ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

176. ავთანდილ იგი მინდორი ოთხახმით გარდაიარა, დააგდო ზღვარი არაბთა, სხვათ ზღვართა არე იარა, მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა; თქვა: “თუ მე მასმცა ვეახელ, აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა”.

177. ახალმან ფიფქმან დათოვა, ვარდი დათრთვილა, დანასა; მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიმართის დანასა; თქვის: “ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა, მოვშორდი ლხინსა ყველასა, ჩანგსა, ბარბითსა და ნასა!”

178. ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭნებოდა, გულსა უთხრის, თუ: “დათმეო”, ამად არ დია ბნდებოდა. უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა, მგზავრთა ჰკითხვიდის ამბავთა, მათ თანაემოყვრებოდა.

179. მუნ ეძებს, ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა შესართავისად; უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად; თქვის: “საყვარელო, მოგშორდი გული შენ დაგრჩა, ვთქვა ვისად? შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად”.

180. ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო, სრულად მოიარა, ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა, არე არა, მაგრა იგი მის ამბისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა. ამას შიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა.

181. მიხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა, მეტად მქისსა, თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს, ვერას შვილსა ადამისსა, — იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა, — დღე და ღამე იგონებდის საყვარელსა მასვე მისსა.

182. მას მიხვდა წვერი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა, გამოჩნდა მუნით მინდორი, სავალი დღისა შვიდისა. მის მთისა ძირსა წყალი დის, არად სანდომი ხიდისა, ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა.

183. ზედ წაადგა, შეექცევის, დროთა, დღეთა ანგარიშობს; თვენი ესხნეს ორანიღა, ამად სულთქვამს, არა იშობს; “ვაჲ თუ საქმე გამიმჟღავნდეს! — კვლა ამისთვის გულმოშიშობს, — “ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს”.

184. საგონებელი შეექმნა, დადგა საქმისა მრჩეველად, თქვა: “თუ დავბრუნდე, ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად? ჩემსა რა ვკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად; მისი ვერა ვცნა ჭორადცა, ვარ ვისთა გზათა მკვლეველად?

185. თუ არ დავბრუნდე, საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი, რომელსა ვეძებ, ვერა ვცნნე ამბავნი მე მისთანანი, დრო გარდაუწყდეს შერმადინს, მიხვდენ ღაწვისა ბანანი, მივიდეს, ჰკადრნეს მეფესა საქმენი დასაგვანანი!”

186. უამბოს ჩემი სიკვდილი, თვით ჩემგან დავედრებული, მათ შექმნან გლოვა-ტირილი, ქმნან საქმე გამწარებული, მერმე მივიდე ცოცოხალი მე, სხვაგან სადმე რებული!” ამას იგონებს ტირილით გონებაშეიწრებული.

187. იტყვის: “ღმერთო, სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ? მე ეზომნი სიარულნი კიდე რად, გლახ, გამიცუდენ? გულით ჩემით სიხარულნი აჰფხვრენ, ჭირნი დააბუდენ; დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერაოდეს დავიყუდენ”.

188. კვლაცა იტყვის: “დათმობა სჯობს”, და თავსავე ეუბნების: “დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები, გული ჩემი ნუ დადნების, უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების, განგებასა ვერვინ შესცვლის, არსაქმნელი არ იქმნების.

189. ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან, მაგრა საქმე მის კაცისა ვერა სადა შემიგნიან; უღონიოდ მართალ იყვნეს, რომელთაცა ქაჯად თქვიან. აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან?”

190. მთით ჩამოვიდა ავთანდილ, გავლნა წყალი და ტყენია, მინდორს აცორვებს ტაიჭსა, შეჟღრენით მონაწყენია. გასცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია, ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია.

191. მობრუნვება დააპირა, სულთქვნა, მერმე ივაგლახა, მას მინდორსა დაემართა, გზა თვალითა გამოსახა; თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა, მხეცნი იყვნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა.

192. თუცა მხეცქმნილი ავთანდილ გულამოსკვნით და კვნესით-ა, ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა, ისრითა მოკლის ნადირი, როსტომის მკლავუგრძესითა. შამბისა პირსა გარდახდა, ცეცხლი დააგზო კვესითა.

193. ცხენსა მისცა საძოვარი, ვირე წვადი შეიწოდეს; ექვსნი რამე ცხენოსანნი, ნახა, მისკენ მოვიდოდეს; თქვა, თუ: “ჰგვანან მეკობრეთა, თვარა კარგი რამც იცოდეს! აქა კაცი ხორციელი კვლა ყოფილა არაოდეს”.

194. ხელთა ჰქონდა ისარ -მშვილდი, მათკე მივა მხიარული. ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული, თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული, ტიროდეს და იჭირვოდეს, ცოტა ედგა მას, გლახ, სული.

195. უყივლა თუ: “ძმანო, ვინ ხართ? მეკობრეთა დაგამსგავსენ!” მათ მიუგეს: “დაგვიწყნარდი, გვიშველე რა, ცეცხლნი ავსენ, ვერა გვარგო, მოგვიმატენ, ჭირნი ჭირთა მოგვისავსენ, სატირელნი მოგვიტირენ, ღაწვნი შენცა დაიმხავსენ”.