ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

216. დღისით ვლეს და საღამოჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი, კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს, ძირსა წყალი ჩანადენი, წყლისა პირსა, არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი, ხე დიდრონი, თვალუწდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი.

217. მან ყმამან ქვაბსა მიმართა, გავლნა წყალნი და ტყენია; ავთანდილ ცხენსა გარდახდა, მონახნა დიდნი ხენია; მას ზედა ჭვრეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია, მუნით უჭვრეტდა, იგი ყმა მივა ცრემლმინადენია.

218. რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა, ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა, ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა, იგი ყმა ცხენსა გარდახდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა.

219. ყმამან უთხრა: “დაო ასმათ, ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს; ვეღარ მივხვდით ჟამიერად ჩვენ ვისნიცა ცეცხლნი გვწვიდეს”; ესე თქვა და მკერდსა ხელნი იკრნა, ცრემლნი გარდმოსწვიმდეს, ქალი შებნდა, მოეხვია, ერთმანერთსა სისხლი სწმიდეს.

220. იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა, ერთმანერთსა ეხვეოდეს — ყმა ქალსა და ქალი ყმასა; იზახდიან, მოსთქმიდიან, ხმას სცემდიან კლდენი ხმასა. ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევაზმასა.

221. სული დაიღო მან ქალმან, დასთმო გულისა წყლულობა, ქვაბს შეიყვანა ტაიჭი, მოჰხადა აკაზმულობა, მას ყმასა შეჰხსნა, შეიღო აბჯრისა წელმორტყმულობა; შინა შევიდეს, მას დღესა გარდახდა გამოსრულობა.

222. ავთანდილს უკვირს: “ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა?!” გათენდა, ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა, შავსა აუდვა ლაგამი, სწმედდა რიდისა წვერითა, შეკაზმა, მოაქვს აბჯარი წყნარად, არ რამე ჩხერითა.

223. მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არას ეჯდა. ქალი ტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლეჯდა; ერთმანერთსა მოეხვივნეს, აკოცა და ცხენსა შეჯდა; ასმათ, აგრე დაღრეჯილი, კვლა უფრორე დაიღრეჯდა.

224. ავთანდილ ახლოს კვლა ნახა სახე მისივე, კაცისა, ულვაშაშლილი, წვერ-გამო, “ნუთუ მზეაო”, — თქვა, —ცისა?” ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა; ასრე უჩნს მოკლვა ლომისა, მართ ვითა ლომსა ვაცისა.

225. მასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეეარა, შამბი გავლო, გაეშორა, თავი მინდორს გააგარა; ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით, მალვით ხესა მოეფარა, თქვა თუ: “ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა.

226. აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან სხვა საქმე რა ვაჯობინო? ქალი შევიპყრა, მის ყმისა ამბავი ვაამბობინო, ჩემიცა ვუთხრა ყველაი, მართალი გავაბრჭობინო, მას ყმასა ხრმალი არა ვჰკრა, არც მისი დავასობინო”.

227. ჩამოვიდა, ცხენი ახსნა, მისგან ხესა გამობმული, ზედა შეჯდა, გაემართა, ქვაბი დახვდა კარგახმული. მუნით ქალი გამოიჭრა გულმდუღარე, ცრემლდასხმული, ეგონა, თუ: დაბრუნდაო პირი ვარდი, ბროლბაკმული.

228. ვერ იცნა, — სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა, — ფიცხლა გაიქცა, მიმართა ზახილით კლდესა და ხესა; ყმა გარდაიჭრა, დააბა, ვითა კაკაბი მახესა; ხმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთ-სახესა.

229. მას ყმასა თავი არ მისცა, ჭვრეტადცა ებილწებოდა, ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე მი და მო ძრწებოდა, ტარიელს ვისმე უზახდა მწედ, თუცა არ ემწებოდა, ავთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა.

230. ეტყოდა: “სულე! რამც გიყავ? კაცი ვარ, ადამიანი, უფეროქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი, მისი რამ მითხარ, ვინ არის ტანსარო, პირბაკმიანი? სხვად არას გიზამ, ნუ გეშის, ნუ ჰყივი აგრე ხმიანი”.

231. ქალი ეტყოდა ტირილით, სარჩელი უგავს ბრჭობასა: “თუ არ შმაგი ხარ, დამეხსენ; შმაგი ხარ, მოდი ცნობასა! აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა; ცუდად ნუ სცთები, ნუ ელი მაგა ამბისა ცნობასა! ”

232. კვლა ეტყვის: “ყმაო, რა გინდა, ანუ მენუკევ მე რასა? მაგა საქმესა ვერა იქს ვერცა კალამი წერასა. შენ ერთხელ იტყვი, “მითხარო”, მე ასჯერ გითხრობ “ვერასა”; ვითა ტირილი სიცილსა, მიჯობს ვაგლახი მღერასა”.

233. “ქალო, არ იცი, სით მოვალ, რა ჭირნი მომითმენიან, ოდითგან ვეძებ ამბავთა, ესე არვისგან მსმენიან; შენ მიპოვნიხარ, სიტყვანი ჩემნი რაზომცა გწყენიან, ვერ დაგეხსნები, მიამბე, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან!”.

234. ქალმან უთხრა: “რას შეგესწარ, მე ვინ ვარ და ანუ შენო? მზე არ მახლავს, შეგეტყვების, თრთვილო, ასრე მით მაწყენო! გრძელი სიტყვა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო: ვერასათვის ვერ გიამბობ, რაცა გინდა, იგი ქმენო!”

235. კვლაცა ჰკითხა ზენარობით, მიუყარნა მუხლნი წინა, მაგრა ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა. პირსა ზედა გაგულისდა, თვალთა სისხლი მოედინა, ადგა, თმათა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა.