ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

196. ავთანდილ მიდგა, ეუბნა მათ კაცთა გულმდუღარეთა; მათ უთხრეს მათი ამბავი ტირილით მოუბარეთა: “ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, — მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა, — დია გვაქვს ციხე-ქალაქი ხატაეთს არემარეთა.

197. კარგი გვესმა სანადირო, ნადირობას წამოვედით, გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი, წყლისა პირსა გარდავხედით, სანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა არ წავედით, ვხოცდით მხეცსა უზომოსა მინდორით და მთით და ქედით.

198. “ჩვენ სამთა ძმათა ჩვენ თანა მესროლნი დავაწბილენით, მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით: “მე უკეთ მოვჰკლავ, მე გჯობო”, სიტყვანი ვავაქილენით, ვერ გავაჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ ვითაკილენით.

199. დღეს ავჰყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა, ვთქვით: “გავაჩინოთ მართალი, ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა, თავსა ვეახლნეთ მარტონი, დავდგეთ მართ ოდენ თავითა, თვითდანახულსა მოვჰკლვიდეთ, ნუ ვისრვით დამნახავითა”.

200. ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია, ლაშქართა წასვლა უბრძანეთ, მით არას მოაზრენია, მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია, დავხოცეთ მხეცი, მფრინველი, არცა ზე გარდაგვფრენია.

201. ანაზდათ მოყმე გამოჩნდა კუშტი, პირგამქუშავია, ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, — მერანი რამე შავია,— თავსა და ტანსა ემოსა გარეთმა ვეფხის ტყავია, ჯერთ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია.

202. უჭვრიტეთ, მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით, ვთქვით, თუ: “მზეაო ქვეყნად, ნუ ვეუბნებით ცად ენით!” მისი მოგვინდა შეპყრობა, ვჰკადრეთ და შევეცადენით, ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ, ცრემლისაცა დენით.

203. მე უხუცესმან უმცროსთა კაცი დავსთხოვე ქენებით; ჩემმან შედეგმან ტაიჭი მისი მით აქო ხსენებით; ამან მართ ოდენ მორევნა გვითხრა, უალლეთ ჩვენ ნებით, მივმართეთ, იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით.

204. ბროლმან, ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა, იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გააყიფნა: არ აგვიხვნა, არცა დაგვსხნა, ყოლა არად ამოგვკრიფნა, მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა!

205. უმცროსსა ძმასა მივეცით, უფროსნი დავეზიდენით; ხელი მოჰკიდა, “დადეგო!” ესეცა ჰკადრა კიდ ენით; მან ხრმალსა ხელი არ მიჰყო, ჩვენ ამად დავერიდენით, თავსა გარდაჰკრა მათრახი, ვნახეთ სისხლისა კი დენით.

206. მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაჰფრიწა, ვითა მკვდარი უსულოქმნა, ვითა მიწა დაამიწა, მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა, მოაწიწა, თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი, კუშტი, ამაყი, წა-!

207. “აღარ დაბრუნდა, წავიდა წყნარად და აუჩქარებლად; აგერა მივა, ნახეო, იგი მზეებრ და მთვარებლად”. შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად, ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად.

208. აჰა, მიხვდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არდათოვნა, რათგან ცუდად არ წაუხდა მას ეგზომი გარეთ ყოვნა. კაცსა მიხვდეს საწადელი, რას ეძებდეს, მისი პოვნა, მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა.

209. უთხრა, თუ:”ძმანო, ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა, მე იმა ყმისა საძებრად მოვშორდი საგაზრდილოსა, აწ თქვენგან მივხვდი საქმესა ყოლა არსაადვილოსა, ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქს თქვენსა დასაღრეჯილოსა!

210. “ვითა მე მივხვდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა, აგრემცა ღმერთი ნურას იქს ძმისა თქვენისა ვნებასა!” უჩვენა მისი სადგომი: “მიდითო ნება-ნებასა, ჩრდილსა გარდასვით, მაშვრალი მიეცით მოსვენებასა”.

211. ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა, ვითა გავაზი გაფრინდა, არგაშვებული ხეზითა, ან მთვარე, მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა; დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა.

212. მიეწურა, იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს: საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს! ხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს, არსიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს.

213. “რათგან ისი არის სადმე უცნობოდ და ისრე რეტად, რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად, მივეწევი, შევიყრებით ერთმანერთის ცემა-ჟლეტად, ანუ მოვჰკლავ, ანუ მომკლავს,” დაიმალვის მეტის-მეტად.’’

214. ავთანდილ იტყვის: “ ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი? რაცაღა არის, არა არის, თუმცა არ ედგნეს ბუდენი; სადაცა მივა, მივიდეს, რამცა მოვლიდეს ზღუდენი, მუნაღა ვძებნნე ღონენი ჩემნი არდასამრუდენი”.

215. წინა-უკანა იარნეს ორნი დღენი და ღამენი, — დღისით და ღამით მაშვრალნი, არ საჭამადთა მჭამენი, — არსადა ხანი არ დაყვეს, ერთნი თვალისა წამენი. მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს, მინდორთა მოსალამენი.