ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

409. მიბრძანა: “ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა, მზემან გაყრითა დაგაჭნე, ვითა ყვავილი ბარისა: დაგსჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა, მაგრა ხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა.

410. თუცა მართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა, მაგრა მეტი უარეა არათქმა და ჭირთა მალვა: მე თუ ზეპირ მიცინია, ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა; ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქმენ მართლისა შემოთვალვა.

411. ერთმანერთისა მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა, აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა; ამას შევსჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა. გეცრუო, ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!

412. წა, შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაპირე; ღმერთმან ქმნას და გაგიმარჯვდეს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე! მაგრა რა ვქმნა, კვლაცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე? გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე!”

413. მოვახსენე: “არ მეწყალვის თავი შენთვის დასაწველად, მაგრა რათგან დამარჩინე, არ გამოსჩნდი ჩემად მკლველად, შენ სინათლედ თვალთა ჩემთა მიჩნდე მზეებრ სანახველად, აწ შევება ხატაელთა, მუნ გამოვჩნდე ლომი ქველად.

414. აწ რასაცა მე მაღირსებ, ხორციელი არა ღირსა; მოწყალება იჩქითია, ღმრთისა ამად არ მკვირსა; შენთა შუქთა შემომადგამ, ბნელსა გულსა ზედა მჭვირსა, შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა”.

415. ზედა წიგნსა საფიცარსა შევჰფიცე და შემომფიცა, მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა: “უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა, ღმერთი მომკლავს! ამას იქით თავსა ვეტყვი, ამას ვსწვრთიცა”.

416. დავყავ ხანი მას წინაშე, ერთმანეთსა ვეუბნებით, ვჭამეთ ამო ხილი რამე, სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით, მერე ავდეგ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით, მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით.

417. მეძნელებოდა სიშორე მისი, ბროლ-ბალახშ-მინისა. მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა; ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა, აწ მიკვირს, მისსა გამყრელსა გული მიც კლდისა ტინისა!”

ტარიელისაგან ხატაეთს წასვლა და დიდი ომი

418. დილასა შევჯე, ვუბრძანე: “ჰკარით ბუკსა და ნობასა”. სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესასხდომლად მზობასა. ლომმან მივმართე ხატაეთს, ვერვინ მიზრახავს ხრდლობასა, უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა.

419. ,დავაგდე ზღვარი ინდოთა, მევლო პაშტაი ხანია; რამაზის კაცი მემთხვია, ვინ ხარაეთის ხანია, მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია: “ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, თქვენნი, ინდოთა თხანია”.

420. მე შემომძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი, მითხრეს, გკადრებს: “ნუ ამოგვწყვედ, არის შენგან არსაქმნელი, ზენაარი გამოგვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი, მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი, შვილნი, საქონელი.

421. რაცა შეგცოდეთ, შეგვინდევ, თვით ჩვენვე შეგვინანია; თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდეთ, აქა ნუ მოვლენ სპანია; ქვეყანა ჩვენი არ ასწყდეს, რისხვით არ დაგვტყდენ ცანია; შენ მოგცეთ ციხე-ქალაქი, მოგყვნენ ცოტანი ყმანია”.

422. გვერდსა დავისხენ ვაზირნი, ვიუბენთ, გავიზრახენით; მითხრეს თუ: “ხარო ყმაწვილი, ბერნი მით გკადრებთ გლახ, ენით: არიან მეტად მუხთალნი, — ჩვენ ერთხელ კვლაცა ვნახენით, — არამცა მოგკლეს ღალატად, არამცა ვივაგლახენით!

423. ჩვენ ამას ვარჩევთ, წახვიდე კარგითა მართ მამაცითა, ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ, სცნობდენ ამბავსა კაცითა; გულმართლად იყვნენ, მიენდევ, აფიცე ღმრთითა და ცითა, არ დაგმორჩილდენ, შერისხდი რისხვითა, კვლადაკვლაცითა”.

424. მეკეთა ესე თათბირი, ვაზირთა ნავაზირები; შევსთვალე: “ რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები; სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები; ლაშქართა დავყრი, ცოტათა წამოვალ, შენ კერძ ვირები”.

425. მათ ლაშქართაგან სამასნი კარგნი მოყმენი, ქველანი, თანა წამომყვეს, წა-ცა-ვე, დავყარენ სპანი ყველანი, დავვედრე: “სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი, ახლოს მომდევდით, მიშველეთ, გიხმობ, თუ მინდენ შველანი.

426. სამ დღე ვიარე, მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა. კვლა ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა, ებრძანა: “მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა, რა შეგეყარო, მაშინ სცნა კვლა ძღვნობა ამისთანისა”.

427. კვლაცა ეთქვა: “მართალია აზომ ჩემი მონახსენი, მე თვით წინა მოგეგებვი, მესწრაფების ნახვა შენი”. მოვახსენე: “დია, ღმერთო, ბრძანება ვქმენ მეცა თქვენი, ტკბილად ვნახოთ ერთმანერთი, ვიყვნეთ ვითა მამა-ძენი”.