ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

255. ქალმან უთხრა: “მომეწონა, ყმაო, შენი ნაუბარი. ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე, ბრძენთა საქებარი; ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი, რაცა გითხრა, მომისმინე, გიპოვნია საძებარი.

256. იმა მოყმისა ამბავი არსადა არ იპოვნების; თვით თუ არ გითხრობს, არ ითქმის, არვისგან დაიხსოვნების მოილოდინე, მოვიდეს, რაზომცა დაგეყოვნების, დადუმდი, ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნების!

257. გითხრა, თუ ცოდნა გწადიან მისისა შენ სახელისა: ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა; მე ასმათ მქვიან, რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა, სულთქმა სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა.

258. ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა: ისი მინდორს არონინებს ტანსა მტერთა, მემაჯანსა, ვჭამ, გლახ, მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა, აწვე მოვა, არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა.

259. ამას გვედრებ, მოიცადო თავი სხვაგან არსად არო; რა მოვიდეს, შევეხვეწო, ნუთუ ვით რა მოვაგვარო; ერთმანერთსა შეგამეცნნე, თავი შენი შევაყვარო, თვით გიამბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო”.

260. ქალსა ყმამან მოუსმინა, დამორჩილდა, დართო ნება. ამას ზედა მოიხედნეს, ხევით ესმა ჩხაპუნება; მთვარე წყალსა გამოსრული ნახეს, შუქთა მოვანება, უკურიდნეს, აღარა ქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება.

261. ქალმან უთხრა: “ყმაო, ღმერთმან მოგცა, ჟამად, რაცა გინა, მაგრა თავი უჩინოქმენ, დამალული იყავ შინა; იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინ-ა; ნუთუ ვით რა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა”.

262. ავთანდილ ქვაბსა დამალა ქალმან მალვითა მალითა. იგი ყმა ცხენსა გარდახდა, შვენოდა კაპარჭ-ხრმალითა, ატირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა, ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა.

263. ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან. დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან; შეჰხსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან; დადუმდეს, ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან.

264. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე, საკნით ნააზატები. მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები; მას ზედა დაჯდა იგი ყმა, სულთქვამს ჭირმონამატები, სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები.

265. მან ქალმან ხელყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა, ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა, შეუქნელისა; მიუპყრა, ერთი ახლიჩა, — ქმნაა საქმისა ძნელისა,— ძალი არ ჰქონდა, დაუწყო გამოყრა უცოხნელისა.

266. ცოტად მიწვა, მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი; შეკრთა, დიდნი დაიზახნა, წამოვარდა ვითა რეტი, იზახდის და წამ-წამ იკრის გულსა ლოდი, თავსა კეტი. ცალკერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენაჭვრეტი.

267. “რად დაჰბრუნდი? — მოახსენა, — “მითხარ, რაცა წაგეკიდა!” მან უბრძანა: “მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა, ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა, იგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩა მარეკი, და-.

268. “სევდად მეცა კაცთა ნახვა, ცეცხლი უფრო გავიალე, — არ მივეო ახლოს შეყრად, თავი ჩემი შევიწყალე, მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე.” თქვა: ,,ნუთუმცა უკუმრიდა, რა გათენდეს, წავალ ხვალე”.

269. ქალსა ცრემლი გარდმოსცვივდა ას-ნაკეცნი, ბევრისბევრად, მოახსენა: “მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად, არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად; მას მაგითა ვერა არგებ, დღეთა შენთა ცუდად ლევ რად?

270. ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია. ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია, გეახლოს და არ გაშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია. შენ მოჰკვდე და იგი წახდეს, ესე შენთვის რა მადლია?”

271. უბრძანა: “დაო, ეგეა მსგავსი შენისა გულისა, მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა! ვის ძალ-უც პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ-მოსრულისა? ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა.

272. ღმერთმან სხვამცა ეტლსა ჩემსა რაცა კაცი რად დაჰბადა, სიახლე და საუბარი თუ-მცა მისი მე მეწადა! ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა? შენგან კიდე ხორციელი, დაო, მივის არასადა”.

273. ქალმან ჰკადრა: “არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯ დია; რათგან, ღმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია, ვერ დავმალავ, უკეთესი, რაცა საქმე გამიცდია. არა ვარგა უსაზომო, ზომსა თავი გარდგიხდია.”

274. ყმამან უთხრა: “რას მენუკევ, არა ვიცი, გამიცხადე. კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე! ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე! განაღამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიხადე”.