ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

158. “მაშინ უფრო მომეხმარე, ამისგანცა უფრო მხნედრე, ნუთუ ადრე დამივიწყო? მახსენებდე ზედა-ზედრე! მეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე, ზრდანი ჩემნი მოიგონენ, გული შენი მოიმდედრე!”.

159. რა მონამან მოისმინა, გაუკვირდა, შეეზარა, თვალთა, ვითა მარგალიტი ცხელი ცრემლი გარდმოყარა, მოახსენა: “უშენომან გულმან რამცა გაიხარა! ვიცი, რომე არ დასდგები, მაგას გიშლი ამად არა.

160. “ჩემად ნაცვლად დაგაგდებო,” — ესე სიტყვა ვით მიბრძანე? რაგვარა ვქმნა პატრონობა? რამც გიფერე, რამც გიგვანე? შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე! სჯობს ორნივე გავიპარნეთ, წამოგყვები, წამიტანე!”

161. ყმამან უთხრა: “მომისმინე, მართლად გითხრობ, არა ჭრელად: რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად. მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად; კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვართა დასაჭრელად.

162. ვისმცა ვუთხარ ხვაშიადი? შენგან კიდე არვინ ვარგა; უშენოსა პატრონობა ვის მივანდო, ვინ იქმს კარგა? სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა! კვლა ნუთუმცა შემოვიქეც, ღმერთმან სრულად არ დამკარგა.

163. განგებაა, სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი; მარტოება ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი; აქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა, ფლასი, წიგნსა მოგცემ, გმორჩილობდეს, ვინცა იყოს ჩემი ხასი”.

წიგნი ავთანდილისა ყმათა თნა

164. დაწერა, თუ: “ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო, ერთგულნო და მისანდონო, ამას ზედა გამოცდილნო, თქვენ ჩემისა საწადილსა მიდგომილნო, ვითა ჩრდილნო, წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო, ერთგან შემოყრილნო!

165. “მიწაცა თქვენი ავთანდილ, ისმინეთ, გიწერ მე რასა: თვით ვიქ ხელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა, ცოტასა ხანსა ვარჩიე გაჭრა სმასა და მღერასა, პურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა და ცერასა.

166. საქმე რამე მიც თავისა ზე სადმე გარდსახვეწელი, დავყო მარტოდ და ღარიბად ესე წლეული მე წელი, გემუდარები ამისთვის, ვარ თქვენი შემომხვეწელი, მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.

167. “მე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად პატრონობდეს, სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს; ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდსა არ ზრვიდეს, არ აჭნობდეს, შემცოდესა ყველაკასა ვითა ცვილსა დაადნობდეს.

168. “თქვენცა იცით, გამიზრდია, ვითა ძმა და ვითა შვილი. ამას ასრე მორჩილობდით, არის ვითამც ავთანდილი, ბუკსა იკრას, აქნევინეთ ყოვლი საქმე, ჩემგან ქმნილი; მე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებს, არ სიცილი”.

169. ესე წიგნი გაასრულა წყლიანმან და სიტყვანაზმა, წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ შეეკაზმა, ბრძანა: “მინდორს შევჯდებიო”, ლაშქარიცა დაერაზმა; მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაზმა.

170. ბრძანა: “წადით ყველაკაი, აქა მემხრედ არვინ მინა”. მონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა, მარტო გარე შემობრუნდა, შამბი შიგან გაირბინა. მიწყივ მისად საგონებლად მისი მკვლელი თინათინ-ა.

171. იგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა. ვინმცა ნახა სულიერმან, ანუ ვინმცა წაეკიდა? ვის მახვილი ვერას ავნებს, მისი მკვლელ გაეკიდა; მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად აეკიდა.

172. რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს, იგი პირ-მზე ვეღარ პოვეს, პირი მათი იფერმკთალეს, მათსა დიდსა სიხარულსა სიმძიმილი ანაცვალეს, ყოვლგან რბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენმალეს.

173. შერმადინ ერთგან შეყარნა ხასნი და დიდებულები, უჩვენა იგი უსტარი, ამბავი მისი თქმულები. რა მოისმინეს, ყველაი დარჩა გულდანაწყლულები, თავსა იცემდეს, არ იყო გული უცრემლო, ულები.

174. ყოვლთა ჰკადრეს: “თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა, უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა? განაღამცა გმორჩილობდით, თუ გვიბრძანო რაცა ვისცა!” იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანისცა.

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასვლა.

175. ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი, ეზროს: საბრალოა, ოდეს ვარდი დაეთრთვილოს, და-ცა-ეზროს. ვის ბაlახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს, იგი სადმე გაღარიბდეს, საყოფთაგან იაბეზროს.