ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

275. ქალმან კვლა ჰკადრა: “გაგსაჯე მეტითა შეგონებითა, მაგრა თუ კაცი მოგგვარო, მოგყვეს თავისა ნებითა, იგი გეახლოს, ილხენდე მისითა შემეცნებითა, ფიცე, არ მოჰკლა, არ იყო, არსავნებლისა ვნებითა”.

276. მან უბრძანა: “თუ მაჩვენებ, ვნახავ, დიდად გავიხარებ, სიყვარულმან მისმან, ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ, არას უზამ უგემურსა, არა ოდეს გავამწარებ; რაცა ჩემგან ეამების, ვაამებ და შევიყვარებ”.

277. ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად; “არ ეწყინაო”, უამბობს, არს მისად მაგულვანებლად, ხელი მოჰკიდა, მოჰყვანდა, ვით მთვარე მოსავანებლად; იგი რა ნახა ტარიელ, თქვა მზისა დასაგვანებლად.

278. გამოეგება ტარიელ, მართებს ორთავე მზე დარად, ანუ ცით მთვარე უღრუბლო შუქთა მოჰფენდეს ქვე დარად, რომე მათ თანა ალვისა ხეცა ვარგიყო ხედ არად, ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა, სხვადმცა რისად ვთქვა მე და რად!

279. მათ აკოცეს ერთმანერთსა, უცხოებით არ დარიდეს, ვარდსა ხლეჩდეს, ბაგეთაგან, კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს, ყელი ყელსა გადააჭვდეს, ერთმანერთსა აუტირდეს, ქარვად შექმნნეს იაგუნდნი მათნი, თუცა ლალად ღირდეს.

280. მობრუნდეს. ყმამან ავთანდილს ხელი შეუპყრა ხელითა, ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა. ასმათი სულსა უღებდა, სიტყვითა საკვირველითა: “თავთა ნუ დაჰხოცთ, ნუ ბნელიქთ მზესა თქვენითა ბნელითა”.

281. ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული, არ-დაზრული; ყმასა უთხრა: “მესწრაფების, მითხარ შენი დაფარული, ვინ ხარ, ანუ სით მოსრულ ხარ, სადაური, სით მოსრული? მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ, ვარ მისგანცა განწირული”.

282. ავთანდილ გასცა პასუხი, სიტყვები ლამაზებია: “ლომო და გმირო ტარიელ, ვის თავი გინაზებია, მე ვარ არაბი, არაბეთს არს ჩემი დარბაზებია, მიჯნურობითა დამწვარვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია.

283. “მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია; თვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავმაგრებია. თუცა არ მიცნობ, გინახავ, თუ ვითა გეაზრებია, გახსოვსცა, ოდეს დაჰხოცე მონები არ-საპყრებია?

284. შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი, ჩვენ ზედა გარდგეკიდენით, პატრონი ჩემი გაგიწყრა, ჩვენ ხაფად წაგეკიდენით, გიხმეთ, არ მოხვე, ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით, შენ ველნი წითლად შეღებენ სრულად სისხლისა კი დენით.

285. ყველაკასა მათრახითა თავი უხრმლოდ გარდაჰკვეთეთ. მეფე შეჯდა, დაგვეკარგე, კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ, ვითა ქაჯი დაგვემალე, მონებიცა დავაფეთეთ, ამან უფრო დაგვაშმაგნა, თავი სრულად გავაშეთეთ.

286. “ჭმუნვა შეექმნა; თქვენც იცით, ხელმწიფე ნებიერია. მოგნახეს, გძებნეს ყოველგან, მათ რუკა დაუწერია, ვერ ნახეს შენი ნახული ვერცა ყმა, ვერცა ბერია; აწ გამომგზავნა, რომელსა ვერ მზე ჰგავს, ვერ ეთერია.

287. “მიბრძანა: “მიცან ამბავი მის ყმისა წარხდომილისა, მაშინ ვარ მქმნელი საქმისა, მის შენგან მონდომილისა”. სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა. არ გიკვირს, გავძელ ვერჭვრეტა მისისა მე ღიმილისა?!

288. აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა; თურქნი ვნახენ, რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა; მათრახითა ჩამოგეგდო, ერთი მკვდართა დაგესახა; მათ მასწავლეს, ძმა რომელთა სულმობრძავი სამე, გლახ, ა”.

289. ტარიელსცა აეხსენა ომი მათი მაშინდელი, იტყვის: “მახსოვს ეგე საქმე, თუცა არის ადრინდელი; ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი; მით ვტიროდი, მომეგონა მე, გლახ, ჩემი წარმწყმედელი.

290. “რას მაქნევდით, რა გინდოდა, ერთმანერთსა რითა ვჰგვანდით? თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით. რა მონანი შესაპყრობლად მომწიენით, გაჰგულვანდით, აწ ვეჭვ, რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით.”

291. “მოვიხედენ, მომეწია, რა პატრონი შენი, ვნახე, ხელმწიფობით შემებრალნეს, ამად ხელი არ შევახე, თვალთა წინა გამოვექეც, მეტი არა შევუზრახე. ჩემი ცხენი უჩინოსა ჰგავს და სხვასამცა რას ვასახე!

292. “კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა, დაწამწამება, მას გავექცევი, ვისგანცა ჩემი არა ვცნა ამება; მათ თურქთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება, ავად შვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება.

293. აწ ვაშად მოხვე, — მეამა ნახვა შენისა პირისა, — ტანად სარო და პირად მზე, მამაცად მსგავსი გმირისა, გარჯილხარ მაგრა , არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა: ძნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა”!

294. ავთანდილ უთხრა: “ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა? მაგისად ნაცვლად რამც ვიყავ ღირსი ქებისა თქვენისა! სახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა, რათგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა.