ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

334. ჩვენ უფრო გვტკივის იგი, ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა”. ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა, ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა: “შენ გქონდეს ამირბარობა, ქმნა მისვე საურავისა”.

335. ავენთი, დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრტობელთა; უკანის გამომიყვანეს ხასთა მათ წინა-მდგომელთა; გამოსლვისათვის ზეიმი შექმნეს ინდოეთს მფლობელთა, შორს მომეგებნეს, მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა.

336. “მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს, პატივს მცემდეს ძისა დარად. მის ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად; ურჩვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად; არ მომეშვნეს, დავმორჩილდი, თაყვანისვეც ამირბარად.

337. თავადობა ინდოთა და მრავალთაცა მქონდა სხვათა; ვნაპირობდი, თუ ვინ იყვის მავნებელი ჩემთა სპათა. ხალვად ვჯდი და ვიხარებდი, ზამი შევქმენ მღერა - სმათა; სპათა ვმოსდი, ვნადირობდი, ქება თქვიან ჩემთა ქმნათა. ”

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გამიჯნურდა

338. კვლა დაიწყო თქმა ამბისა მან, რა ხანი მოიტირა: “დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით, გვენადირა; მიბრძანა, თუ: “ქალი ვნახოთ”, ხელი ხელსა დამიჭირა. მის ჟამისა მხსენებელი მე სულ - დგმული არ გიკვირა?

339. მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა, გამოუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა; მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა, ალმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა!

340. ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა: მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა; მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა. კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა.

341. ვიცოდი, სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა, მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა; ვერას ვხედევდი, ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა. ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა.

342. ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა; ქალსა შევხედენ, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა, მოვიდა, მივსცნე დურაჯნი, მთხოვა ცეცხლითა დაგულსა. ვაჲმე, მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა!

343. აწ წარხდეს იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი!” მისი ვერ გასძლო ხსენება, დაბნდა და სულთქვნა მწარენი; ყმა და ასმათი ტიროდეს, ხმას სცემდეს იგი არენი. ჭმუნვით თქვეს: “მკლავნი ცუდ ქმნილან, ვაჲ, გმირთა მემუქარენი!”

344. ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია, დიდხან ვერა თქვა, სევდამან გული შეუპყრა, დარია; დაჯდა და მწარედ სულთითქვნა, ცრემლი მიწასა გარია, თქვა: “ჩემგან მისი ხსენება, ვაჲმე, რა დიდი ზარია!

345. მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან; იშვებენ, მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან; ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან. ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შე-ღა-მრჩებიან.

346. დურაჯნი მივსცენ, გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა, დავეცი, დავბნდი, წამიხდა ძალი მხარსა და მკლავისა, რა სულად მოვე, შემესმა ხმა ტირილისა და ვისა; გარე მომრტყმოდეს ჯალაბი, ვითა ჩამსხდომნი ნავისა.

347. შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა, ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა, პირსა იხოკდეს ხელითა, ღაწვისა გამპობელითა. მუყრნი მოასხნეს, სენითა მთქვეს გამაბელზებელითა.

348. მე რა მნახა თვალახმული, მეფე ყელსა მომეხვია; ცრემლით მითხრა: “შვილო, შვილო, ცოცხალ ხარ-ღა? სიტყვა თქვია!” მე პასუხი ვერა გავეც, ვითა შმაგი, შევკრთი დია კვლა დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია.

349. სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარე შემომცვიდიან; მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან; მტერდაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას ჩმახვიდიან. სამ დღემდის ვიყავ უსულოდ, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან.

350. აქიმნიცა იკვირვებდეს: “ესე სენი რაგვარია? სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოჰყრია”. ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცთარი წამერია, დედოფალი, ზღვასა შეიქს, მას რომ ცრემლი დაუღვრია”.

351. სამსა დღესა დარბაზს ვიყავ, არ ცოცხალი, არცა მკვდარი; მერმე ცნობა მომივიდა, მივხვდი რასმე მიუმხვდარი; ვთქვი, თუ: “ჰაჲჰაჲ, რაშიგან ვარ მე სიცოცხლეგარდამხდარი!”. თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყვა სამუდარი.

352. ვთქვი, თუ: “ღმერთო, ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე, მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითმე აღმადგინე, აქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე!” მანვე ქმნა და მო-რე-ვჯობდი, გული წყლული გავარკინე.