... (H-742), XIX ს.

568. დავარს დასა მეფისასა უთხრა ვინმე ღვთისა მტერმან. თავი ჰფიცა ძმამან შენმან არ დაგარჩენს იცის ერმან. მან აგრე სთქვა უბრალო ვარ იცის ღმერთმან სახიერმან. ვისგან მოვკვდე ვისთვის მოვკვდე მიიხვედროს იგი ვერ მან.

569. პატრონი ჩემი აგრევე იყო წამოხვე შენ ოდეს. შენეულივე რიდენი ებურნეს ტურფად შვენოდეს. დავარ მოჰსთქმიდა სიტყვითა რომელნი არა მსენოდეს. ბოზო შენ ბოზო რად მამკალ ვეჭვ შენცა არა გლხენოდეს.

570. როსკიპო ბოზო დიაცო საქმრო რად მოაკვლევინე. ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე. არ ცუდად მამკლავს ძმა ჩემი რა გიყავ რა გაქნევინე. აწ ღმერთსა უნდეს ვერ მიხვდე ვის ესე დააშლევინე.

571. ხელი მიჰყო წამოზიდნა თმანი გრძელნი დაუფუშნა. დაალება დაალურჯა მედგრად პირნი მოუქუშნა. მან პასუხი ვერა გასცა ოდენ სულთქნა ოდენ უშნა. ქალმან შავმან ვერა არგო ვერცა წყლული დაუშუშნა

572. რა დავარ გაძღა ცემითა მისითა დალურჯებითა. წამოდგეს ორნი მონანი პირითა მით ქაჯებითა,. მათ კიდობანი მოჰქონდათ ეუბნეს არ აჯებითა. მაშიგან ჩასვეს იგი მზე გავს იქა დარაჯებითა.

573. ზღვათაკენ გავლნეს სარკმელნი მაშინვე გაუჩინარდა. დავარ თქვა მქნელი ამისი ვინ არ დამქოლოს ვინ არ და. ვირემ მომკლევდეს მოვკვდები სიცოცხლე გასაწყინარდა. დანა დაიცა მოცაკვდა დაეცა გასისხლმდინარდა.

574. რად არ მიკვირვებ ცოცხალსა მე ლახვარ დაუსობელსა. აწ იგი მიყავ რა მართებს ამისა მახარობელსა. ზენაარ დამხსენ სიცოცხლე სულთა დგმა დაუთმობელსა. საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა დაუშომელსა.

575. მე უთხარ დაო რად მოგკლა ანუ რა შენი ბრალია. რამცა ვქმენ ნაცვლად თვით რომე მისი ჩემზედა ვალია. აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ სად კლდე და წყალია. სრულად გავქვავდი შემექმნა გული მართ ვითა სალია.

576. მეტმან ზარმან გამაშმაგა მამივიდა ცხრო და თრთოლა. გულსა უთხარ ნუ მოკვდები არას გარგებს ცუდი წოლა. გიჯობს გაჭრა ძებნად მისად გავარდნა და ველთა რბოლა. აჰა ჟამი ვისცა გინდა ჩემი თანა წამოყოლა.

577. შეველ ფიცხლავ შევეკაზმე ცხენსა შევჯე შეკაზმული. ას სამოცი კარგი მოყმე ჩემსა თანა ხანდაზმული. წამომყვეს და წაცავედით კართა გარე დარაზმული. ზღვის პირს მიველ ნავი დამხვდა მენავემან მნახა ცმული.

578. ნავსა შევსჯე ზღვასა შეველ ნავსა შიგან გავალაგდი. არსით ნავი მამავალი უნახავად არ დავაგდი. მოველოდი არა მესმა შმაგი უფრო გავეშმაგდი. რომე სრულად მომიძულა ღმერთსა თურე ასრე ვძაგდი.

579. რომე დავყავ წელიწადი თვე თორმეტი გამეოცა. მაგრა მისი მნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა. თანა მყოლი ყუელაკანი ამომიწყდა დამეხოცა. ვსთქვი თუ ღმერთსა ვერას ვჰკადრებ რაცა სწადდეს აგრე ვჰყო ცა.

580. ზღვა ზღვა ცურვა მამეწყინა მით გამოველ ზღვისა პირსა. გული სრულად გამიმხეცდა არ უსმენდი არც ვაზირსა. ყველაკაი დამეფანტა დარჩომოდა რაცა ჭირსა. კაცსა ღმერთი არ განსწირავს ასრე მისგან განაწირსა.

581. ერთია ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი. ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემამგონანი. მისნი ვერა ვცნენ ამბავნი ვერცა დრამისა წონანი. ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი.

ამბავი ნურადინ ფრიდონისა ოდეს ტარიელ შემოეყარა ზღვისა პირსა.

582. ღამით მევლო მოვიდოდი ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი. ჰგვანდეს ქალაქს ვიახლენით ცალკერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი. არ მიამის კაცთა ნახვა მიდაღვიდა გულსა დაღნი. მუნ გარდავხე მოსვენებად დამხვდეს რამე ხენი ლაღნი.

583. ხეთა ძირსა მივიძინე მათ მონათა ჭამეს პური. მერმე ავდეგ სევდიანი მიღამებდა გულსა მური. ვერა მეცნა ეგზომ გრძელად ვერ ჭორი და ვერ დასტური. ველთა ცრემლი ასოვლებდა თვალთა ჩემთა მონაწური.

584. ზახილი მესმა შევხედენ მოყმე ამაყად ყიოდა. შემოირბევდა ზღვის პირ პირ მას თურმე წყლული სტკიოდა. ხმლისა ნატეხი დასვრილი აქუს სისხლი ჩამოზდიოდა. მტერთა ექადდა სწყრებოდა იგინებოდა ჩიოდა.

585. ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა ესე აწ მე მყავს რომელი. მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული მწყრომელი. მონა მივსწიე მისისა შეყრისა ვიყავ მდომელი. შევსთვალე დადეგ მიჩვენე ლომსა ვინ გაწყენს რომელი.

586. მას მონასა არა უთხრა არცა სიტყვა მოუსმინა. ფიცხლად შევჯე ჩავეგებე მე ჩაუსწარ ჩავე წინა. უთხარ დადეგ გამიგონე შენი საქმე მეცა მინა. შემომხედა მოვეწონე სიარული დაითმინა.