჯავშანითა ქაფითა. რაზმი დავაწყევ მივმართე წაველ დიდითა სწრაფითა. მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემანვე ხრმალმან დაფითა.

435. მივეახლენით შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარცმულობა. კაცი მოვიდა მომართვა მეფისა მოციქულობა. ეთქვა თუ ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არ ორგულობა. აბჯრითა გხედავთ შეგქვნია აწ ამად გულ ნაკლულობა.

436. შევთვალე თუ მეცა ვიცი რაცა ჩემთვის გაგიგია. თქვენ რასაცა სთათბირობდით არ იქმნების არ იგია. ბრძანეთბ მოდით შემებენით ვითა წესი და რიგია. მეც რა თქვენთვის დასახოცლად ხელი ხრმალსა დამიგია.

437. რა მივიდა მოციქული კვლავმცა რადღა გამოგზავნეს. კვამლი შექნეს ლაშქართათვის დამალული გაამჟღავნეს. სამალავით გამოვიდეს თავნი ორგნით აქარავნეს. შეჰქმნეს რაზმი მრავალკეცი თუცა ღ~თო ვერა მავნეს.

438. შუბი ვთხოვე ხელი ჩავჰყავ მუზარადის დასარქმელად. საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად. ერთსა წავსწვდი უტევანსა წავგრძელდი და წავე გრძელად. მათ ურიცხვთა რაზმი ეწყო წყნარად დგეს და აუშლელად.

439. ახლოს მიველ შემომხედნეს შმაგიაო ესე თქვესა. მუნ მივმართე მკლავ მაგარმან სად უფროსი ჯარი დგესა. კაცს შუბი ვკარ ცხენი დავეც მართ ორნივე მიჰხდეს მზესა. შუბი გატყდა ხელი ჩავჰყავ ვაქებ ხრმალო ვინცა გლესა.

440. შიგან ასრე გავერივე გნოლის ჯოგში ვითა ქორი. კაცი კაცსა შემოვტყორცე ცხენ კაცისა დავდგი გორი. კაცი ჩემგან განატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი. ერთობ სრულად ამოვწყვიტე წინა კერძი რაზმი ორი.

441. ერთობილნი მომეხვივნეს მგრგვლივ შეიქნა ომი დიდი. ვკრი რასაცა ვერ დამიდგის სისხლსა მჩქეფრსა აღმოვღვრიდი. ცხენსა კაცი გაკუეთილი მანდიკურად გარდავკიდი. სითაც ვიყვი გამექციან მათ შექნიან ჩემი რიდი.

442. საღამო ჟამ დაიზახა ქედით მათმან დარაჯამან. ნუღარა სდგათ წაედითო კვლავ მოგვხედნა რისხვით ცამან. მოვა მტვერი საშინელი შეგვაშინა ამად ამან. ნუთუ სრულად ამოგვწყვიტნეს უთვალავმან ბევრმან სპამან.

443. ჩემნი ლაშქარნი რომელნი წამომეტანნეს მე არა. რა ეცნოთ წამოსულიყვნეს ღამე წამორთვით ეარა. ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა იარა. გამოჩნდეს სცემდეს ტაბლაკსა ბუკმან ხმა გაიზიარა.

444. იგი ნახეს გასაქცევლად გაემართნეს შევკივლენით. ველნი ჩვენგან ნაომარნი ომითავე გარდავლენით. რამაზ მეფე ჩამოვაგდე ერთმან ერთსა გავეხლმენით. მისნი სპანი ყუელანივე დავიპყრენით არ მოვკლენით.

445. უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა. დაუწყეს პყრობა ჩამოყრა შეშინებულთა ძლეულთა. ძალისა მიხვდა ნაცვლი ძილ მკრთალთა ღამე თეულთა. ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა მართ ვითა სნეულთა.

446. მას ადგილსა ნაომარსა გარდავხედით მოსვენებად. ხელსა ხრმლითა დავეკოდე წყლულად მაჩნდა არ ნაღებად. ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად. ვერ იტყვიან ვერ მიმხვდარან ქებასაცა მოხსენებად.

447. ერთსა კაცსა ეყოფოდეს დიდებანი რომე მჭირდეს. ზოგთა შორით დამლოციან ზოგნი კოცნად გამიპირდეს. რომელთაცა გავეზარდე დიდებულნი ამიტირდეს. ჩემგან ხმლითა განაკვეთნი ნახეს მეტად გაუკვირდეს.

448. გავგზავნენ ყველგან ლაშქარნი ალაფი ავაღებინე. ერთობ სავსენი მოვიდეს თავი ვაალაღებინე. სისხლითა მძებნელთა ჩემთასა მინდორი შევაღებინე. არ ვბრძოლე კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე.

449. რამაზს ვარქვი შემიგნია საქმე შენი სამუხთალე. აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე. სიმაგრეთა ნუ ამაგრებ ყველა ხელთა მამათვალე. თვარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთვალე.

450. რამაზ მითხრა აღარა არის ამის მეტი ჩემი ღონე. ერთი ჩემი დიდებული მომეც ზედა მაპატრონე. ციხოვანთა გაუგზავნო საუბარი გამიგონე. ხელთა მოგცემ ყველაკასა გაღანამცა შენ გაქონე.

451. მივეც ერთი დიდებული თანა სპანი წავატანენ. ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ. ხელთა მამცეს სიმაგრენი ომი ასრე შევანანენ. საჭურჭლენი სიმრავლითა რასამცა ვით დავაგვანენ.