ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

314. “თვით მეფემან მამა-ჩემი დაიჭირა სწორად თავსა. თქვა: “ჩემებრი ამირბარი, ნაძლევი ვარ, ვისმცა ჰყავსა!” ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა. მას არა ვჰგავ ასრე, ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა.

315. “ძე არ ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა, ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა. ვაჲ, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა! მეფემან თქვა: “შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა”.

316. “მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად, საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად, ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა-ქმნათად; მოვიწიფე, დავემსგავსე მზესა თვალად, ლომსა ნაკვთად.

317. ,, ასმათ, მითხრობდი, რაცა სცნა ჩემგან ამბობა ცილისა. ხუთისა წლისა შევიქმენ მსგავსი ვარდისა შლილისა; ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკლვა, მართ ვითა სილისა; არა ჰგაოდის ფარსადანს მისი არასმა შვილისა.

318. “ასმათ, შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერმიხდილისა, მზესა მე ვსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა; იტყოდეს ჩემნი მნახავნი: “მსგავსია ედემს ზრდილისა”. აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა.

319. “მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი”. ესე რა თქვა, ყმამან სულთქვნა, ცრემლით ბრძანა: “შობა ქალი”. დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი: თქვა: “მაშინვე მზესა ჰგვანდა, აწ მედების ვისგან ალი!

320. ,,წიგნი წიგნსა ეცემოდა, დედოფალი ოდეს შობდა, მოციქული — მოციქულსა, ინდოეთი სრულად სცნობდა; მზე და მთვარე განსცხრებოდეს, სიხარულით ცა ნათობდა; ყოვლი არსად შემოსრული მხიარული თამაშობდა.

321. “ქება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა. ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა; ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ-გვარითა. საჭურჭლე გასცეს, აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა.

322. “საშობელი გაიყარა, ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა. მართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა. უყვარდით და სწორად უჩნდით მეფესა და დედოფალსა. აწ ვახსენებ, ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა!”

323. ყმა დაბნდა, რა სახელისა ხსენებასა მიეწურა; ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა მურა; ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი დააპკურა. თქვა: “ისმენდი, მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურ-ა.

324. მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი. შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი, მთვარისა მსგავსი, მზისაგან შვენებით ვერშეფლობილი; მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წდობილი!

325. იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესლვა ომსა; მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწთომსა, მამასავე ხელთა მიმცეს, რა შევიქმენ ამა ზომსა; ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვხოცდი ლომსა.

326. “მეფემან სახლი ააგო, შიგან საყოფი ქალისა: ქვად ფაზარი სხდა, კუბო დგა იაგუნდისა ლალისა, პირსა ბაღჩა, საბანლად სარაჯი ვარდის წყალისა; იგი მუნ იყვის, მედების ვისგან სახმილი ალისა!

327. “დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი; ზოგჯერ კოშკს ჯდის, ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი. დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი, მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი.

328. “სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა; ვერვინ ვხედევდით, შეიქმნა პირითა მინა-ვარდითა; ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან, იმღერდის ნარდითა; მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.

329. “თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა; დღისით ვიყვი მას წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა; ძალად ლომსა, თვალად მზესა, ტანად ვჰგვანდი ედემს ზრდილსა, სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა.

330. ,,რა მინდორს შევჯდი, ზარითა ხმა იყვის ბუკთა ცემისა; თანა მყვის სპისა სიმრავლე მსგავსი ფუტკრისა რემისა; ჭვრეტად ქალ- ყმები დაჯრილა, დგას თემისა და თემისა; ვინც მნახის, ეყვის ერთ წლამდის კვეხა ნახვისა ჩემისა.

331. “მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემმან სრეულმან; მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან; შევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან; აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლბალახშეულმან!

332. მამა მომიკვდა, მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა; ქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა; მათ გაეხარნეს, ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა; ერთგულთა შექმნეს ვაება, მტერთა — ხსენება იშისა.

333. მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთრო-გაცუდებული, დღისით და ღამით ვვაებდი, ვერვისგან სულ-დაღებული; გაყვანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული, ებრძანა: “შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული!