ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

390. — “მონააო ასმათისი”, საწოლს უთხარ შემოყვანა. მოეწერა: “გიბრძანებსო”, ვისი მესვა გულსა დანა. ლხინმან ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა. წავე, მონა წავიტანე, რამცა უთხარ ამისთანა!

391. ბაღჩა შევვლე, არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბნარი; ქალი წინა მომეგება მხიარული, მოცინარი; მითხრა: “ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი, მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი!

392. ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა, სადა დგა კუბო შემკული ბალახშითა და ლალითა; შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვამკრთალითა, მე შემომხედნის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა.

393. დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა, ოდენ ტკბილად შემომხედნის ვითამცა რა შინაურსა; ასმათ უხმო, მოიუბნეს; ქალი მოდგა, მითხრა ყურსა; “აწ წადიო, ვერას გითხრობს”, მე კვლა მიმცა ალმან მურსა.

394. “ასმათ გამომყვა, წამოვე, ფარდაგი გამოვიარე, ვთქვი: “საწუთროო, ვის წეღან გული დარმანთა მიარე, მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე?” გულმან გაყრისა სიძნელე კვლა უფრო დამიტია-რე!

395. ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარეთ შიგან ბაღი; მითხრა: “ეგრე წასვლისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი, სიმძიმილთა ერდო დახაშ, სიხარულის კარი აღი; სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი”.

396. “მე უთხარ: “დაო, შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა; ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბითა შრეტდი ამ ალსა; ჩემ თანა წიგნსა ნუ გასწყვედ შენ ზედას -ზედა მავალსა; თუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭვ მე შენგან, არ, დანამალსა”.

397. შევჯე, წამოვე, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა; საწოლს შემოვე, ხელქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა, ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა; ღამე მერჩია, მეწადა არ-გათენება დილისა”.

წიგნი ხატაელთა მეფისა, ტარიელის წინაშე მოწერილი

398. ხატაეთს მყოფნი მოვიდეს, მათგან მოსლვისა დრონია,— სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია: “არც რამე ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხეუმაგრონია, ვინ არის თქვენი ხელმწიფე? ჩვენ ზედა რა პატრონია?

399. მოეწერა: “რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიერსა. გამიკვირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა! რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა? ამის მეტსა ნუმცა ვნახავ კვლაღა წიგნსა შენმიერსა”.

400. უბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია. იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია, შორით და ახლოთ ყველაი მართ ჩემკენ მონასხპანია, ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე, კაპანია.

401. ფიცხლა მოვიდეს, არ ექმნა მათ შინა ხანდაზმულობა; აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა, სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა, ტაიჭთა მათთა სიმალე, აბჯარისა ხვარაზმულობა.

402. ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა, დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა, თავსა ვსტიროდი, ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა: “მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა!”.

403. შინა მოვე, დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა, თვალთათ, ვითა საგუბარით, ცხელი ცრემლი გარდმომჩქეფდა. “ბედი ჩემი უბედური, — ვთქვი, თუ, — ჯერთცა ვერ გამეფდა! ხელმან ვარდი რად იხელთა, რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა?”’’

404. მონა შემოდგა, მივეცი საქმესა გაკვირვებულსა; ასმათის წიგნი მომართვა მე, მეტად შეჭირვებულსა, ეწერა: “გიხმობს შენი მზე შენ, მისთვის მოსურვებულსა, მოდი, სჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით ვებულსა”.

405. ვითა მართებდა, ეგზომი რამცა ვით გავიხარეო! შეღამდა, წავე, ბაღისა მე კარი შევიარეო; სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო, სიცილით მითხრა: “წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო”.

406. შემავლო სახლი, ნაგები კეკლუცად ბანისბანითა; გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქმონავანითა, ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა, საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირად და ტანითა.

407. შევე, წავდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად, გულსა ბნელი გამინათლდა, ზედა ლხინი ადგა სვეტად. მას ბალიში შემოეგდო, მზისა შუქსა სჯობდა მეტად, ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედნის წამის ჭვრეტად.

408. უბრძანა, თუ: “მოახსენე, ასმათ, დაჯდეს, ამირბარსა!” მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა. დავჯე, მივეც გულსა ლხინი, საწუთროსა დამგმობარსა; მიკვირს, სულნი რადღა მიდგან, ვიტყვი მისგან ნაუბარსა.