ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

353. ზე წამოვჯე. მეფისასა კაცი დია მოვიდოდა. ახარებდეს: “წამოჯდაო”, დედოფალი გამორბოდა; მეფე მორბის თავშიშველი, არ იცოდა, რას იქმოდა, იგი ღმერთსა ადიდებდა, სხვა ყველაი უჩუმოდა.

354. იქით და აქათ მომისხდეს, მახვრიტეს სახვრეტელია; მე მოვახსენე: “პატრონო, გული აწ უფრო მრთელია; ცხენსა შეჯდომა მწადიან, ვნახნე წყალნი და ველია”. ცხენი მომგვარეს, შე-ცა-ვჯე, მეფე ჩემთანა მვლელია.

355. გამოვედით, მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა; ჩემსა მივე, დავაბრუნვე, მეფე მომყვა სახლთა ძირსა. შინა მოვე, უარ გავხე, სხვა დამერთო ჭირი ჭირსა; ვთქვი, თუ: “მოვკვდე, ბედი ჩემი ამის მეტსა რასღა ღირსა!”

356. ზაფრანის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან, გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან; საწოლის მეკრე შემოდგა, მოლარე გაიყვანა მან; ვთქვი, თუ: “რა იცის ამბავი, ნეტარ, ან იმან, ან ამან?”

357. “მონააო ასმათისი” — “რა იცისო, — ვარქვი, — ჰკითხე”. შემოვიდა, სააშიკო წიგნი მომცა, წავიკითხე; გამიკვირდა, სხვად ვითამცა ვქმენ გულისა მწველთა სითხე? მისგან ეჭვი არა მქონდა, სევდად მაწვა გულსა მით ხე”.

358. “მე გამიკვირდა, “სით უყვარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა? მიუყოლობა არ ვარგა, დამწამებს უზრახობასა, ჩემგან იმედსა გარდასწყვედს, მერმე დამიწყებს გმობასა”. დავწერე, რაცა პასუხად მართებდა აშიკობასა.

359. დღენი გამოხდეს, მე გული უფრორე დამწვეს კვლავ ალთა, ვეღარ ვუჭვრეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა, დარბაზს ვერ მივე; მკურნალთა დაიწყეს მოსვლა მრავალთა, მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა.

360. მათ ვერა მარგეს, მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა, სხვამან ვეარავინ შემატყო დება ცეცხლისა ცხელისა; სისხლი დამწამეს; მეფემან ბრძანა გახსნევა ხელისა, გავიხსენ ფარვად პატიჟთა, არვისგან საეჭველისა.

361. ხელ-გახსნილი, სევდიანი, საწოლს ვიყავ თავისწინა; ჩემი მონა შემოვიდა, შევხედე, თუ თქვას, რა მინა. “მონააო ასმათისი”. შემოყვანა უთხარ შინა. გულსა შინა დავუზრახე: “რა მპოვაო, ანუ ვინ-ა?!”

362. მონამან წიგნი მომართვა, მე წავიკითხე ნებასა; წიგნსა შევატყვე, ლამობდა შეყრისა მოსწრაფებასა; პასუხად გავეც: “ ჟამია, მართალ ხარ გაკვირვებისა; მოვალ, თუ მიხმობ, მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა”.

363. გულსა ვარქვი თუ: “ლახვარნი ეგე ვით დაგაღონებენ? ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულად ინდონი მმონებებ; აზრად შეიქმან, საქმესა ათასჯერ შეაწონებენ, თუ შეიგებენ, მე მათთა არეთა არ მარონებენ”.

364. კაცი მოვიდა მეფისა: “სწადსო, ამბისა სმინება”. მოყვანა უთხარ; ებრძანა: “ქმნაცა სისხლისა დინება?” მე ვჰკადრე: “ხელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება, წინაშე მოვალ, ამისთვის კვლა უფრო მმართებს ლხინება”.

365. დარბაზს მივე. მეფე ბრძანებს: “ამის მეტსა ნუ იქ, აბა!” ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა; შეჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა. მშვილდოსანნი გასაგანნა, იტყოდიან: “შაბაშ, შაბა!”

366. შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი; მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულდაღებულნი; მეფემან გასცნა მრავალნი თვალნი, ღარიბად ქებულნი. აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი.

367. ვეცდებოდი, არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად; ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად; ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე, მთქვიან ალვად, შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად.

368. მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი: ქალი ვინმე იკითხავსო: “ინახვისცა ამირბარი?” ზეწარითა მოუბურავს პირი, ბრძენთა საქებარი;’’ ვარქვი: “საწოლს წაიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი”.

369. ავდეგ, მსხდომნი ნადიმობად აემზადნეს ასაყრელად; შართი ვუთხარ: “ნუ ასდგებით, მოვალ ხანსა დაუზმელად”; გამოვე და საწოლს შევე, მონა დადგა კარსა მცველად. გული მივეც თმობაქმნათა აუგისა საკრძალველად.

370. კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანისმცა; მითხრა: “მოსვლა თქვენს წინაშე კურთხეულ არს, ვინცა ღირსმც-ა!” გამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა? ვთქვი: “არ იცის აშიკობა; თუმც იცოდა, წყნარად ზისმცა!”

371. შევე, დავჯე ტახტსა ზედა, ქალი მოდგა ნოხთა პირსა; ჩემსა ახლოს დასაჯდომლად თავი მისი არ აღირსა; ვარქვი: “მანდა რად ზი შენ, თუ სიყვარული ჩემი გჭირსა?” მან პასუხი არა მითხრა, ჩემთვის ჰგვანდა სიტყვაძვირსა.

372. მითხრა: “დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა: გგონია, ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა, მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისაღა მალობა. ამას თუ ღირს ვარ, ვერ ვიტყვი, მაკლია ღმრთისა წყალობა”.