... (H-742), XIX ს.

490. ასრე წვა რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა. ორგნით ჰსჩანს ლები მჯიღისა მართ გულსა გარდნაკარისა. ასმათს სდის ღვარი ცრემლისა ღაწვთაგან ნახოკარისა. კვლავ წყალსა ასხამს უშველის ხმა ისმის მუნ წკანწკარისა.

491. ავთანდილცა სულთქნა მწარედ დაბნედილსა შემოსჭვრიტნა. ასმათ ვამნი გაამრავლნა ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა. მერმე სულად მოაქცია ცეცხლი წყლითა დაუშრიტნა. სთქვა ცოცხალვარ საწუთრომან ჯერცა ჩემი სისხლი ხურიტნა.

492. ზე წამოჯდა ფერ მიხდილი აყოლებდა თვალთა რეტად. ვარდი სრულად შექნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად. დიდხან მათდა აღარ სცალდა საუბრად და არცა ჭურეტად. დარჩომა და არ სიკვდილი მას უმძიმდა მეტის მეტად.

493. ავთანდილს უთხრა ისმენდი ცნობა მიძს ვითა ხელისა. გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა. ლხინად მიჩნს შეყრა მოყვრისა მის შენგან შეუყრელისა. მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე ასრე დარჩომა მრთელისა.

494. ასმათის ნახვა მიამა ჩემად მის საესავისა. წიგნი რა ვნახე მამართვა ესე საბამი მკლავისა. მკლავსა შევიბი მაშინვე მოვიხსენ რიდე თავისა. იგი უცხოა ღარიბი მტკიცისა რისმე შავისა.

წიგნი ტარიელისა საყუარელსა თანა მინაწერი პასუხად.

495. მივწერე მზეო შუქი შენი შენგან მონაფენი. გულსა მეცა გამიცუდდეს სიჩაუქე სიალფენი. ხელმან შენნი გავიცადენ სინატიფე სიტურფენი. სულთა ნაცვლად სამსახურნი რამცა ვითა გიმუქფენი.

496. მაშინ ოდეს დამარჩინე სულთა სრულად არ გამყარე. აწ ჩემთვისცა ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე. სამხრე შენი მამივიდა შემოვიბი მკლავსა გარე. რომე მართებს სიხარული ეგზომიმცა რა ვიხარე.

497. განაღამცა ვიწინაშე აჰა რიდე რომე მთხოვე. ყაბაჩაცა ასეთივე ამისებრი ვერა ჰპოვე. დაბნედილსა ნუ დამაგდებ მიშველე რა მარგე მოვე. სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე.

498. ქალი ადგა გამეყარა დავსწევ ამოდ დამეძინა. მაგრა შევკრთი საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა. გამეღვიძა აღარა მყვა სულდგმულობა მამეწყინა. ღამე ასრე გავათენე მისი ხმაცა არ მესმინა.

499. დილასა ადრე სრას მიხმეს დღე რა ჰქმნა მწუხრმან ჟამითა. ავდეგ ვსცან მათი ამბავი წასლვა ვჰქენ მითვე წამითა. ვნახე ორნივე ერთგან სხდეს სახითა ოდენ სამითა. რა მიველ მითხრეს დაჯდომა წინაშე დავსჯე სკამითა.

500. გვიბრძანეს თუ ღმერთმან ასრე დაგვაბერნა დაცაგვლია. ჟამი გვახლავს სიბერისა სიყმაწვილე გარდგვივლია. ყმა არ მოგვცა ქალი გვივის ვისგან შუქი არ გვაკლია. ყმისა არ სმა არა გვაგვა ამად ზედან წაგვითვლია.

501. აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა სად მოვნახოთ. რომე მივცეთ ტახტი ჩვენი სახედ ჩვენად გამოვსახოთ. სამეფოსა ვაპატრონოთ სახელმწიფო შევინახოთ. არ ამოვსწყდეთ მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ.

502. ვსთქვი თქვენი ძისა არა სმა გულსა ვით მიეფარების. მაგრა კმა ჩემდა მაგრამ იმედად ვინ მზესა დაედარების. ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ მას დიდად გაეხარების. სხვამცა რა გკადრეთ თქვენ იცით მაგას რა მოეგვარების.

503. დავიწყეთ რჩევა საქმისა გული უცს თუცა მელია. ვსთქვი ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის არ საქმნელია. მეფემან ბრძანა ხვარაზმშა ხელმწიფე ხვარაზმელია. თუ მოგვცემს შვილსა საჩვენოდ მისებრივ არ რომელია.

504. რომე პირველვე დაესკვნა მათ ესე შეეტყვებოდა. ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს სიტყვაცა აგრე სწბებოდა. ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა. ოდენ დავმიწდი დავნაცრდი გული მი და მო ჰკრთებოდა.

505. დედოფალმან სთქვა ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი. მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდეს რომელი. შეცილებამცა ვით ვკადრე რადგან თვით იყვნეს მდომელნი. მოწმობა დავრთე დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი.

506. გაჰგზავნეს კაცი ხორაზმშას წინა შვილისა მთხოველი. შესთვალეს გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოველი. არს ერთი ქალი საძეო არ კიდე გასათხოველი. თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ სხვასა ნუღარას მოელი.

507. კაცი მოვიდა აევსო ჯუბაჩითა და რიდითა. გახარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა. ებრძანა მოგვხვდა ღმრთისაგან ჩვენ რომე ვინატრიდითა. თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა ვხდიდითა.

508. კვლავ გაგზავნეს სხვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად. დაავედრეს ნუ აყოვნებთ მოდით ჩვენად ნაბრძანებად. მე მაშვრალი ნაბურთალი საწოლს შეველ მოსვენებად. გულსა სევდა შემეყარა ვიწყე ჭირთა მოპოვნებად.